ბრძანება N 19714
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19714
09 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 27 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 27 ივლისის №97126/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №006-247 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის ფ/პ ---ზე გაცემულ სესხად განხილვას. განმარტავს, რომ სისხლის ბანკის შენობის შესყიდვა განხორციელდა 2010 წელს, ღია აუქციონზე, იმ პირობით რომ ორგანიზაციას უნდა შეენარჩუნებია პროფილი. შენობის ფართი იყო 7 000 კვადრატული მეტრი და იყო მძიმე მდგომარეობაში, შესაბამისად, მოითხოვდა სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრის შექმნა, რასაც დიდძალი ფინანსური რესურსი დასჭირდა. კომპანიას ეს რესურსი არ გააჩნდა და იძულებული იყო აეღო სესხი. ფ/პ ----ს შპს ,,---თვის“, სესხის სახით გადაცემული აქვს თანხები. შესაბამისად, მას შემდეგ რაც კომპანიას გაუჩნდა შესაძლებლობა დაებრუნებინა ფ/პ ---თვის სესხად აღებული თანხები, კომპანიამ დაიწყო ამ თანხების დაბრუნება.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №6296 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის --- ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15431 ბრძანება და 9 ივლისის №006-247 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 275 357 ლარი, მათ შორის, გადასახადი 173 333 ლარი, ჯარიმა 86 214 ლარი, საურავი 15 810 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----ის ---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.07.1995 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 26.02.2017 წელს. შპს 100% წილით დაფუძნებულია „შპს ---ს“ მიერ (ს/ნ ---). საწარმოს აქვს მხოლოდ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. შპს დამფუძნებლისგან იჯარით აღებულ ფართში ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. კერძოდ, იბარებს სისხლს, (სისხლის ჩაბარებას აქვს როგორც უანგარო, ისე ანგარებიანი ხასიათი), რომლისგანაც ხდება ძირითადად პლაზმისა და ერითმასის წარმოება და მიწოდება მხოლოდ დოკუმენტურად სამედიცინო დაწესებულებებზე. საწარმო ბუღალტერიას აწარმოებს არასრულყოფილად, შესაბამისად შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციებისა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაციებით. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად გონივრული ნაშთის გათვალისიწინებით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განკარგვადი თანხა, რომელიც შეადგენს 728 996 ლარს. როგორც ბანკიდან, ისე საწარმოს მიერ წარმოდგენილ არასრულყოფილ ბუღალტერიაში სალაროდან გასულია თანხები ფ/პ ---ზე, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დასაქმებულ პირს, აღსანიშნავია ისიც, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №25487 ბრძანებით 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 სექტემბრამდე საგადასახადო პერიოდზე ჩატარადა შპს „---ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვითაც ფ/პ ---ის მიერ საწარმოდან გატანილი თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ ----ზე გაცემულ სესხებად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმო ბუღალტერიას აწარმოებს არასრულყოფილად, შესაბამისად შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით.
ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად გონივრული ნაშთის გათვალისიწინებით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განკარგვადი თანხა. როგორც ბანკიდან, ისე საწარმოს მიერ წარმოდგენილ არასრულყოფილ ბუღალტერიაში სალაროდან გასულია თანხები ფ/პ ---ზე, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დასაქმებულ პირს, შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ ---ზე გაცემულ სესხად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ ---ზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის ფ/პ-ზე გაცემულ სესხად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმო ბუღალტერიას აწარმოებს არასრულყოფილად, შესაბამისად შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით.
ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად გონივრული ნაშთის გათვალისიწინებით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განკარგვადი თანხა. როგორც ბანკიდან, ისე საწარმოს მიერ წარმოდგენილ არასრულყოფილ ბუღალტერიაში სალაროდან გასულია თანხები ფ/პ-ზე, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დასაქმებულ პირს, შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ-ზე გაცემულ სესხად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ-ზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4;9); 982 (3 ,ზ); 982 (8); 269 (7).