გადაწყვეტილება №21589/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21589/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21589/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 14.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21589/2/2023).

 

დავის საგანი:

სეს ესნ კოდის განსაზღვრის სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 491 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, 2023 წლის 3 აგვისტოს ---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში არასწორი სასაქონლო კოდის შეტანის გამო, რამაც გამოიწვია გადასახდელების შემცირება, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 2 491 ლარით.

საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 2023 წლის 3 აგვისტოს ---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემის (სეს ესნ) მართლზომიერების საკითხი 2023 წლის 24 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 173-ე მუხლებზე, საბაჟო კოდექსის მე-13, 70-ე, 35-ე, 163-ე, 167-ე მუხლებზე და „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებაზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო, ვინაიდან ქმედება ჩადენილია განმეორებით, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) აკრედიტებულია მხოლოდ სამშენებლო და ტექნიკურ სფეროში, ხოლო დასკვნის შემდგენი ექსპერტი ---------- (პ/ნ ----------) უფლებამოსილია განსაზღვროს უძრავი-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. №---------- დასკვნაში საქონლის კლასიფიციკაციისათვის არ არის გამოყენებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. შესაბამისად, წარდგენილი დასკვნა ვერ იქნება გაზიარებული 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემის (სეს ესნ) კორექტირების საფუძვლად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემი (სეს ესნ) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წარდგენილ იქნა invoice ----------ით გათვალისწინებული ერთერთი საქონელი: ---------- No.: ---------- (ექსპორტიორი ----------; მწარმოებელი ----------). მოცემული საქონლის კოდად მითითებულია ინვოისში სასაქონლო კოდი ----------. აღნიშნული ასევე მითითებულია ექსპორტის დეკლარაციაშიც ----------.

2. საბაჟო დეპარტამენტმა დანიშნა მოცემულ საქონელზე ექსპერტიზა, რის შედეგადაც საქონლის კოდად განისაზღვრა ----------, რამაც გამოიწვია მოცემული საქონლის დაბეგვრა იმპორტის გადასახადებით და ჯარიმის დაკისრება. ამ დრომდე არ ჩაბარებიათ ექსპერტიზის დასკვნა.

3. საჯარიმო ქვითარი გასაჩივრდა კანონით გათვალისწინებულ 30 დღიან ვადაში. საქმის ნომერი ----------; წერილის №----------.

4. მომჩივნის მიერ ჩატარებულ იქნა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც წინამდებარე სასაქონლო კოდზე განისაზღვრა სასაქონლო კოდი ----------. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოცემულ კოდზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა და ეთქვათ უარი. გასათვალისწინებელია მათი პასუხი, რომ ვერ ვადგენთ პრიორიტეტულ ფუნქციებსო...

5. დადგენილია, რომ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახური არ გასცემს იმგვარ აკრედიტაციას, რომელიც ამ აკრედიტაციის მქონე პირს მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ნებისმიერი საქონლისთვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) გათვალისწინებული სასაქონლო კოდის მინიჭება. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილით ირკვევა, რომ სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი - სასაქონლო ნომეკლატურული კოდის დადგენის მიზნით ჩასატარებელი ექსპერტიზის მიმართულებით, არ არის აკრედიტირებული, სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

6. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა, შემოსავლების სამსახური მაინც ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის ექსპერტი არ არის აკრედიტებული აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახურის მიერ, მაშინ როდესაც წარდგენილი აქვთ ამავე ორგანოდან წერილი, რომ მათი მხრიდან მსგავსი აკრედიტაცია არ გაიცემა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დავების განხილვის საბჭო იხილავს საჩივარს (საქმე №----------), სადაც მსგავს საქმეზე შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დაუკმაყოფილათ საჩივარი, რაც მიუთითებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს არათანმიმდევრულობაზე და არა ლოგიკურობაზე. ასევე, მათ არ განუხილავთ მომჩივნის შუამდგომლობები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მათ არაკომპეტენტურობას და ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევას.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ეს მუხლი წარმოადგენს კანონიერების და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ მბოჭავ პრინციპს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას გამორიცხავს (ციტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში).

ამავდროულად, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სადავო საქონელი წარმოადგენს ევროკავშირში, კერძოდ, ---------- რესპუბლიკაში წარმოებულ საქონელს, რომელზეც გაცემულია ---------- საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია და ექსპორტიორის ინვოისი, სადაც მოცემული საქონლის კოდად განსაზღვრულია ----------.

ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც იმპლემენტირებულია 2014 წლის 27 ივნისს, მისი 25-ე მუხლის თანახმად - მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის კლასიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს თითოეული მხარის სატარიფო ნომენკლატურას, რომელიც შესაბამისობაშია 2012 წლის ჰარმონიზებულ სისტემასთან, „საქონლის აღწერილობის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 1983 წლის რედაქციისა (HS) და მასში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინამდებარე საქონელს მინიჭებული აქვს MEDICAL DEVICE კლასიფიკაცია, ხოლო საქართველოს კანონის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ 11 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დანიშნულების საქონელი – სამედიცინო პრაქტიკაში დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის მიზნით გამოყენებული სამედიცინო საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო - ორთოპედიული ნაწარმი და სხვა.

ასევე, პროდუქტი არის ----------ის თანახმად ---------- საქონელი. ამ დირექტივის მიხედვით ---------- ეს საქონელი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საქონელს. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:

----------;

- ----------,- ----------,- ----------,- ----------,----------;

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ თანახმად, 1998 წლის 27 ოქტომბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 98/79/EC დირექტივა ინვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ საქართველოს დაახლოების ვადა შეადგენდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში.

საბაჟოს ლოგიკა კი დაშორების პერსპექტივაზე მეტყველებს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 30.12.2016 წლის №641 დადგენილების (სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ) მე-3 თავის მე-2 აბზაცის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ინსტიტუციური ორგანიზების პრინციპია - სექტორული ორგანიზების პრინციპი (მაგ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ექცევა სამედიცინო სექტორის პროდუქტები, რომელთაც ფარავს შემდეგი დირექტივები 93/42/EEC სამედიცინო მოწყობილობები; 90/385/EEC აქტიურად იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობები; 98/79/EC ინ-ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ექცევა შემდეგი დირექტივებით და რეგულაციით დაფარული პროდუქტები: 94/9/EC ფეთქებად გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები (ATEX); 93/15/EEC სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები; 305/2011 სამშენებლო მასალები).

აღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ სადავოდ გამხდარი საქონელი წარმოადგენს ინვიტრო დიაგნოსტიკურ სამედიცინო მოწყობილობას, რის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს საბაჟო დეპარტამენტის არაკომპეტენტური და ტენდენციური თანამშრომლები.

ფაქტია, რომ მოცემულ საქონელზე ავსტრიის და საქართველოს საბაჟოებს გააჩნიათ შეუქცევადი წინაღობა, შესაბამისად, თუ საქართველოს საბაჟოს მიაჩნია, რომ მოცემული საქონლის კოდი არ არის ---------- და არის ----------, მაშინ მოგმართავთ, რომ იმოქმედოთ საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის გადაწყვეტილების №1/2018 შესაბამისად და წამოიწყოთ სათანადო სამართლებრივი პროცედურები ექსპორტის განმახორციელებელ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოსთან.

ამავდროულად, საწარმოს არ გადასცემია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ექსპერტის მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნა, ასევე, არ გადასცემია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების დანართის №2 22-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე, არ გადასცემია ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ექსპერტის სპეციალური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქონლის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი პროცედურები, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით არის კანონთან შეუსაბამო, შესაბამისად, ითხოვენ განხილულ იქნას მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამართლებრივი პოზიცია და სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი.

შუამდგომლობენ, რომ საწარმოს გადაეცეს:

1. შემოსავლების სამსახურის ექსპერტის მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნა;

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების დანართის №2 22-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ექსპერტის სპეციალური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მომჩივანი ითხოვს:

1. სრულად გაუქმდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL228616. შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციაში (№----------) ფორმა №4 ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომზე სასაქონლო კოდად განისაზღვროს ----------.

2. სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის ბრძანება №31309.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტსისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) 90 ჯგუფში გაერთიანებულია ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები. 84 ჯგუფში კი - ბირთვული რეაქტორები, ორთქლის ქვებები (ბიოლერები), დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები. 9018 პოზიციაში ჩართულია ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები: 9018 90 ქვეპოციაში – ინსტრუმენტები და მოწყობილობები დანარჩენი: 9018 90 840 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – – დანარჩენი. 9027 პოზიციაში ჩართულია ხელსაწყოები და აპარატურა ფიზიკური ან ქიმიური ანალიზისათვის (მაგალითად, პოლარიმეტრები, რეფრაქტომეტრები, სპექტრომეტრები, აირ- ან კვამლანალიზატორები); სიბლანტის, ფორიანობის, გაფართოების, ზედაპირული დაჭიმულობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები ან ანალოგიური; სითბოს, ხმისა ან სინათლის რაოდენობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ექსპონომეტრების ჩათვლით); მიკროტომები: 9027 50 000 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – ხელსაწყოები და აპარატურა, დაფუძნებული ოპტიკური გამოსხივების (ულტრაიისფერის, სპექტრის ხილული ნაწილის, ინფრაწითელის) მოქმედებაზე, დანარჩენი. 8443 პოზიციაში ჩართულია მანქანები საბეჭდი, გამოსაყენებელი 8442 სასაქონლო პოზიციის ფირფიტების, ცილინდრებისა და სხვა საბეჭდი ფორმების მეშვეობით ბეჭდვისათვის; სხვა პრინტერები, კოპირების და ფაქსიმილური აპარატები, გაერთიანებული ან არა; მათი ნაწილები და საკუთნოები: 8443 32 ქვეპოზიციაში – დანარჩენი, გამომთვლელ მანქანასთან ან ქსელთან მიერთების საშუალებით: 8443 32 100 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – პრინტერები.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ შესაბამისად, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის განმარტებებით.

საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2023 წლის 3 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის – შპს „----------“ მიერ საწარმოს კუთვნილი, №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (---------- 2 ერთეული; ---------- 2 ერთეული) №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – 9018 90 840 00, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომს განესაზღვრა სეს ესნ კოდი 9027 50 000 00, ხოლო პრინტერს – სეს ესნ კოდი 8443 32 100 00. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „9018“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო „8443“ და „9027“ სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულმა კი გამოიწვია №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1245.88 ლარით (დღგ). ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1 245.88 ლარით შემცირებას, ამასთან ერთად, კომპანია საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის შემცირებისთვის დაჯარიმებულია 2023 წლის 20 თებერვალს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL200758), საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბერს შედგა №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 491.76 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტი განმარტავს, რომ „9018“ სასაქონლო პოზიციის განმარტების მიხედვით, მითითებული სასაქონლო პოზიცია არ მოიცავს ინსტრუმენტებს, ხელსაწყოებს და მოწყობილობებს, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიებში სისხლის, ქსოვილის სითხეების, შარდის და ა.შ. შესამოწმებლად, მიუხედავად იმისა ემსახურება თუ არა ასეთი მოწყობილობები დიაგნოზს, და ვინაიდან ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონელი იყო ლაბორატორიებში გამოსაყენებელი ანალიზატორი, რომლის დანიშნულებაა სისხლში ერითროციტების დალექვის სიჩქარის გაზომვა, აღნიშნული საქონელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად, კლასიფიცირდა 9027 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებულია ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სასაქონლო კოდი ----------. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოცემულ კოდზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა და ეთქვა უარი. ამასთან, დადგენილია, რომ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახური არ გასცემს იმგვარ აკრედიტაციას, რომელიც ამ აკრედიტაციის მქონე პირს მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ნებისმიერი საქონლისთვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) გათვალისწინებული სასაქონლო კოდის მინიჭება.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი აკრედიტირებული ექსპერტი, თუმცა საგადასახადო ორგანო ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის წარმოადგინოს საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული კომპეტენტური ექსპერტის დასკვნა.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს კონკრეტული კომპეტენტური (აკრედიტირებული) პირის დასკვნა ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გსეს ესნ კოდის განსაზღვრის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2023 წლის 3 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის მიერ საწარმოს კუთვნილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს დასკვის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „9018“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო „8443“ და „9027“ სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულმა კი გამოიწვია საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1245.88 ლარით (დღგ). ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1 245.88 ლარით შემცირებას, ამასთან ერთად, კომპანია საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის შემცირებისთვის დაჯარიმებულია 2023 წლის 20 თებერვალს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL200758), საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბერს შედგა №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 491.76 ლარის ოდენობით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებულია ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სასაქონლო კოდი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოცემულ კოდზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა და ეთქვა უარი. ამასთან, დადგენილია, რომ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახური არ გასცემს იმგვარ აკრედიტაციას, რომელიც ამ აკრედიტაციის მქონე პირს მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ნებისმიერი საქონლისთვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) გათვალისწინებული სასაქონლო კოდის მინიჭება. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი აკრედიტირებული ექსპერტი, თუმცა საგადასახადო ორგანო ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, , მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(2).