გადაწყვეტილება № 27889/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.09.2026
№ დოკუმენტი 27889/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27889/2/2026

10 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 31.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27889/2/2026).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ

ბრუნვას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №007-127 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16204 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 62 829,48 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 35 517,01

ჯარიმა - 18 448,00

საურავი - 8 864,47

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მეწარმის საქმიანობაა სასურსათო პროდუქტებით და ხილ-ბოსტნეულით საცალო ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებს ქ. ----- განთავსებული საკუთარი ფართიდან. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.01.2009 წელს, ხოლო 24.12.2013 წლიდან დღგ-ის კვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №4569 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 19.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტებები, შესყიდვის აქტები, საბანკო ცნობები და ამონაწერები. მეწარმეს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. აღნიშნული მასალების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის. აღნიშნული სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. მომჩივანს ასევე განესაზღვრა ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16204 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მეწარმეს შემოწმების პროცესში არ დაუდასტურებია, რომ ეწეოდა დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმიანობის ძირითადი სფეროა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა. ხილ-ბოსტნეულს ძირითადად იძენს საბითუმო ბაზარში, შესყიდვის აქტის შედგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, ხელის შემშლელი პირობები ძირითადად არის ის, რომ ხილ-ბოსტნეულის საბითუმო გამყიდველს არ სურდა, რომ მოხდეს მისი იდენტიფიცირება, რეალიზაციის დროს ანგარიშსწორება ძირითადად ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, ე.წ ტერმინალის გამოყენებით. დღგ-ით ბეგრავდა მხოლოდ სასურსათო პროდუქციის რეალიზაციას. ვინაიდან სრულად ვერ მოახერხა წარმოედგინა ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის აქტები, დაერიცხა ზემოთ აღნიშნული თანხა.

ითხოვს ნაწილობრივ მაინც იქნას გათვალისწინებული, ის გარემოება, რომ მისი საქმიანობის 80%-ს შეადგენს ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა და ნაწილობრივ შეუმცირდეს დარიცხული თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი განმარტებების, შესყიდვის აქტების, საბანკო ცნობების და ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის.

მომჩივნის განმარტებით, შესყიდვის აქტის შედგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, ვინაიდან ხილბოსტნეულის საბითუმო გამყიდველს არ სურს, რომ მოხდეს მისი იდენტიფიცირება, რეალიზაციის დროს ანგარიშსწორება ძირითადად ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, ე.წ ტერმინალის გამოყენებით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი განმარტებების, შესყიდვის აქტების, საბანკო ცნობების და ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;