გადაწყვეტილება №19231/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 19231/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19231/2/2023

19.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 28.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19231/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №005-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3155 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 423 638 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 199 213

დღგ - 79 059

მოგების გადასახადი - (-12 872)

საშემოსავლო გადასახადი - 133 020

ქონების გადასახადი - 6

ჯარიმა - 106 045

საურავი - 118 380

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენდა ---------- ში საცალო და საბითუმო ვაჭრობა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2.06.2015 წლიდან 1.07.2018 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ ასახავს შესამოწმებელი პერიოდის სრულ სურათს და საქონლის საცალო რეალიზაციისას დაფიქსირებული ღირებულებები არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, საცალოდ გაყიდული საქონლის ღირებულება ნაკლებია მის თვითღირებულებაზე მაშინ, როდესაც დოკუმენტით რეალიზაციისას საქონლის ფასნამატი 26%-ია. ძირითადად საქონელი რეალიზებულია დოკუმენტების გარეშე (68%). შესაბამისად, დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის შემოსავალში სწორად ასახვის მიზნით, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა შესამოწმებელ პერიოდში საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. გამოვლინდა, რომ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს. შედეგად, გაიზარდა პროდუქციის რეალიზაციით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 385 137 ლარით. აღნიშნულს არ გამოუწვევია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები 2015-2016 წლებში წარმოშობილი ზარალის გამო;

- ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა თვეების მიხედვით დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გაიზარდა პროდუქციის რეალიზაციით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა, აგრეთვე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებით მიღებული შემოსავლები, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2015-2017 წლების პერიოდებში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

- გადასახადის გადამხდელს 2015-2017 წლების საანგარიშო პერიოდში დაუდგინდა დამფუძნებელ/დირექტორზე გაცემული თანხები (დივიდენდი, ხელფასი), რომელიც საშემოსავლო გადასახადით არ არის დეკლარირებული და ასახული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციაში. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2018 წლის №37059 ბრძანება და №005-345 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილის შესწავლის შედეგებისა და საბაჟო და საგადასახადო მეთოდოლოგიის დეპარტამენტების მითითების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის/არასრულად წარდგენისთვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან იმ ნაწილში, რომელიც გამოწვეულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევით;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სანქციის კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მაისის №15346 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმის თანხა სულ 2 000 ლარი, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის №005-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3155 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ:

- პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მიცემულ ვადაში არ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მეხსიერების ბარათზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნული არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც გავლენას იქონიებს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის ცვლილებაზე. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება თუ რა ფასნამატია გამოყენებული კონკრეტული საქონლის რეალიზაციისას. ასევე, რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს პროდუქციაზე მიწერილი აქვს სასაქონლო ზედნადების ნომრები, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობს შპს „----------“;

- მეორე სადავო საკითხთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ახსნაგანმარტება, რის საფუძველზეც მოხდებოდა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლა;

- მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით შემცირებულია საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ საცალოდ გაყიდული საქონელი იყიდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ამასთან არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რადგანაც კომპანიის მიერ მითითებული ფასნამატი იყო სწორი.

საგადასახადო კოდექსის არცერთ მუხლში არ წერია, რომ ამ ტიპის ფაქტების შემთხვევაში ეს თანხები უნდა ჩაითვალოს ხელფასის სახით განაცემად და არა დივიდენდის სახით განაცემად.

ამასთან, საერთოდ გაურკვეველია თუ რატომ დაერიცხა 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგან იმ ფაქტზე, რაც მითითებულია აქტში ჯარიმის დარიცხვა ხდება სხვა მუხლით და რომელიც უკვე დარიცხული ჰქონდა შემმოწმებელს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის ნაწილში 2 000 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

- შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მიცემულ ვადაში არ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას;

- არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ახსნა-განმარტება, რის საფუძველზეც მოხდებოდა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლა და შესაბამისად, შემცირება;

- შემოწმებით განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია და შესაბამისად ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მეხსიერების ბარათზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება თუ რა ფასნამატია გამოყენებული კონკრეტული საქონლის რეალიზაციისას, რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს პროდუქციაზე მიწერილი აქვს სასაქონლო ზედნადების ნომრები, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობს შპს „----------“.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ წარმოადგენს არგუმენტებს, იმ საკითხებზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის მიერ, ამასთან გამოთქვამს მოსაზრებას თანხების არა ხელფასის სახით განაცემად არამედ დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლის თაობაზე, თუმცა როგორც აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, მომჩივანს შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება არ წარუდგენია და ამჟამადაც, გაუგებარია მისი პოზიცია.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა იგივე ინფორმაცია რაც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპამდე იყო ცნობილი შემოწმებისათვის, ახალი რაც წარადგინა გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა და დადგინდა, რომ აღნიშნული არ შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რაც გავლენას იქონიებდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის ცვლილებაზე.

მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას რა ნაწილში მიიჩნევს შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულებას ხსენებული ბრძანების შეუსაბამოდ.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის ნაწილში 2 000 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

- შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მიცემულ ვადაში არ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას;

- არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ახსნა-განმარტება, რის საფუძველზეც მოხდებოდა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლა და შესაბამისად, შემცირება;

- შემოწმებით განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია და შესაბამისად ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მეხსიერების ბარათზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება თუ რა ფასნამატია გამოყენებული კონკრეტული საქონლის რეალიზაციისას, რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს პროდუქციაზე მიწერილი აქვს სასაქონლო ზედნადების ნომრები, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობს მომჩივანი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15346 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 272; 275; 291.