გადაწყვეტილება №22203/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2024
№ დოკუმენტი 22203/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22203/2/2024

03 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 9.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22203/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32399 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №005-218 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1336 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 464 653.43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 223 436

დღგ - 59 407

მოგების გადასახადი - 753

საშემოსავლო გადასახადი - 163 276

ჯარიმა - 118 265.3

საურავი - 122 952.13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილისა და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

- გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებულია ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული ---------- მერიის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №16689 ბრძანება და ამავე თარიღის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 29.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.02.2023 წლის №18544/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.12.2023 წლის №21014/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.12.2023 წლის დასკვნა, რომლითაც სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32399 ბრძანება და 22.12.2023 წლის №005-218 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.01.2024 წლის №1336 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნავს, რომ 29.07.2022 წლის საჩივრის განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეუძლია წარადგინოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, აღნიშნულის საფუძველზე, 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი მითითებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის გამოც, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ „შემოწმების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებულ და დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2) შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა მიღებული აქვს ---------- მერიის გამოცხადებულ სამ ტენდერში“. სწორედ აღნიშნულ პორტალზეა ატვირთული საწარმოს ხარჯთაღრიცხვები, მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები და აღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებულია საწარმოს ხარჯები, რომლის პირველადი დოკუმენტი არ არის, მაგრამ ხარჯები გაწეულია, ვინაიდან სამუშაოები შესრულებულია და ჩაბარებული ---------- მერიის შესაბამის სამსახურზე.

საჩივარს თანდართული აქვს სამივე ტენდერის შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელი დოკუმენტებიც ატვირთულია შესყიდვების პორტალზე და აუდიტის დეპარტამენტსაც ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტები, სადაც დაფიქსირებულია ყველა გაწეული ხარჯი და სწორედ აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით უნდა მომხდარიყო ხარჯების გათვალისწინება და შესაბამისად დამატებით დარიცხული გადასახადების დარიცხვა, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა სრული იგნორირება მოახდინა დოკუმენტების და არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით დაკმაყოფილებული საკითხი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით პირველ სადავო საკითხთან (ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან) დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნით:

შემოწმების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებულ და დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2) შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა მიღებული აქვს ---------- მერიის გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები მოიცავდა მწვანე საფარის მოსაწყობად გამოყენებულ ბალახის თესლს, მიწას და ნიადაგის მოსწორების სამუშაოებს. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, საჩივარში მითითებული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ან/და ფიზიკური პირებისგან მწვანე ნარგავების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთულია საწარმოს ხარჯთაღრიცხვები, მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები და აღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებულია საწარმოს ხარჯები, რომლის პირველადი დოკუმენტი არ არის, მაგრამ ხარჯები გაწეულია, ვინაიდან ყველა სამუშაოები არის შესრულებული და ჩაბარებული ---------- მერიის შესაბამის სამსახურზე. საჩივარს თანდართული აქვს სამივე ტენდერის შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები.

საბჭოს 16.02.2023 წლის №18544/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია მომჩივნის არგუმენტი, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი მწვანე ნარგავებით შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს (ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებისთვის), ამასთან აღნიშნული საქონელი (გამწვანება) როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, აქედან გამომდინარე კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.

მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს საჩივარში მითითებული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ან/და ფიზიკური პირებისგან მწვანე ნარგავების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია. ხოლო, სხვა შესრულებული სამუშაოები, გარდა მწვანე ნარგავებისა, რაც ასახულია, საჩივრისთვის დართულ სამივე ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ების და მიღება-ჩაბარების აქტებში და რაც შემოწმების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებული იქნა (გადამხდელის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია - მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2), დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები მოიცავდა მწვანე საფარის მოსაწყობად გამოყენებულ ბალახის თესლს, მიწას და ნიადაგის მოსწორების სამუშაოებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნით: შემოწმების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებულ და დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2) შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა მიღებული აქვს მერიის გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები მოიცავდა მწვანე საფარის მოსაწყობად გამოყენებულ ბალახის თესლს, მიწას და ნიადაგის მოსწორების სამუშაოებს. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, საჩივარში მითითებული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ან/და ფიზიკური პირებისგან მწვანე ნარგავების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთულია საწარმოს ხარჯთაღრიცხვები, მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები და აღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებულია საწარმოს ხარჯები, რომლის პირველადი დოკუმენტი არ არის, მაგრამ ხარჯები გაწეულია, ვინაიდან ყველა სამუშაოები არის შესრულებული და ჩაბარებული მერიის შესაბამის სამსახურზე. საჩივარს თანდართული აქვს სამივე ტენდერის შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები. საბჭოს 16.02.2023 წლის №18544/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია მომჩივნის არგუმენტი, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი მწვანე ნარგავებით შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს (ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებისთვის), ამასთან აღნიშნული საქონელი (გამწვანება) როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, აქედან გამომდინარე კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს საჩივარში მითითებული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ან/და ფიზიკური პირებისგან მწვანე ნარგავების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია. ხოლო, სხვა შესრულებული სამუშაოები, გარდა მწვანე ნარგავებისა, რაც ასახულია, საჩივრისთვის დართულ სამივე ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ების და მიღება-ჩაბარების აქტებში და რაც შემოწმების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებული იქნა (გადამხდელის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია - მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2), დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები მოიცავდა მწვანე საფარის მოსაწყობად გამოყენებულ ბალახის თესლს, მიწას და ნიადაგის მოსწორების სამუშაოებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).