ბრძანება N 25881
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25881
09 დეკემბერი 2024
ბრძანება
უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე "--------"-ის (პასპ. № "--------")
(მის.: "--------")
2024 წლის 25 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა "--------"-ის (პასპ. № "--------") №195259/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 18 ნოემბრის №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2024 წლის 18 ნოემბერს, მისი მართვის ქვეშ მყოფი უკრაინაში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანით (ტრაილერით), შემოსვლისას სატვირთო ავტომანქანის ავზებში აღმოაჩნდა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელის საწვავი. მას არ დაუმალავს საბაჟო თანამშრომლებისთვის, რომ ავტომანქანის ორივე ავზში ჰქონდა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელის საწვავი, რადგან ახორციელებდა ტრანზიტულ მოძრაობას უკრაინის მიმართულებით და შესაბამისად საწვავის გარეშე ვერ იმოძრავებდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ორივე საწვავის ავზი არის ქარხნულად დამონტაჟებული, დაკავშირებული ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად.
შესაბამისად, არის ქარხნული მოდიფიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ მან განუმარტა საბაჟო თანამშრომლებს, რომ მისთვის უცნობი იყო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესახებ, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის ცნეს სამართალდამრღვევად და დააჯარიმეს. მისთვის არ განუმარტავთ რომ ვალდებული იყო დაედეკლარირებინა სატვირთო ავტომანქანის ავზებში 500 ლიტრზე მეტი რაოდენობის საწვავი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 18 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ საბაჟო კონტროლის ზონაში "---------"-ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი № "--------" სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა უკრაინის მოქალაქე "---------" ( "--------"; პასპორტის № "--------"). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ავზებში ესხა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ვინაიდან "---------"-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ავზებით 500 ლიტრზე მეტი ოდენობის დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას, აღნიშნული ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 18 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "--------"-ს (პასპორტის № "--------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საწვავის შემოტანასთან მიმართებაში დადგენილია შეზღუდვა:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „------- -ის “, „-------- -ის “ ან „------- ის “ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებში: „ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 500 ლიტრს“ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზებში, ნაცვლად კანონმდებლობით დაშვებული 500 ლიტრი საწვავისა, მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 650 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, რაც დეკლარირებულ საქონლად არ განიხილება და ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (დიზელის ტიპის საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (მათ შორის ტრანზიტულად) და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებისა და მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "--------"-ის (პასპ. № "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოვიდა ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა უკრაინის მოქალაქე.საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ავზებში ესხა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ავზებით 500 ლიტრზე მეტი ოდენობის დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას, აღნიშნული ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
168(4).