გადაწყვეტილება №25888/2/2025
📄 სრული ტექსტი
№25888/2/2025
03 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 23.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25888/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22154/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №006-281 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 3 412 690.98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 491 496
დღგ - 995 036
მოგების გადასახადი - 130 871
საშემოსავლო გადასახადი - 365 466
ქონების გადასახადი - 123
ჯარიმა - 753 891
საურავი - 1 167 303.98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 18 მაისს, გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზედაც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2018, 2019, 2020 და 2021 წლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, პირის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება განსაზღვრულია 0 (ნული) ლარით. შემოწმების პროცესში, ზემოაღნიშნულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებულ დოკუმენტაციასა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა.
კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ 2022 წლის 10 ივნისის №14591 ბრძანებაში, 2022 წლის 30 ნოემბრის №29949 ბრძანებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეული იქნა გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად;
2. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა:
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, -------, ქალაქ ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.
2017 წლის 13 აპრილს შპს ------- და ------- შორის დადებული ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული შენობა აშენდებოდა ------- კუთვნილ 888 კვ.მ. მიწასა და კომპანიის 1 991 კვ.მ. მიწაზე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის სანაცვლოდ გადასაცემი თეთრი კარკასის მდგომარეობის ფართების ოდენობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის საერთო ფართიდან, 10 894 კვ.მ-დან, ------- საკუთრებაში გადაეცა 1 461 კვ.მ.. 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში, შპს ------- გადასცა გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 309- ე მუხლის 107-ე ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დღგ-ით დაიბეგრა ფაქტობრივად შესრულების მოცულობის მიხედვით, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაცია 2019, 2020, 2021 წლების დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, ------ (ს.კ. ------- ქალაქ ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს -------, შპს ------- და ------- და ------- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირები ხსენებულ კომპანიებს საკუთრების უფლებას გადასცემდნენ თანასაკუთრებაში არსებულ 1 638 კვ.მ. ოდენობის მიწაზე, რომლის სანაცვლოდ ------- და ------- მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად სახსრებსა და ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების მიწოდება და ფულადი ვალდებულებების შესრულება (თანხის გადახდა), განიხილება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ნაკვეთის მიღება ფიქსირდება 2019 წელს, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ, ფიზიკური პირებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული, აღნიშნული მრავალბინიანი შენობის (მისი კუთვნილი 2 174.7 კვ.მ.) თვითღირებულებიდან გამომდინარე, გაანგარიშებულ იქნა მიწის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართების (566.9 კვ.მ.) საბაზრო ფასი და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით;
- 2018 წლის 29 ივნისს გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ------- კომპანიას უწევს ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ანაზღაურება მოიცავს, -------, ------- მიწის ნაკვეთზე მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულზე მდებარე, თეთრი კარკასის მდგომარეობის ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემას -------. ბინების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულია 122 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, ფიზიკურ პირს გადაეცა 194 კვ.მ. ფართი, საიდანაც 84 კვ.მ. ფართის ბინაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 18 აპრილს. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო ორგანომ, საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა 84 კვ.მ. ბინა, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. შესაბამისად, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33671 ბრძანება და №006-685 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის №006-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.03.2024 წლის №22154/2/2024 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
საბჭოს 28.03.2024 წლის №22154/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 109 069 ლარის ოდენობით, ხსენებული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №006-281 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული 2024 წლის 22 მაისის №22154/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით. თავის მხრივ, დავების განხილვის საბჭოს №19854/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა.
გადაწყვეტილებაში მითითებული მე-2 საკითხზე, რომ „შემმოწმებლის მიერ ბინების რეალიზაციები იქნა სრულად დაბეგრილი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და დასაბეგრ თანხად დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი“, არასწორია, ვინაიდან 2019 წელს და შემდგომ პერიოდში რეალიზებული ბინების ნაწილზე თანხები არის გადახდილი 2017-2018 წლებში, შესაბამისად შემმოწმებელს უნდა აეღო თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული აშშ დოლარის კურსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზარალის გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადაანგარიშების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია, რომ ბინების რეალიზაციის ნაწილი მოხდა 2027-2018 წლებში, აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო დღგ-ის მიზნებისათვის ეხელმძღვანელა სწორედ გადახდის მომენტში აშშ დოლარის კურსით და არა ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
შემმოწმებელმა ასევე არ გაითვალისწინა ნოტარიულად დადასტურებელი ხელწერილი, რომლითაც კომპანიის ყველა დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 2017-2018 წლებში დივიდენდის სახით ჯამში აქვთ მიღებული 1 500 000 ლარი, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად გაყიდულ ბინებზე გადახდილი თანხები მოდის 2017-2018 წლებზე არის სავსებით ლოგიკური.
ასევე, გაუგებარია რატომ არ იქნა გათვალისწინებული 2017-2018 წლებში 591 219.06 ლარის გახარჯვა, რომელიც დოკუმენტალურად დასტურდება და რისი შესწავლაც ასევე ჰქონდა დავალებული აუდიტის დეპარტამენტს.
შემმოწმებლის მიერ კვლავ არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც ბინის შემძენები ადასტურებენ, რომ ბინის საფასური არ გადაუხდიათ და ბინა მიიღეს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. მიწის მესაკუთრე ------- საჯარო რეესტრში წარდგენილი შეთანხმებით ადასტურებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა შეთანხმებაში მითითებული ბინები, ხოლო აღნიშნული ბინები კი ფაქტობრივად გადაფორმდა სხვა პირებზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული ბინები კომპანიას არ გაუყიდია და ისინი გადაეცა მიწის მესაკუთრეს, გადაცემული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.
ასევე, მიწის მესაკუთრე ------- ადასტურებს, რომ მიწის სანაცვლოდ 2008 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით აქვს აღებული 55 000 აშშ დოლარი, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭომ 28.03.2024 წლის №22154/2/2024 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
საბჭოს 20.07.2023 წლის №19854/2/2023 გადაწყვეტილებით, მე-2 (შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა) და მე-3 სადავო (მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ოპერაციებზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) საკითხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 28.03.2024 წლის №22154/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 109 069 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადი), ხოლო აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2017-2018 წლების ნოტარიულად დამოწმებული სალაროს შემოსავლის ორდერებისა და საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის 31 ოქტომბრის №15167/15-04-01 წერილით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წელს და შემდგომ პერიოდში, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ბინებზე თანხების ნაწილი მყიდველების მიერ გადახდილია 2017-2018 წლებში. დამუშავებული მონაცემების ანალიზის/შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით გაანგარიშებული სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი და დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები. შესაბამისად, შემცირდა აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და მასზე დაკისრებული ჯარიმა;
- გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმება მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ოპერაციებზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, რომ მიწის მესაკუთრე ------- საჯარო რეესტრში წარდგენილი შეთანხმებით ადასტურებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა შეთანხმებაში მითითებული ბინები, ხოლო აღნიშნული ბინები ფაქტობრივად გადაფორმდა სხვა პირებზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგის და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული ბინები კომპანიას არ გაუყიდია და ისინი გადაეცა მიწის მესაკუთრეს გადაცემული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი, დამუშავებული მონაცემების ანალიზის/შესწავლის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში კორექტირებას არ დაექვემდებარა.
მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და წარმოადგენს პოზიციებს/არგუმენტებს (რომელიც მანამდე წარმოდგენილის ანალოგიურია და ცნობილია საბჭოსათვის) საკითხებზე, რომელთა გათვალისწინება არ მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, კერძოდ სადავო მე-2 და მე-3 საკითხებთან დაკავშირებით კვლავაც აღნიშნავს შემდეგს:
- შემმოწმებლის მიერ ბინების რეალიზაციები სრულად დაიბეგრა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და დასაბეგრ თანხად, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის, მიიჩნია საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი, რაც არასწორია, ვინაიდან 2019 წელს და შემდგომ პერიოდში რეალიზებული ბინების ნაწილზე თანხები არის გადახდილი 2017-2018 წლებში, შესაბამისად, შემმოწმებელს უნდა აეღო თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული აშშ დოლარის კურსი. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზარალის გათვალისწინება;
- არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებელი ხელწერილი, რომლითაც კომპანიის ყველა დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 2017-2018 წლებში დივიდენდის სახით ჯამში აქვთ მიღებული 1 500 000 ლარი, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად გაყიდულ ბინებზე გადახდილი თანხები მოდის 2017-2018 წლებზე არის სავსებით ლოგიკური; - არ იქნა გათვალისწინებული 2017-2018 წლებში 591 219.06 ლარის გახარჯვა, რომელიც დოკუმენტალურად დასტურდება და რისი შესწავლაც ასევე ჰქონდა დავალებული აუდიტის დეპარტამენტს;
- არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც ბინის შემძენები ადასტურებენ, რომ ბინის საფასური არ გადაუხდიათ და ბინა მიიღეს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. მიწის მესაკუთრე ------- საჯარო რეესტრში წარდგენილი შეთანხმებით ადასტურებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა შეთანხმებაში მითითებული ბინები, ხოლო აღნიშნული ბინები კი ფაქტობრივად გადაფორმდა სხვა პირებზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგის და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული ბინები კომპანიას არ გაუყიდია და ისინი გადაეცა მიწის მესაკუთრეს, გადაცემული მიწის ნაკვეთის საფუძველზე;
- მიწის მესაკუთრე ------- ადასტურებს, რომ მიწის სანაცვლოდ 2008 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით აქვს აღებული 55 000 აშშ დოლარი, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ.
საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირება, მაგრამ კურსთაშორის სხვაობით მიღებული ზარალი არ არის გათვალისწინებული. ბინების რეალიზაციები შემმოწმებლის მიერ სრულად დაიბეგრა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და დასაბეგრ თანხად, მიიჩნია საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი, რაც არასწორია, ვინაიდან რეალიზებული ბინების ნაწილზე თანხები არის გადახდილი 2017-2018 წლებში, შესაბამისად, უნდა აეღო თანხის ჩარიცხვის დღეს და არა რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი. საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების ცხრილი არ აქვთ. როგორც დასკვნაშია აღნიშნული ნოტარიულად დამოწმებული შემოსავლის ორდერები საგამოძიებოდან მიღებული ინფორმაციის ფარგლებში იქნა გათვალისწინებული. ბარტერის სახით გაწეული ოპერაციებიდან რომელია გათვალისწინებული არ იცის, რადგან ცხრილი არ აქვს, აქ სხვადასხვა მომენტებია, მაგალითად ბინის ნაცვლად მომსახურების გაწევაა, რაც არა გათვალისწინებული, ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები წარადგინეს, მაგრამ გათვალისწინებულია თუ არა ასევე არ იცის, მაგალითად ------- დაკავშირებით. რადგან გადაანგარიშების ცხრილები არ აქვს ითხოვს ცხრილების აუდიტორთან ერთად გავლას, რათა იცოდეს რა არის მათემატიკურად გათვალისწინებული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შემოწმების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი შემოსავლის ორდერები გათვალისწინებულია, თუ რაიმე იყო გადახდილი ჩაითვალა ავანსად გადახდილ თანხებად, წარდგენილი ყველა შემოსავლის ორდერი როგორც ნოტარიულად დამოწმებული, ისე დაუმოწმებელი, რისი გათვალისწინების საშუალებასაც იძლეოდა საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, ყველა გათვალისწინებულია. რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრ თანხას, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული წესის მიხედვით, საქონლის/მომსახურების მიწოდების ეტაპზე დარიცხული დღგ-ის განაშთვა ხდება ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხით. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს და შემდგომ პერიოდში რეალიზებული ბინების ნაწილზე თანხები გადახდილია 2017-2018 წლებში, რომელიც დაბეგრილი არ არის დღგ-ით, აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს „ავანსის“ თანხებს და დღგით დასაბეგრი ოპერაციის თანხად განისაზღვრება ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული აშშ კურსით გაანგარიშებული თანხით. ბარტერული ოპერაციის ნაწილში, თავდაპირველი ცხრილი რაც არის ამ ოპერაციაზე და რაც არის გათვალისწინებული, გადაანგარიშების ეტაპზე მასში ცვლილება არ მომხდარა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საჩივარში მითითებული მიწის მესაკუთრეების, მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადაცემული ბინები შემოწმების ეტაპზე განხილულია ბარტერულ ოპერაციად და გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით. ცხრილში, რაც არის აღნიშნულზე, მითითებულია რა იქნა გათვალისწინებული, რაზეც წარადგინა მომჩივანმა ყველა გათვალისწინებულია.
საბჭოს 2025 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად სადავო საკითხებზე გაანგარიშების ცხრილის გავლა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული კურსთაშორის სხვაობები, საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული შემოწმებამდე პერიოდზე ბანკით გადახდილი საკურსო სხვაობები და დაბეგრილი აქვს, როგორც საშემოსავლო, ასევე დღგ-ის მიზნებისათვის ბინების გადაფორმების დროს არსებული კურსით. გარდა ამისა აზუსტებს, რომ არის შემთხვევები, მაგალითად მარიკა ქადარიას შემთხვევაში, როდესაც მის მიერ შეძენილი 2 ბინის დროს, რომელზედაც თანხების დიდი ნაწილი 2017-2018 წლებშია გადახდილი, შემმოწმებელმა აღნიშნული თანხები საერთოდ არ გაითვალისწინა და სრულად დაბეგრა ბინის ღირებულება მისი გადაფორმების დროს არსებული კურსით, ანუ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ორმაგ დაბეგვრას. ასევე ანალოგიური სიტუაცია არის სხვა მიწის მესაკუთრეებთან მიმართებითაც, მაგალითად ------- დაკავშირებით.
აუდიტი დეპარტამენტის წარმომადგენელმა, 2 ბინის რეალიზაციის და სხვა შემთხვევაში, თანხების ორმაგად დაბეგვრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მომჩივანს საჩივრით არ დაუფიქსირებია, აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია და არც საბჭოს პირველ სხდომაზე არ აღუნიშნია. 2025 წლის 17 ოქტომბრის საბჭოს სხდომის შემდგომ, რომელზეც მომჩივანი ითხოვდა გაანგარიშების ცხრილების ერთად გავლას, მომჩივანი არ დაკავშირებია, ბარტერის ნაწილში ცხრილის ერთად გავლა არ მომხდარა. რაც შეეხება ბანკით ჩარიცხვაზე კურსთაშორის სხვაობას, გათვალისწინებულია და შემოწმების აქტის განხილვის დროს გავლილია კომპანიის ბუღალტრის ჩართულობით. ამასთან დამატებით განმარტა, რომ შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით ცხრილები მომჩივანს გაეგზავნა ჯერ კიდევ შემოწმების პროცესში, მაგრამ დღემდე პოზიცია არ წარმოუდგენია, ხოლო საბჭოს წინა სხდომის შემდგომ კვლავ გაეგზავნა მომჩივანს როგორც შემოწმების დროს გაგზავნილი, ისე გადაანგარიშების ცხრილები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ მომჩივანს, მისი თხოვნის გათვალისწინებით, მიეცა შესაძლებლობა რათა განხორციელებულიყო გაანგარიშების ცხრილების შემმოწმებელთან ერთად გავლა, შემმოწმებლის მიერ დამატებით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები თუმცა, როგორც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, მომჩივანი არ დაკავშირებია და შესაბამისად, ცხრილების ერთად გავლა არ მომხდარა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 28.03.2024 წლის №22154/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.