გადაწყვეტილება №21158/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 21158/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21158/2/2023

05 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (პ/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 25.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21158/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №001-214 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25944 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 72 506.98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 46 180

დღგ - 57 001

საშემოსავლო გადასახადი - (-10 821)

ჯარიმა - 15 834

საურავი - 10 492.98

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა კინოფილმების ციფრული რესტავრაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №14415 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში.

მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24363 ბრძანება და ამავე თარიღის №001-214 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 282-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2018 წლიდან ეწევა ქართული კინომემკვიდრეობის ნიმუშების ციფრულ რესტავრაციას. ამ საქმიანობის ფარგლებში მისი ძირითადი დამკვეთია კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის კინოს სპეციალისტი და არანაირი გამოცდილება და შეხება არ ჰქონია ფინანსურ ოპერაციებთან, ასევე კანონმდებლობასთან. მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია გაუთვითცნობიერებლად, არის პირველი შემთხვევა, ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ გადასახადს და ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით

მომჩივანი აღიარებს დარიცხულ გადასახადს და ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან. მომჩივნის საურავისგან გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №001-214 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 19 ოქტომბრის №25944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან. მომჩივნის საურავისგან გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)