გადაწყვეტილება №27636/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27636/2/2026
07 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 22.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27636/2/2026).
დავის საგანი:
1. მომსახურების გამწევი პირების დაქირავებულ პირებად განხილვა და ხელფასის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. თურქული საწარმოსთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. სალაროდან სესხის სახით გაცემული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
4. ფულის ნაშთის დირექტორის სარგებლად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №11133 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 239 910,41 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 066,43
მოგების გადასახადი - 5 353,44
საშემოსავლო გადასახადი -138 712,99
ჯარიმა - 72 033,8
საურავი - 23 810,18
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო სექტორი, კერძოდ შენობების სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 18 აპრილს, დღგ-ის გადამხდელად - 2023 წლის 23 მარტს.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №11133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მომსახურების გამწევი პირების დაქირავებულ პირებად განხილვა და ხელფასის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას უწევს მხოლოდ იურიდიულ პირებს. სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას, კერძოდ: „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ) და „-------“ (პ/ნ „-------“, ფ/პ). მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას მომჩივანისგან და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დაგახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
- კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას, რომელთა ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას შპს „-------“-სგან და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან. შედეგად, რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად;
- ასევე, შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი. ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დროს, დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი;
- გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე, არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;
- შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, შედეგად, გამოვლინდა ფულის ნაშთი 141 615 ლარის ოდენობით (აგროსვის გარეშე), რაც დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 2 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა (გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გადაეგზავნა შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები) ფულის ნაშთის გაანგარიშებას და წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო გონივრული ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს იმპორტირებული სახანძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას ობიექტზე, აღნიშნული სამუშაოები ყოველთვის არის კონკრეტული რაოდენობის, კონკრეტულად დადგენილ პერიოდში უნდა შესრულდეს და სპეცილური ცოდნის მქონე პირმა უნდა შეასრულოს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე შპს „-------“ (ს/ნ „-------“) მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს კონკრეტულად ამ ტიპის სამუშაოების შემსრულებელ ინდივიდუალურ მეწარმეებთან (კერძოდ: „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე),„-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ), ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტაციის მიწოდება სრულად მოხდა აუდიტორის მოთხოვნისთანავე, თუმცა საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც აუდიტორმა მომსახურე ინდივიდუალური მეწარმეები დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
თითოეულ ინდივიდუალური მეწარმესთან (კერძოდ:„-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე),„-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ), გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომჩივანის ვალდებულებას არ წარმოადგენდა მომსახურე ინდივიდუალური მეწარმეების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათთან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ყველა ინდივიდუალური მეწარმე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წესით, რაც ადვილად დადასტურდება გადამხდელთა რეესტრში მათი გადამოწმებით. ასევე აუდიტორის მიერ არ მოხდა იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ თითოეული მომსახურე ინდივიდუალური მეწარმე შესრულებულ სამუშაოზე ახდენდა საგადასახადო დეკლარირებას და იხდიდა გადასახადს. არ მოხდა წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების შესწავლა და გათვალისწინება, სადაც დეტალურადაა აღწერილი სამუშაოების შესრულების პირობები.
არამართლზომიერია აუდიტორის გადაწყვეტილება, რომ ინდივიდუალური მეწარმეების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან მომჩივანის პასუხისმგებლობა იყო, ხოლო არგუმენტები, რომელიც აუდიტორს მოჰყავს ამ საკითხის განსამტკიცებლად შეუსაბამოა რეალობასთან და არ დასტურდება დოკუმენტების საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას, კერძოდ: „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ) და „-------“ (პ/ნ „-------“, ფ/პ). მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას მომჩივანისგან და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან.
მომჩივანი განმარტავს, რომ „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლიდან და კომპანიისთვის სამუშაოების შესრულებამდე 2 კომპანიიდან იღებდა ანაზღაურებას. ამ პირებთან ხელშეკრულებები ცალსახად არის მომსახურების ხელშეკრულება და რატომ დააკვალიფიცირა შემმოწმებელმა შრომით ხელშეკრულებებად გაურკვეველია.„-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ) ბოლო 8 თვეა წარმოადგენს კომპანიის დაქირავებულ პირს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ერთი ან ორი თვის განმავლობაში ფიზიკური პირები კომპანიაში იყვნენ დაქირავებული და ურიცხავდნენ ხელფასს. ასევე ხდებოდა საკვალიფიკაციო კურსების დაფინანსება. პირები შეყვანილი ყავდათ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში განაცემების ნაწილშიც.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ „-------“-ის (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“-ის (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე) და „-------“-ის (პ/ნ „-------“, ფ/პ) დაქირავებულ პირებად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აღნიშნული 3 პირის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს „-------“-ის (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“-ის (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე) და „-------“-ის (პ/ნ „-------“, ფ/პ) დაქირავებულ პირებად განხილვის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, მათ შორის დაქირავებით მუშაობისა და მომსახურების გაწევის განმასხვავებელი ნიშნების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული კითხვარის გათვალისწინებით.
2. თურქული საწარმოსთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია დამკვეთისთვის ხელშეკრულების და ინვოისების საფუძველზე ახორციელებს შენობებისთვის აუცილებელი სახანძრო სისტემების იმპორტს თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. დირექტორის განმარტებით მოხდა არასწორი შეკვეთის გაფორმება, აღნიშნული გადახდა წარმოადგენს კომპანიისთვის ზარალს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობიდან გამომდინარე თურქული საწარმოებიდან ახორციელებს პროდუქციის იმპორტს, ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის „-------“ („-------“) (საკონტაქტო ინფორმაცია: „-------“), რომლიდანაც მომჩივანი ცეცხლმედეგი ბინის და სახანძრო კარის იმპორტს ახორციელებს, აღნიშნულ ქარხანასთან კარის შეკვეთის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა შეკვეთის ტექნიკური მონაცემების ერთ ფურცელში არასწორად ეწერა შესაკვეთი კარის ზომა (3.07.2023 რიცხვის ინვოისი №003), რის გამოც ქარხანამ კარი დაამზადა 20 სმ-ით უფრო პატარა (სიმაღლე 200 სმ, ნაცვლად 220 სმ-ის), ვინაიდან აღნიშნული კარის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილ სტანდარტთან შეუსაბამოა (საქართველოს მთავრობის დადგენილება №41; 2016 წლის 28 იანვარი; ტექნიკური რეგლამენტის „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე ქვეთავი 1008.1.1 კარების ზომა), შესაბამისად გამზადებული შეკვეთა სრულად უვარგისი აღმოჩნდა, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, საწარმოს დირექტორის, „-------“-ის (პ/ნ „-------“) მიერ მოხდა პირადი ვიზიტი მწარმოებელთან, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ დამზადდებოდა სწორი ზომებით ხელახალი შეკვეთა, მომჩივანი მიიღებდა მცირე ფასდაკლებას ხელახალ შეკვეთაზე და ასევე არასწორად დამზადებული კარის გაყიდვას საწარმო უზრუნველყოფდა სხვა ისეთ ქვეყანაში სადაც, აღნიშნული კარი თავისი ზომით მისაღები იქნებოდა, წუნდებული პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხიდან საწარმო აიღებდა დარჩენილ 50%-ს (არასწორი შეკვეთის ავანსი უკვე გადახდილი იყო 3.07.2023 წ, ქვითრით №17700420565, 16 380 აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენ თანხას დაუბრუნებდა მომჩივანს, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმდა ხელახალი შეკვეთა სწორი ზომებით, (8.08.2023 რიცხვის ინვოისი №005), რომელიც 2023 წლის 15 სექტემბერს განბაჟდა "-------" დეკლარაციით.
თურქული საწარმოსთან „-------“ („-------“) სახანძრო და ბინის კარის შეკვეთის საკითხის განხილვა მოხდა არამართლზომიერად, რადგან აუდიტორის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მეორე ნაწილს (წუნდებული პროდუქციის ქარხნის მიერ რეალიზაციას), აღნიშნული საკითხი დღემდე არ არის დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, ასევე უნდა ითქვას, რომ იგივე საკითხი, მიმდინარე აუდიტის ჩატარებამდე შესწავლილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის ელექტრონული შემოწმების დროსაც, გაუგებარია ერთი და იმავე საკითხის შესწავლისას ერთი და იმავე დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, რატომ ჰქონდა განსხვავებული პოზიცია ელექტრონული შემოწმების დროს გაითვალისწინეს, რომ მხარეებს შორის არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული, ხოლო სხვა აუდიტორის მიერ არ მოხდა ამ ფაქტის გათვალისწინება და მოხდა აღნიშნული თანხის დაბეგვრა.
3.სალაროდან სესხის სახით გაცემული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, აღნიშნულ თანხაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სალაროდან გაცემული თანხა ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დაგახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, რომლის გაცემაც მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც დასტურდება 2025 წლის 30 მაისის ხელშეკრულებითა (№001/1) და თანხის ნაღდი წესით გაცემის აქტის საფუძველზე 12 თვის ვადით, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნობრიობით (თანხის გაცემა ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მსესხებელ „-------“-ის (პ/ნ „-------“) პირად ანგარიშებზე წარმოდგენილი იყო ყადაღა).
სალაროდან სესხის სახით გაცემულ 35 083 ლართან დაკავშირებით აუდიტორის პოზიცია არამართლზომიერია, ვიანიდან აღნიშნული საკითხის შეფასება არ მოხდა საგადასახადო კოდექსის 922 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტორის მიერ მოყვანილი არგუმენტები, რომ არ დასტურდება თანხის დაბრუნება და თანხის გაცემის მიზნობრიობა, მიუთითებს, რომ მის მიერ უარყოფილია საკონტრაქტო პირობები, რომელიც ხელშეკრულებაში (2025 წლის 30 მაისის №001/1 სესხის ხელშეკრულება) გარკვევით არის მითითებული, კერძოდ: თანხის გასესხების პერიოდი (2025 წლის 30 მაისის №001/1 სესხის ხელშეკრულების პირველი მუხლის, პუნქტი 1.4 სესხის ვადა შეადგენს 12 თვეს) და მიზნობრიობის საკითხიც ცალსახადაა აღნიშნული (2025 წლის 30 მაისის №001/1 სესხის ხელშეკრულების პირველი მუხლის, 1.3 წლიური საპროცენტო სარგებელი 12 პროცენტი).
4. ფულის ნაშთის დირექტორის სარგებლად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გამოვლინდა ფულის ნაშთი 267 090 ლარის ოდენობით, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუღებელი და ბუნდოვანია რა არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დაადგინა აუდიტორმა მის მიერ დაანგარიშებული სალაროს ნაშთი 267 090 ლარი. ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორს შესთავაზა აღნიშნული საკითხის ერთად გავლა, რაც მისი მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ასევე მოთხოვნის მიუხედავად არ მოხდა იმ დოკუმენტაციის მიწოდება, რის საფუძველზე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა და მოახდინა მისი დაბეგვრა, რაც საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. აღნიშნული საკითხი დავების განმხილველ საბჭოზეც განიხილეს, თუმცა არ ხდება დადგენა დათვლის პრინციპის.
შესამოწმებელი პერიოდის შესწავლა მოხდა შემჭიდროვებულ ვადებში, რაც თავისთავად აისახა შემოწმების ხარისხსა და შემოწმებული საკითხების საფუძვლიან მოკვლევაზეც, აუდიტი დაინიშნა 2025 წლის 16 ივნისს, აუდიტის დანიშვნის შემდეგ კომპანიის მიერ ეტაპობრივად ხდებოდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება შესაბამისი წესით (ელექტრონული გზით), თუმცა აუდიტორმა რეალურად საკითხის შესწავლა დაიწყო 2025 წლის დეკემბერში, ზემოთხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე აუდიტორისთვის საკმარისი არ იყო აღნიშნული დრო, რომ სრულყოფილად დაემუშავებინა და შეესწავლა მომჩივანის სამ წლიანი საქმიანობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. დირექტორის განმარტებით მოხდა არასწორი შეკვეთის გაფორმება, აღნიშნული გადახდა წარმოადგენს კომპანიისთვის ზარალს. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, აღნიშნულ თანხაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. გამოვლინდა ფულის ნაშთი 267 090 ლარის ოდენობით, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
მომჩივნის განმარტებით, მექანიკური შეცდომის გამო არასწორად ეწერა შესაკვეთი კარის ზომა, ეს არ იყო მხოლოდ შემკვეთის შეცდომა. უცნობია, მოხდა თუ არა თურქული კომპანიის მიერ რეალიზაცია და დღემდე ეს საკითხი გადასაწყვეტია. მიმდინარე აუდიტის ჩატარებამდე შესწავლილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის ელექტრონული შემოწმების დროსაც და გაითვალისწინეს, რომ მხარეებს შორის არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული, ხოლო სხვა აუდიტორის მიერ არ მოხდა ამ ფაქტის გათვალისწინება და მოხდა აღნიშნული თანხის დაბეგვრა. თანხა ისესხა საკუთარი კომპანიიდან, მეთოდური მითითება ითვალისწინებს რამდენიმე დაბეგვრის ვარიანტს. თუ თანხა დაბეგრილია როგორც სესხის გაცემა, არ აქვს პრეტენზია. სალაროს ნაშთის ოდენობა როგორ არის დათვლილი უცნობია, გამოგზავნილია ერთ გვერდიანი ცხრილი, სადაც მითითებულია თანხები გაშიფვრის გარეშე. ოფისში მიმდინარეობდა რემონტი და დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი ჰქონდა სახლში შენახული. შეთავაზების დროს, რომ მოიტანდა აღნიშნულ თანხას, ჰკითხეს ეწეოდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას იმ მისამართზე, რაზეც განუმარტა, რომ იმ სახლში ცხოვრობდა და არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას.
აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2026 წლის №„-------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას, კერძოდ: „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ) და „-------“ (პ/ნ „-------“, ფ/პ). მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას მომჩივანისგან, თუმცა გადასახადების ადმინისტრირების საერთო სისტემის მონაცემებით აღნიშნულ პირებს არ აქვთ წარდგენილი მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციები. საწყის ეტაპზე მიღებული მომსახურება საზოგადოებას დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან, ვინაიდან წარმოადგენდნენ კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს, აგრეთვე დაფინანსებული აქვს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლის საფასური. შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით, რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი. ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12837 ბრძანების საფუძველზე 20.06.2025 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დაფიქსირდა ფულის ნაშთი 1 280 ლარის ოდენობით, დირექტორის განმარტებით ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გარკვეული თანხა ინახება საცხოვრებელ ბინაში. შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან დირექტორის მიერ სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი. შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, გამოვლინდა ფულის ნაშთი 141 615 ლარის ოდენობით, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მე-2 (თურქული საწარმოსთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა), მე-3 (სალაროდან სესხის სახით გაცემული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა) და მე-4 (ფულის ნაშთის დირექტორის სარგებლად ჩათვლა) სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №11133 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, სადავო საკითხების ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ არამართლზომიერია აუდიტორის გადაწყვეტილება.
2.მომჩივანისთვის გაუგებარია ერთი და იმავე საკითხის შესწავლისას ერთი და იმავე დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, რატომ ჰქონდა განსხვავებული პოზიცია.
3.გადამხდელი მიიჩნევს,რომ სალაროდან სესხის სახით გაცემულ თანხასთან დაკავშირებით აუდიტორის პოზიცია არამართლზომიერია.
4.გადამხდელი არ ეთანხმება დაანგარიშებული სალაროს ნაშთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას უწევს მხოლოდ იურიდიულ პირებს. სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას.მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას საწარმოსგან და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დაგახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.კომპანია დამკვეთისთვის ხელშეკრულების და ინვოისების საფუძველზე ახორციელებს შენობებისთვის აუცილებელი სახანძრო სისტემების იმპორტს თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. დირექტორის განმარტებით მოხდა არასწორი შეკვეთის გაფორმება, აღნიშნული გადახდა წარმოადგენს კომპანიისთვის ზარალს.გადამხდელს დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა.
3.ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სალაროდან სესხის სახით გატანილია თანხა, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სალაროდან გაცემული თანხა ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დაგახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა.
4.შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გამოვლინდა ფულის ნაშთი,რაც დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დაქირავებულ პირებად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,.