ბრძანება N 18229

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2026
№ დოკუმენტი 18229
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18229

12 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 13 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 13 ივლისის №103412/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №006-209 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგ-ს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება მათი საქმიანობის შეფასებისას დაფიქსირებულ პოზიციაში. განმარტავს, რომ კომპანიას იჯარით აღებული აქვს სასტუმრო, ხოლო სასტუმროს სტუმრები არიან მათი კომპანიის მიერ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები, რომლებზეც წინასწარ გაწერილია ექსკურსიების მოწყობა, ასევე, კვებითი მომსახურება. აცხადებს, რომ მათი კომპანია განხილული უნდა იქნას როგორც ტუროპერატორი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდეს დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული გადასახადები არის უსაფუძვლო.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5044 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივნისის №13063 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 587 ლარი, მათ შორის, გადასახადი 86 427 ლარი, ჯარიმა 43 302 ლარი და საურავი 27 858 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 21 ივნისს, იმავე პერიოდიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შესამოწმებელ პერიოდში მის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში (01.01.2023 წლიდან 01.02.2026 წლამდე) პოსტერმინალებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 812 370.04 ლარი (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 688 449.19 ლარი), ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით 820 468.2 ლარი (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 695 212.01 ლარი). იმავე პერიოდზე წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახულია დასაბეგრი ბრუნვა მხოლოდ 215 109 ლარი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი ეწევა ტურისტულ მომსახურებას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ" ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2026 წლის 31 ივლისს 11:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად:

შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;

ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;

ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე. გადამხდელის შემოსავალმა პოსტერმინალებით შეადგინა 812 370.04 ლარი (დღგით დასაბეგრი ბრუნვა 688 449.19 ლარი), ხოლო მის მიერვე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით 820 468.2 ლარი (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 695 212.01 ლარი). ხოლო იმავე პერიოდზე წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვა არის მხოლოდ 215 109 ლარი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი ეწევა ტურისტულ მომსახურებას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ" ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, როგორც ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება. ამასთან, შემოწმების პერიოდში გადასახადის

გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საწარმოს განესაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგ-ს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი, რომლის საქმიანობაც სასტუმროებისა და განთავსების მომსახურებაა, შემოწმებისას ვერ დაადასტურა დღგ-ისგან გათავისუფლების უფლება, რის გამოც დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმებულ პერიოდში პოსტერმინალებით და საბანკო ამონაწერებით დაფიქსირებული ბრუნვა მნიშვნელოვნად აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვას. გადამხდელმა სხვაობა ახსნა დღგ-სგან გათავისუფლებული ტურისტული მომსახურებით, თუმცა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;