ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა N 1420
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა N 1420
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს მიერ 2010 წლის სექტემბერში გაყიდულია უძრავი ქონება (200 კვ.მ. კომერციული ფართი).
· უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქონების მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა, რის გამოც ქონების შემძენმა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო დავა, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილებით, მოშლილად იქნა ცნობილი 2010 წლის სექტემბერში გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნაკლოვანად მიჩნეული ნივთი 200 კვ.მ. ფართის ოდენობით დაუბრუნდა ქონების მიმწოდებელს, ხოლო ამ ნივთში გადახდილი თანხა - ქონების შემძენს.
· 2014 წლის ნოემბერში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, პირმა 200 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში და ძირითად საშუალებად აღრიცხა საკუთარ ბალანსზე.
· ქონების შემძენმა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, წარმოადგინა 2010 წლის ქონების გადასახადის შესწორებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც მოახდინა საგადასახადო ვალდებულების შემცირება.
შეფასება
· სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო /ორგანიზაცია - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე.
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის, 352-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, წყდება სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობები მხოლოდ სამომავლოდ და იგი არ იწვევს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების ბათილობას. ამასთან, მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უკან უბრუნდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდში ქონება იყო შემძენის ბალანსზე, აღნიშნულ პერიოდში ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება მას ეკისრებოდა. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უძრავი ქონება დაუბრუნდა ქონების მიმწოდებელს (ძირითად საშუალებად აღირიცხა მის ბალანზე), სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან, ქონების გადასახადს გადაიხდის კანონით დადგენილი წესით, 200 კვ.მ ფართზე ქონების მიმწოდებელი (ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე).
· ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა 2014 წელს, პირი არ იყო უფლებამოსილი 2010 წლის საანგარიშო პერიდისათვის შეემცირებინა საგადასახო ვალდებულების თანხა. პირი ვალდებულია ნაცვლად 2010 წლისა, დააკორექტიროს 2014 წლის (ხელშეკრულების მოშლის პერიოდის) ქონების გადასახადის დეკლარაცია.
ღონისძიებები
· 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დაკორექტირდება პირის საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადის ნაწილში. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირები ურთიერთდამოკიდებული არიან;
დღგ-ის და მოგების გადასახადთან მიმართებაში, ანალოგიური შემთხვევებისათვის გამოცემულია, №1185 და №2523 სიტუაციური სახელმძღვანელოები.