გადაწყვეტილება №27792/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27792/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 14.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27792/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება არასრულად შევსებული სასაქონლო ზედნადებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2026 წლის №CB1924088 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2026 წლის №15335 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 100 ლარი.
ფაქტების აღწერა
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (საიზოლაციო ღრუბელი ფოლგით) არასრულად შევსებული სასაქონლო ზედნადებით ტრანსპორტირებისთვის მომჩივანს, 9.06.2026 წლის №CB1924088 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.07.2026 წლის №15335 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 291-ე მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 251 მუხლის პირველი პუნქტით და მე-4 პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებულ ოქმში მითითებულ ავტომანქანაზე არსებულ საქონელზე გაწერილი იყო სასაქონლო ზედნადები (№ელ---) და ეს საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს. გასაჩივრებულ ოქმში მითითებული ავტომობილი (სახ. №---) არ წარმოადგენს შპს ---ის სატრანსპორტო საშუალებას და არც ხსენებული ავტომობილის მძღოლი არ არის შპს ---ს თანამშრომელი. მოცემულ შემთხვევაში არსებული რეგულაციების თანახმად აღიარებულია საქონლის რეალიზაციის ფაქტი. მყიდველზე სასაქონლო ზედნადების გაწერის დროს მყიდველს არ ჰქონდა გარკვეული, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებით მოახდენდა საქონლის ტრანსპორტირებას.
შესაბამისად, ხსენებულ სასაქონლო ზედნადებში ვერ იქნა ასახული ტრანსპორტის და მძღოლის მონაცემები. საქონელი, მყიდველს ჩაბარდა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით (---), საიდანაც, საქონლის ტრანსპორტირება უნდა მოეხდინა მყიდველს თავისი ხარჯებით. მყიდველის არჩევანი იყო საქონლის ტრანსპორტირებას ავტობუსით, სამარშრუტო ტრანსპორტით თუ ტაქსით მოახდენდა.
სასაქონლო ზედნადების გაწერის დროს ტრანსპორტის და მძღოლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. შესაბამისად, არ მოხდა მისი ხსენებულ ზედნადებში ასახვა. ასევე საყურადღებოა ის, რომ ტრანსპორტირების ხარჯის გამწევად დასახელებულ ზედნადებში მითითებულია მყიდველი. ეს არ არის ის შემთხვევა, რასაც შეიძლება სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება ეწოდოს. თავის მხრივ, სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტის და მძღოლის მონაცემების არ არსებობისათვის საგადასახადო კოდექსით არ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. არც გასაჩივრებული ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს არ არის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა. მოცემულ შემთხვევაში ხსენებული ნორმის არასწორ (სსკ-ის 136.4. მუხლი) განმარტებას აქვს ადგილი. დასახელებული ნორმა არ ადგენს სასაქონლო ზედნადებში ავტომაქანის ან/და მძღოლის მონაცემების იმგვარად შევსების სავალდებულოობას, რომ მისი შეუსრულებლობა იწვევდეს მძღოლის პასუხისმგებლობას.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტიურად სასაქონლო ზედნადებში მონაცემების არ არსებობამ, არ შეიძლება იქონიოს არსებითი გავლენა შედეგზე. სასაქონლო ზედნადების გამოწერის სავალდებულოობა საქონლის რეალიზაციის კონტროლს ემსახურება და ამ წესის დაუცველობა ითვლება სამართალდარღვევად. განსახილველ შემთხვევაში სასაქონლო თარიღი და ელ. ნომერი, დოკუმენტის შედგენის დასახელება და სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეები, მძღოლის და/ან ტრანსპორტის რაოდენობა მითითებული იყო. საკითხი თავისი მნიშვნელობით არსებითია. აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს კომპანიის საქმიან რეპუტაციაზე. მოცემულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს მსგავს შემთხვევებში, როცა მყიდველი ყიდულობს რაიმე საქონელს და თვითონ (მყიდველი) თავისი ხარჯებით ახდენს მის ტრანსპორტირებას ისე, რომ შევსების დროს ვერ ხერხდება ტრანსპორტის და მძღოლის დადგენა (მყიდველი ისარგებლებს ტაქსით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით), ამასთან ასეთი ინფორმაცია სასაქონლო ზედნადების გაწერის დროისთვის არ არსებობს, უნდა ჩაითვალოს თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევად. ითხოვს სადავო აქტების ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ზედნადების მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა და მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის №67656-21-12 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა შემდეგი: 9.06.2026 წლის 11:55 საათზე ქ. ---ში, ----ს ქუჩაზე, გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. №----), რომლითაც --- (პ/ნ ---) ახდენდა შპს ,,---”-ს (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (საიზოლაციო ღრუბელი ფოლგით) ტრანსპორტირებას. ---მ განმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი იყო შპს ,,---”-ს (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისთვის, რომელიც შეიძინა შპს ,,----“-სგან (ს/ნ ---).
დადგინდა, რომ შპს ---ს (ს/ნ ---) მიერ ზემოაღნიშნულ საქონელზე გამოწერილ ელ. სასაქონლო ზედნადებში (№--- ) არ იყო მითითებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ---ს განმარტებით კი, საქონლის შეძენისას მის მიერ მიწოდებული იყო ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების და მძღოლის შესახებ. შპს ,,---”-ს (ს/ნ ----) მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 136 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1924088 და მომჩივანს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მომჩივანმა, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელზე (საიზოლაციო ღრუბელი ფოლგით) გამოწერილ ზედნადებში არ შეიტანა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი. აღნიშნულზე მომჩივანი განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების გაწერის დროს ტრანსპორტის და მძღოლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. შესაბამისად, არ მოხდა მისი ხსენებულ ზედნადებში ასახვა. ასევე საყურადღებოა ის, რომ ტრანსპორტირების ხარჯის გამწევად დასახელებულ ზედნადებში მითითებულია მყიდველი. ეს არ არის ის შემთხვევა, რასაც შეიძლება სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება ეწოდოს. თავის მხრივ, სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტის და მძღოლის მონაცემების არ არსებობისათვის საგადასახადო კოდექსით არ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, არც გასაჩივრებული ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს არ არის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა. მომჩივნის აღნიშნული არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მომჩივანი ვალდებული იყო უზრუნველეყო სასაქონლო ზედნადების სრულყოფილად შევსება. შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მომჩივანს, მართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება არასრულად შევსებული სასაქონლო ზედნადებით.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მომჩივანმა, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონელზე (საიზოლაციო ღრუბელი ფოლგით) გამოწერილ ზედნადებში არ შეიტანა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი.
ასევე მომჩივნის მიერ ზემოაღნიშნულ საქონელზე გამოწერილ ელ. სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ა მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. საწარმოს მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 136 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მომჩივანს, მართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 291.