გადაწყვეტილება №22874/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22874/2/2024
13 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22874/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №002-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6568 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 262 871 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 137 109
დღგ -109 312
მოგების გადასახადი - 21 660
საშემოსავლო გადასახადი - 6 137
ჯარიმა - 68 554
საურავი - 57 208
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სასმელი და საკვები პროდუქტების საბითუმო რეალიზაციას (დისტრიბუციას).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლებისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების დამუშავებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ ჰქონდა აღებული/გაცემული სესხი კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებდა კაპიტალში შენატანს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გარკვეული თანხები ჩაითვალა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და მოგების გადასახადში, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №17450 ბრძანება და №002-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანება გასაჩივრდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №21547/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 49 486 ლარით, დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №002-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6568 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8% განიხილებოდა, როგორც შპს „----------“ დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ და ამ საკითხზე აუდიტორს არ აქვს ნამსჯელი დასკვნაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ შპს „----------“ აწვდიდა საქონელს, რომელიც თავის მხრივ რეალიზაციას ახდენდა როგორც ქსელურ მარკეტებზე, ასევე სხვადასხვა მეწარმე პირებზე, დოკუმენტურად ან დოკუმენტის გარეშე. ქსელური მარკეტები, შპს „----------“ შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან, შეთანხმებული ფასდაკლებით, 8%-ით ნაკლებს ურიცხავდნენ მომწოდებელ კომპანიას შპს „----------“, რის შემდეგაც ხდებოდა გაქვითვა შპს „----------“ კრედიტორული დავალიანებისა შპს „----------“. ვინაიდან, შპს „----------“ დღგ-ს ადეკლარირებდა ქსელურ მარკეტებზე გაწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით (ფასდაკლების გარეშე) და მისაღები თანხიდან 8%- ით უმცირდებოდა კრედიტორული დავალიანება, შპს „----------“ პერიოდულად შპს „----------“ უწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მარკეტინგული მომსახურებისთვის, რათა შპს „----------“ მიეღო კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა. ფულადი სახსრების მოძრაობაში შპს „----------“ კრედიტორული დავალიანება შპს „----------“ გაანგარიშებულია შეძენილ პროდუქციაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთის შემადგენლობით. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა, რომ შპს „----------“ მიერ შპს „----------“ მარკეტინგული მომსახურებისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლილიყო ფულადი სახსრების მოძრაობაში დამატებით გაწეულ ხარჯად, არამართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6568 ბრძანებას არ ეთანხმება გასაჩივრებულ საკითხებთან მიმართებაში და სალაროს განკარგვადი თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე დადგინდა გადაზიდვის საბაზრო ფასი და არ ახლავს შესაბამისი გაანგარიშებები. ამასთან, ტრანსპორტირების რეისი იყო თერჯოლა-თელავი და არა ქუთაისი-თელავი, როგორც დასკვნაშია აღნიშნული.
მტკიცებულებად წარდგენილია ტვირთების გადამზიდავი კომპანიის მიერ გაცემული ცნობა და ერთ-ერთ ინდივიდუალურ მეწარმეზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც დასტურდება ერთი რეისი თერჯოლა-თელავის ტრანსპორტის ხარჯი, რომლის საფუძველზეც და ზემოთ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე ითხოვდა ტრანსპორტირების ხარჯის დარჩენილი 25%-ის გამოქვითვას. ამასთან ერთად, ითხოვდა ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8%-ის განხილვას, რომელიც განიხილება როგორც „დისტრიბუტორის“, ამ შემთხვევაში შპს „----------“ დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ, რაზედაც არ იყო ნამსჯელი დასკვნაში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6568 ბრძანებაში საერთო არ არის ნამსჯელი ტრანსპორტის ხარჯის სრულად გამოქვითვასთან დაკავშირებით. ნამსჯელია მხოლოდ 8%-თან დაკავშირებით რასაც ასევე არ ეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 თებერვლის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მასალები. შემოწმებისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით დადგენილი იქნა განკარგვადი თანხები წლის ჭრილში, რამაც გამოიწვია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებას იძენდა მეწარმე ფიზიკური პირებისგან, რისთვისაც ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდილი ჰქონდა 200 000 ლარზე მეტი, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია არ გააჩნდა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი კომპანიის მიმართ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. შემოწმების მიერ დადგინდა ქუთაისიდან თელავამდე სატვირთო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის საბაზრო ფასი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო სატრანსპორტო ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ იყო სადავო. მომსახურების გამწევი მეწარმე ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობის პროპორციულად დადგინდა სატრანსპორტო მომსახურებისთვის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების ღირებულება, საიდანაც ხსენებული დანართი №6-ით განსაზღვრული პროცენტული ოდენობა (75%) შპს „----------“ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში დაკვალიფიცირდა დადასტურებულ გამოსაქვით ხარჯად. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულები დაკორექტირდა (შემცირდა) მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
საყურადღებოა, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8% განიხილებოდა, როგორც შპს „----------“ დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ და ამ საკითხზე აუდიტორს არ აქვს ნამსჯელი დასკვნაში, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ შპს „----------“ აწვდიდა საქონელს შპს „----------“, რომელიც თავის მხრივ რეალიზაციას ახდენდა როგორც ქსელურ მარკეტებზე, ასევე სხვადასხვა მეწარმე პირებზე, დოკუმენტურად ან დოკუმენტის გარეშე. ქსელური მარკეტები შპს „----------“ შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან, შეთანხმებული ფასდაკლებით, 8%-ით ნაკლებს ურიცხავდნენ მომწოდებელ კომპანიას შპს „----------“, რის შემდეგაც ხდება გაქვითვა შპს „----------“ კრედიტორული დავალიანებისა შპს „----------“. ვინაიდან, შპს „----------“ დღგ-ს ადეკლარირებდა ქსელურ მარკეტებზე გაწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით (ფასდაკლების გარეშე) და მისაღები თანხიდან 8%-ით უმცირდება კრედიტორული დავალიანება, შპს „----------“ პერიოდულად შპს „----------“ უწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მარკეტინგული მომსახურებისთვის, რათა შპს „----------“ მიეღო კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა. ფულადი სახსრების მოძრაობაში შპს „----------“ კრედიტორული დავალიანება შპს „----------“ გაანგარიშებულია შეძენილ პროდუქციაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთის შემადგენლობით. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა, რომ შპს „----------“ მიერ შპს „----------“ მარკეტინგული მომსახურებისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლილიყო ფულადი სახსრების მოძრაობაში დამატებით გაწეულ ხარჯად, არამართლზომიერად მიიჩნია.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, სალაროს განკარგვადი თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე დადგინდა გადაზიდვის საბაზრო ფასი და არ ახლავს შესაბამისი გაანგარიშებები. მტკიცებულებად წარადგინა ტვირთების გადამზიდავი კომპანიის მიერ გაცემული ცნობა და ერთ-ერთ ინდივიდუალურ მეწარმეზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც დასტურდება ერთი რეისის ტრანსპორტის ხარჯი, რომლის საფუძველზეც და ზემოთ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე ითხოვდა ტრანსპორტირების ხარჯის დარჩენილი 25%-ის გამოქვითვას. ასევე, ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8%-ის განხილვას, რომელიც განიხილება როგორც „დისტრიბუტორის“, ამ შემთხვევაში შპს „----------“ დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ, რაზედაც არ იყო ნამსჯელი დასკვნაში.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებზე დამატებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს დისტრიბუციას, შპს „----------“ აწვდის საქონელს გადასახადის გადამხდელს, არსებობს ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: გადასახადის გადამხდელს მოაქვს საქონელი შპს „----------“ და რეალიზაციას ახდენს ქსელურ სუპერმარკეტებზე, ასევე სხვადასხვა მეწარმე პირებზე, შპს „----------“ სუპერმარკეტებზე აქვს ე.წ. სამარკეტინგო ფასდაკლება 8%, რომელიც საერთოდ არ ეხება გადასახადის გადამხდელს. კერძოდ, ქსელური სუპერმარკეტები გადასახადის გადამხდელს კი არ ურიცხავენ თანხას, არამედ შპს „----------“ 8%-ით ნაკლებს. ფასნამატი გაანგარიშდა რეალიზაციის თაობაზე დოკუმენტებიდან და მის გაანგარიშებაზე ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულება გავლენას არ ახდენს იმ მარტივი მიზეზით, რომ სარეალიზაციო ფასი ყველგან იგივეა სუპერმარკეტებზეც და ჩვეულებრივ მოვაჭრე სუბიექტებზეც. აღნიშნულზე ნამსჯელია, სამმხრივი ხელშეკრულებაც დეტალურად იქნა გავლილი გადასახადის გადამხდელთან და მის წარმომადგენელთან ერთად. რაც შეეხება მე-2 საკითხს, შემოსავალის გაზრდას, რადგან რეალიზაცია გაიზარდა და გავრცელდა ფასნამატი, გაკეთდა ფულადი სახსრების ანალიზი, გადასახადის გადამხდელი თავადვე აღნიშნავდა, რომ აქვს ისეთი ხარჯები, რომელზეც მტკიცებულებებს ვერ წარადგენდა. ისეთი ხარჯები, რომელიც ლოგიკური იყო მისი გაწევის საჭიროება და სადავო არ იყო გათვალისწინებული იქნა, ხოლო იყო ერთერთი, ტრაილერების ხარჯი, რომელსაც თვითონ ახორციელებს და ამ ხარჯის გათვალისწინება ითხოვა დავის ეტაპზე. შემოსავლების სამსახურის მიერ დაევალა ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება, გადასახადის გადამხდელმა წარუდგინა რეესტრი, გაირა მომსახურების გამწევი ყველა ფიზიკური პირის მონაცემები, ყველას სტატუსი გადაამოწმა და არ ჩათვალა, რადგან აღნიშნული პირები გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო და ფისკალურად აზრი არ ქონდა, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხები, რეისების მიხედვით ჩათვალა დამატებით გამოსაქვით ხარჯად, რის შედეგადაც დაკორექტირდა წლიური განკარგვადი თანხები. თითოეული რეისის ღირებულებას რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელისვე მიწოდებული ცხრილიდან გამომდინარე, დაუკავშირდა 7 გადამზიდავს, რომლებმაც განუმარტეს რა თანხას იღებდნენ (1 200 ლარი), ხოლო რაც წარმოადგინა ბოლოს, არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნავს ტრანსპორტირების ხარჯი 1 600 ლარიაო, აღნიშნული ეკუთვნის 2023 თუ 2024 წელს და მისი გათვალისწინება ვერ მოხდებოდა შესამოწმებელ პერიოდზე.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებზე დამატებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს დისტრიბუციას, კომპანია აწვდის საქონელს გადასახადის გადამხდელს, არსებობს ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: გადასახადის გადამხდელს მოაქვს საქონელი კომპანიისგან და რეალიზაციას ახდენს ქსელურ სუპერმარკეტებზე, ასევე სხვადასხვა მეწარმე პირებზე, კომპანიას სუპერმარკეტებზე აქვს ე.წ. სამარკეტინგო ფასდაკლება 8%, რომელიც საერთოდ არ ეხება გადასახადის გადამხდელს. კერძოდ, ქსელური სუპერმარკეტები გადასახადის გადამხდელს კი არ ურიცხავენ თანხას, არამედ კომპანიას 8%-ით ნაკლებს. ფასნამატი გაანგარიშდა რეალიზაციის თაობაზე დოკუმენტებიდან და მის გაანგარიშებაზე ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულება გავლენას არ ახდენს იმ მარტივი მიზეზით, რომ სარეალიზაციო ფასი ყველგან იგივეა სუპერმარკეტებზეც და ჩვეულებრივ მოვაჭრე სუბიექტებზეც. აღნიშნულზე ნამსჯელია, სამმხრივი ხელშეკრულებაც დეტალურად იქნა გავლილი გადასახადის გადამხდელთან და მის წარმომადგენელთან ერთად. რაც შეეხება მე-2 საკითხს, შემოსავალის გაზრდას, რადგან რეალიზაცია გაიზარდა და გავრცელდა ფასნამატი, გაკეთდა ფულადი სახსრების ანალიზი, გადასახადის გადამხდელი თავადვე აღნიშნავდა, რომ აქვს ისეთი ხარჯები, რომელზეც მტკიცებულებებს ვერ წარადგენდა. ისეთი ხარჯები, რომელიც ლოგიკური იყო მისი გაწევის საჭიროება და სადავო არ იყო გათვალისწინებული იქნა, ხოლო იყო ერთერთი, ტრაილერების ხარჯი, რომელსაც თვითონ ახორციელებს და ამ ხარჯის გათვალისწინება ითხოვა დავის ეტაპზე. შემოსავლების სამსახურის მიერ დაევალა ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება, გადასახადის გადამხდელმა წარუდგინა რეესტრი, გაირა მომსახურების გამწევი ყველა ფიზიკური პირის მონაცემები, ყველას სტატუსი გადაამოწმა და არ ჩათვალა, რადგან აღნიშნული პირები გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო და ფისკალურად აზრი არ ქონდა, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხები, რეისების მიხედვით ჩათვალა დამატებით გამოსაქვით ხარჯად, რის შედეგადაც დაკორექტირდა წლიური განკარგვადი თანხები. თითოეული რეისის ღირებულებას რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელისვე მიწოდებული ცხრილიდან გამომდინარე, დაუკავშირდა 7 გადამზიდავს, რომლებმაც განუმარტეს რა თანხას იღებდნენ (1 200 ლარი), ხოლო რაც წარმოადგინა ბოლოს, არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნავს ტრანსპორტირების ხარჯი 1 600 ლარიაო, აღნიშნული ეკუთვნის 2023 თუ 2024 წელს და მისი გათვალისწინება ვერ მოხდებოდა შესამოწმებელ პერიოდზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 304(21).