გადაწყვეტილება №19787/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2023
№ დოკუმენტი 19787/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19787/2/2023

07 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19787/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. ბანკის ანგარიშიდან გატანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №006-450 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8581 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 649 331,09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 378 655

დღგ - 126 285

საშემოსავლო გადასახადი - 252 370

ჯარიმა - 189 328

საურავი - 81 348,09

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №006-450 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს შემოსავალი მიღებული აქვს ტენდერების გზით, საბანკო ჩარიცხვებით. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის სრულად დეკლარირებული, ამასთან, ჩარიცხული თანხები არ წარმოადგენდა 2019 წლამდე საგადასახადო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც შემოწმდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით. სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის სრულად დეკლარირებული, ამასთან, ჩარიცხული თანხები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, არ წარმოადგენდა 2019 წლამდე საგადასახადო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს.

გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის შემოსავლები დათვლილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის საბანკო ამონაწერებთან შესაბამისობით, კერძოდ, ტენდერის ნომრის მიხედვით, ყოველი შესრულება და ჩარიცხვა, შედარებული და იდენტიფიცირებულია წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით არსებულ ჩარიცხვებთან. შედეგად, მიღებული შემოსავალი შეადგენს 2 581 843 ლარს, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მხოლოდ 1 532 002 ლარზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოგებულ ტენდერებზე ჩარიცხული თანხები ხელშეკრულებების გაუქმების გამო ანაზღაურებული - დაბრუნებული იქნა დამკვეთთან სადაზღვევო კომპანიების მიერ, საწარმოსთვის ტენდერის გარანტიად წარდგენილი იქნა უპირობო დაზღვევის პოლისები, როგორც კი დამკვეთმა გააუქმა არსებული ხელშეკრულებები უპირობო დაზღვევის პოლისით სადაზღვევო კომპანიიდან განახორციელა თანხის დაბრუნება და ეს ფაქტები არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა. აღნიშნული ფაქტები არც აუდიტის დეპარტამენტს არ შეუსწავლია. საჩივარზე თანდართულია იმ ტენდერების ჩამონათვალი, რომელიც მოგებული იქნა და რა თანხები იქნა გადახდილი დამკვეთის მიერ. ასევე, მითითებულია გაუქმებული ტენდერები, რომლის თანხების უკან დაბრუნება განხორციელდა სადაზღვევო კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე, შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იქნას ყველა ტენდერის დოკუმენტაცია კომპანიის წარმომადგენელთან ერთად და განხორციელდეს უსაფუძვლოდ დამატებით დარიცხული გადასახადების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დასმული საკითხები არ იქნა შესწავლილი და გაანალიზებული.

მოგებული ტენდერებით შესრულებულ სამუშაოებზე დამკვეთთან იგზავნებოდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის გამოწერის შემდგომ ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე დამკვეთის მიერ სამშენებლო მომსახურების ანაზღაურება, ხოლო ყველა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დეკლარირებულია და დაბეგრილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, შემოწმების აქტის შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ექვემდებარება კორექტირებას, დასაბეგრი ბრუნვებიდან ამოსაღებია ის თანხები, რომლის სამშენებლო მომსახურება საწარმოს არ შეუსრულებია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საამშენებლოსარემონტო სამუშაოები, ხოლო შემოსავლები მიღებულია ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებიდან, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით. საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებული შემოსავალი დეკლარირებულია არასრულად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს დართული აქვს გაუქმებული ხელშეკრულებების რეესტრი. შესწავლით ირკვევა, რომ გაუქმებულია ხელშეკრულებები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში დაიწყო მაგრამ არც თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება და არც სამუშაოა შესრულებული შესამოწმებელ პერიოდში, შესაბამისად შემოწმების შედეგებში გათვალისწინებული არ ყოფილა და აღნიშნულს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა არ გამოუწვევია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების და საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ბანკის ანგარიშიდან გატანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად ბანკიდან გამოტანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯს შორის გამოვლინდა სხვაობა (სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით). შემოწმების შედეგად სხვაობა განხილულ იქნა, საწარმოს დირექტორზე - --- (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად ბანკიდან გამოტანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯს შორის გამოვლინდა სხვაობა (სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით), რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 581 843 ლარი დღგ-ის ჩათვლით, რომელიც საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით გადარიცხული ან გამოტანილია ბანკიდან და ნაწილით გაწეულია ხარჯები სალაროდან, ხოლო დარჩენილი ნაწილი შემოწმების მიერ ჩათვლილია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, გადამხდელის მიერ დანართად წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებით წარმოდგენილი პოზიცია/პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა ხელფასად ჩათვალა 1 261 860 ლარი, როცა მთელ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შემოსავალი შეადგენს - 1 120 283 ლარს, ამავე შესამოწმებელ პერიოდში მასალის შეძენის ღირებულება შეადგენს 1 200 000 ლარს. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს ხელფასად ჩათვლილი აქვს საბანკო კრედიტები და დამფუძნებლის შენატანები, რომელიც საწარმოს დაფარული აქვს შემოსავლებიდან და რაღაც გაუგებრობის გამო ჩათვალა ხელფასად. ხელფასად განხილული თანხა ექვემდებარება დაზუსტებას და ხელმეორედ გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხები აღემატება ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებს (სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით).

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს დაახლოებით 2,5 მლნ ლარს, ნაცვლად მომჩივნის მიერ მითითებული შემოსავლისა. შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. კომპანიის დირექტორს საბანკო ანგარიშიდან გამოჰქონდა თანხები. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა ხარჯები, რომლებიც არ იყო საბანკო გადარიცხვით დაფარული და სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით, მიღებულია სხვაობა. ამასთან, დამფუძნებლის შენატანები გათვალისწინებულია და გამოკლებულია ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის დროს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ბანკის ანგარიშიდან გატანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. ბანკის ანგარიშიდან გატანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №006-450 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების და საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ბანკის ანგარიშიდან გატანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (9); 101; 154; 159.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.