გადაწყვეტილება №23015/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 23015/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23015/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 4.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23015/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანების აღსრულების შედეგები - (ძირითადი საშუალებების (ავტომობილების) შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №066-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №8824 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 329 889.28 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 185 237

დღგ - 93 336

საშემოსავლო გადასახადი - 91 901

ჯარიმა - 98 196

საურავი - 46 456.28

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ყვავილებით და სხვა მცენარეებით საბითუმო ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2023 წლის №21759 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 10.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მისი განმარტებით საწარმოს არ გააჩნია დებიტორული-კრედიტორული დავალიანება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს. გადამხდელის წერილობითი პოზიციით ყვავილებით ვაჭრობის ნაწილში სტანდარტული ფასნამატი შეადგენს 10%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის №19511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიხედვით ნაშთი შეადგენდა 0 ლარს, ხოლო 9.08.2023 წლის №19633 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებების ნაშთი პირველადი ღირებულებით 384 000 ლარს. გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდება 882 146 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული სმფ-ის თვითღირებულება და აღნიშნულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით, ძირითად ჯგუფებზე 10-17% ინტერვალში.

შემოწმების შედეგად დამატებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სატრანსპორტო მომსახურების ნაწილში საბაჟო დეპარტამენტიდან (საზღვრის კვეთა) და გადამხდელისგან მიღებული ინფორმაციის (ინვოისები) საფუძველზე კორექტირებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი და დღგ-ით გათავისუფლებული ბრუნვა.

ამასთან, შემოწმებით დაანგარიშებულ (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად საგადასახადო კოდექსის 80- ე, 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29422 ბრძანება და ამავე თარიღის №066-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 30.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2024 წლის №928 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელ თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 35 818 ლარი, მათ შორის: გადასახადი 27 950 ლარი, ჯარიმა 7 868 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 23.02.2024 წლის №4021 ბრძანება და 26.02.2024 წლის №066-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.04.2024 წლის №8824 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენატაციის საფუძველზე შემოწმებით ჩათვლას დაექვემდებარა საბაჟო დეკლარაციების მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველად წარდგენილი საჩივრით არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიღების შემდგომ, კიდევ ერთხელ იქნა გადამოწმებული შემოწმების მასალები, რის შემდეგადაც აღმოჩენილი იქნა ახალი გარემოებები. კერძოდ: როგორც ზემოთ აღინიშნა, აუდიტორების მიერ გაანგარიშებაში არ იყო სრულად გათვალისწინებული იმპორტირებული ძირითადი საშუალებები (ავტოსატრანსპორტო საშუალებების) და მათზე გადახდილი დღგ-ის თანხა, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია 274 000 ლარის ღირებულების (დღგის გარეშე) 6 ცალი სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალება, ამასთან გარდა, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 7 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნაწილი კი სხვადასხვა გზითაა შეძენილი. აუდიტორებს კი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, ხარჯების ნაწილში, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის ჯამურ ღირებულებაში მითითებული აქვთ 283 674 ლარი, მაშინ როცა მარტო იმპორტითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილია 326 000 ლარის ღირებულების 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება. რაც შეეხება, დარჩენილ 4 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ის სხვადასხვა საშუალებებითაა შეძენილი.

ახლად აღმოჩენილი გარემოება ისევ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, სადაც ითხოვდა, რომ ხარჯების ნაწილში სრულად ასახულიყო ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯები, თუმცა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კომპანიას რეალურად აქვს გაწეული ხარჯები სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე და უსამართლოა, როცა სრულად არ ხდება აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება, რაც შესაბამისად იწვევს დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმა/საურავების ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, რომ შემმოწმებლების მიერ, გაანგარიშების პროცესში, სრულად იქნას გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების (სატრანსპორტო საშუალებების) შეძენაზე გაწეული ხარჯები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელ თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის დასკვნით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა საბაჟო დეკლარაციების მიხედვით კუთვნილი დღგ-ის თანხები.

წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს.

მომჩივანი მსჯელობს და არასწორად მიაჩნია ძირითადი საშუალებების (სატრანსპორტო საშუალებების) შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა, რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს ძირითადი საშუალებების (ავტომობილების) შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ყვავილებით და სხვა მცენარეებით საბითუმო ვაჭრობა. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული სმფ-ის თვითღირებულება და აღნიშნულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით. შემოწმებით, საწარმოს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №928 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154;