ბრძანება N 19050
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19050
24 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 29 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-----" (ს/ნ ------) 2026 წლის 29 ივლისის №103724/1/2026 და №103725/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №-----საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება ტურისტული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობა რეალურად დაკავშირებული იყო უცხოელი ტურისტებისთვის ტურისტული მომსახურების ორგანიზებასთან, რომელიც მოიცავდა სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფას, ტრანსპორტირების ორგანიზებასა და კვების უზრუნველყოფას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ ასახავდა მომსახურების ყველა კომპონენტს, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ შესაბამისი მომსახურება ფაქტობრივად არ განხორციელებულა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა მომსახურებაზე არ იყო დაცული სრულყოფილი დოკუმენტაცია, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება საგადასახადო შეღავათის გამოყენების ავტომატური უარყოფის საფუძველი. საგადასახადო ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეეფასებინა არსებული მტკიცებულებები მათი ერთობლიობით, საქმის ეკონომიკური შინაარსისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა, უცხოელი ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. აღნიშნული ნორმის ზედმეტად ფორმალისტური განმარტება და საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე უარის თქმა მხოლოდ დოკუმენტაციის ფორმალური შეფასების საფუძველზე ქმნის გაუმართლებელ ბარიერს იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც რეალურად ემსახურებიან უცხოელი ტურისტების საქართველოში შემოყვანასა და მათთვის ტურისტული მომსახურების გაწევას. ასეთი, მიდგომა უარყოფითად აისახება ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, ამცირებს ბიზნესის მოტივაციას განახორციელოს მსგავსი საქმიანობა და, საბოლოოდ, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიზანს, ისე სახელმწიფოს ინტერესს ტურისტული ნაკადების ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
განმარტავს, რომ კომპანია მთელი საქმიანობის განმავლობაში მოქმედებდა კეთილსინდისიერად, არ ჰქონია საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების ან არამართლზომიერი საგადასახადო უპირატესობის მიღების მიზანი, ხოლო ყველა განხორციელებული ოპერაცია ასახული იყო საგადასახადო დეკლარაციებსა და საბუღალტრო აღრიცხვაში. ამასთან, საგადასახადო ორგანომ საქმის შეფასებისას უპირატესობა მიანიჭა მხოლოდ დოკუმენტაციის ფორმალურ მხარეს და სათანადოდ არ გამოიკვლია ოპერაციების რეალური ეკონომიკური შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მის მიმართ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21839 და 2026 წლის 31 მარტის №7326 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგრიშგებო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 12 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივნისის №13052 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 267 ლარი, მათ შორის გადასახადი 132 734 ლარი, ჯარიმა 67 615 ლარი და საურავი 12 918 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 2 ნოემბერს. დამფუძნებელი და დირექტორია -----. კომპანიის საქმიანობის სფეროა „ტურისტული სააგენტოების საქმიანობები“. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ სასტუმროს მომსახურებებზე. ამავე თვეში მიღებული ძირითადი შემოსავალი ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხები დანიშნულებით - „ნავაჭრი“. გადამხდელი მიღებულ შემოსავალს ადეკლარირებს, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა შესასწავლ პერიოდთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა. წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდება სასტუმროს მომსახურების გარდა სხვა ტიპის მომსახურებზე ხარჯის გაწევა. მიღებულ შემოსავალზე წარმოდგენილია ხელმოუწერელი ინვოისები, სადაც საფუძველში მითითებულია - (------), თუმცა რას გულისხმობს აღნიშნული მომსახურება, შესრულდა თუ არა ან/და ვის გაეწია მომსახურება წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდება ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნებს და არ იკვეთება დეკლარირებული ბრუნვის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 13 აგვისტოს 13:30 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „შ“, „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;
ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;
ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტურისტული მომსახურება − ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ მოგზაურობის დროს ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მომსახურება. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ტურისტის ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობისას. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიზნებისთვის ტურისტული მომსახურებებია:
ჰ.ა) ტურისტის ტრანსპორტირება;
ჰ.ბ) განთავსების მომსახურება, რომელიც ტურისტის ტრანსპორტირების შემადგენელი ნაწილი არ არის და განკუთვნილი არ არის საცხოვრებელი მიზნებისთვის;
ჰ.გ) ავტომობილის, სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების (რომელიც არანაკლებ 25 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ან მოტოციკლის, რომლის მართვა A კატეგორიის მართვის მოწმობას მოითხოვს) გაქირავება;
ჰ.დ) ნებისმიერი სხვა ტურისტული მომსახურება, რომელიც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ და „ჰ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტურისტული მომსახურებების ნაწილი არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით კომპანიის საქმიანობის სფეროა „ტურისტული სააგენტოების საქმიანობები“. გადამხდელი მიღებულ შემოსავალს ადეკლარირებს, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისთვის წარდგენილ საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდება სასტუმროს მომსახურების გარდა სხვა ტიპის მომსახურებზე ხარჯის გაწევა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდება ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, ვინაიდან, გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ტურისტული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ტურისტული სააგანტოს მომსახურება. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს მხოლოდ სასტუმროს მომსახურებაზე, ხოლო საბანკო ანგარიშზე შემოსული თანხები, დანიშნულებით „ნავაჭრი“, დეკლარირებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად.გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით სასტუმროს მომსახურების გარდა სხვა ხარჯი არ დასტურდება, ხოლო შემოსავალზე წარმოდგენილი ხელმოუწერელი ინვოისები შეიცავს მხოლოდ ზოგად ჩანაწერს საიდანაც ვერ დგინდება მომსახურების არსი, მისი ფაქტობრივად შესრულება ან ადრესატი. წარმოდგენილი მასალებით ასევე ვერ დასტურდება უცხოელი ტურისტის ორგანიზებულად შემოყვანისა და მისთვის ტურისტული პროდუქტის მიწოდების ფაქტი, რაც აუცილებელია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების გამოსაყენებლად. აღნიშნულის საფუძველზე დეკლარირებული ბრუნვა ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი შეღავათის პირობებს, რის გამოც შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;163;164;172