გადაწყვეტილება №23094/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23094/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23094/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 20.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23094/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის №081-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10955 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 481 899.29 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 239 005

დღგ - 227 817

საშემოსავლო გადასახადი - 10 974

ქონების გადასახადი - 214

ჯარიმა - 125 315

საურავი - 117 579.29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ქ. -----ში, ------ის ქ. №-------ში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა რომ:

- გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 48 482,32 ლარს. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმების შედეგად, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ხელფასის სახით განაცემი დეკლარირებული აქვს 1 196 ლარით ნაკლები, ვიდრე საბანკო ანგარიშებსა და ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება.

შემოწმების შედეგად გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა და ასევე, ხელფასის სახით განაცემებში დადგენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებებით) შეადგენს 2 066 001 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში. ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის სრულად დაბეგრილი.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ეკუთვნოდა ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის გამყიდველებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიწოდებული აქვს სულ 26 ერთეული ბინა და 16 ერთეულ ბინაზე გაფორმებულია განვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხება სულ 13 ერთეული ბინა, რომელთაგან 452.3 კვ.მ წარმოადგენს მიწის გამყიდველზე მიწის სანაცვლოდ გადასაცემ ფართებს.

შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 207 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „------ა“ და ფ/პ-------თან დადებული ხელშეკრულება საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწეული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით). აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 58 587 ლარით (2019 წელს - 4 518 ლარი; 2020 წელს - 53 820 ლარი; 2021 წელს - 249 ლარი). გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32406 ბრძანება და ამავე თარიღის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 24.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად აღნიშნული თანხების გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.11.2023 წლის №20804/2/2023 (რეგ. 22.11.2023წ. №03/-----) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.03.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 68 971 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 273 ლარით და ჯარიმა 45 698 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის №6387 ბრძანება და ამავე თარიღის №081-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 23.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.05.2024 წლის №10955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთი სესხის ნაცვლად განხილულ იქნა ხელფასად, შესაბამისად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 68 971 ლარით, მათ შორის, გადასახადი 23 273 ლარით, ჯარიმა 45 698 ლარით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

22.12.2022 წელს კომპანიაში ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტზე დართული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის თვიური გაანგარიშების ცხრილში 29.04.2022 წლის გასწვრივ სტრიქონის მიხედვით 195 ლარია შეტანილი, რაც წარმოადგენს ძირითად ჩანაწერს და მისი შეცვლა დაუშვებელია.

ამ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის დასკვნაში გაანგარიშების ცხრილში 29.04.2022 წლის გასწვრივ სტრიქონში შესწორებულია და შეტანილია, გაზრდილი დარიცხული თანხა 10 519 ლარი, ეს გამიზნული მცდარი ჩანაწერები ემსახურება გადასახადების ხელოვნურად გაზრდას. სხვანაირად ამას ახსნა არ აქვს.

იმისთვის, რომ ნათელი იყოს კომპანიის არგუმენტირებული მოთხოვნა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის №14244 ბრძანების შესაბამისად კომპანიაში კამერალურად შემოწმდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის თაობაზე და შედგა ცნობა -----ის საგადასახადო სერვის ცენტრში, რომ 9.06.2022 წლისათვის კომპანიის სალაროში ნაღდი ფული არ ირიცხებოდა, რომელიც მისი აზრით უნდა ყოფილიყო საფუძველი შემოწმების აქტის ფორმირების დროს გათვალისწინებული. მაშინ როცა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №30199 ბრძანების მე-2 მუხლის მოთხოვნაც სალაროს ნაშთი 9.06.2022 წლის მდგომარეობით უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა საპირისპიროდ ამისა, შემოწმების აქტში შეტანილია მცდარი ნაღდი ფულის ნაშთი 48 482 ლარი.

24.01.2023 წლის საჩივარში ამ შეცდომაზე იყო არგუმენტირებული პრეტენზია წარდგენილი. კომპანიის ყველა საჩივარი, როგორც 2018 წლის ასევე, 2022 წლის შემოწმებების მიმართ თხოვნის მიუხედავად საჩივრის ნეიტრალურ კომისიაზე გადაცემის თაობაზე, იმავე პიროვნებების ხელში ხდებოდა ვინც კომპანიის მიმართ ჩაიდინეს გამიზნული ყალბი ჩანაწერები, ამიტომ ყოველ ჯერზე დაზარალებული კომპანია რჩებოდა.

კომპანიის მიმართ სისტემატიურად ირღვეოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო (მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტი) უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც იქნა შესწავლილი ან გარკვეული. ასეთ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე აქტი არის ბათილი.

ამდენად, ზემოთ აღნიშნული არგუმენტების და ძირითად დოკუმენტთან შედარებით გამიზნულ ცდომილებიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მოითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის დასკვნით:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და შესწავლის შედეგების მიხედვით, განხორციელდა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი მიუთითებს, რომ 22.12.2022 წელს კომპანიაში ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტზე დართული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის თვიური გაანგარიშების ცხრილში 29.04.2022 წლის გასწვრივ სტრიქონში მითითებულია 195 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის დასკვნაში გაანგარიშების ცხრილში 29.04.2022 წლის გასწვრივ სტრიქონში შესწორებულია და შეტანილია, გაზრდილი დარიცხული თანხა 10 519 ლარი. ასევე, მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის №14244 ბრძანების შესაბამისად კომპანიაში კამერალურად შემოწმდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი და შედგა ცნობა, რომ 9.06.2022 წლისათვის კომპანიის სალაროში ნაღდი ფული არ ირიცხებოდა, რომელიც მისი აზრით უნდა ყოფილიყო საფუძველი შემოწმების აქტის ფორმირების დროს გათვალისწინებული. თუმცა საპირისპიროდ ამისა, შემოწმების აქტში შეტანილია მცდარი ნაღდი ფულის ნაშთი 48 482 ლარი.

მომჩივნის არგუმენტთან (საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილში 29.04.2022 წლის გასწვრივ სტრიქონში მითითებულ თანხასთან) დაკავშირებით, აღსანიშნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად შეესწავლა სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი, მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთი დაეკვალიფიცირებინა, როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი (შემოწმების შედეგად გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლილი იყო მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში), რაც განახორციელა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20665 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №20665 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32406 ბრძანება და №081-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20665 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №20665 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №20804/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №20665 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 68 971 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 273 ლარით და ჯარიმა 45 698 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6387 ბრძანება და №081-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №20665 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: