გადაწყვეტილება №20553/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20553/2/2023
30 .11. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------ი“ (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- -----ის 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20553/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №002-117 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18783 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 268 717,73 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 134 810
დღგ - 49 026
საშემოსავლო გადასახადი - (- 8 320)
ქონების გადასახადი - 94 104
ჯარიმა - 63 628
საურავი - 70 279,73
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დაკორექტირდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ სამარშრუტო ტაქსების საბალანსო ღირებულება. გადამხდელი საკუთრებაში არსებული სამარშრუტო ტაქსების საექსპლუატაციო ვადად განიხილავდა 7 წელს, თუმცა 2011 წელს შეძენილი სამარშრუტო ტაქსები 2021 წელსაც მოქმედია და მონაწილეობს საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაკორექტირდა სამარშრუტო ტაქსების ექსპლუატაციის ვადა და დაუახლოვდა სასარგებლო გამოყენების ვადას. აქედან გამომდინარე, ნაცვლად 7 წლის, ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრა 10 წლით. შედეგად, დაკორექტირდა დარიცხული ცვეთის თანხები და საბალანსო ღირებულებები, რამაც გამოიწვია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა. ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თუ არსებობს ძირითადი საშუალების ცვეთის განაკვეთის, სასარგებლო მომსახურების ვადის ან ნარჩენი ღირებულების მნიშვნელოვანი ცვლილების ინდიკაცია, ახალი მოლოდინების ასახვის მიზნით, ცვეთის დარიცხვის ცვლილება აისახება არარეტროსპექტულად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №002-483 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2022 წლის №6396 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.03.2022 წლის №6396 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნისთვის ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, დაბეგვრის ობიექტია რეზიდენტი საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 8.06.2016 წლის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. კომპანია ვალდებული იყო მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (ფასს მსს-ს) მე-17 პუნქტის (17.16-17.21) შესაბამისად, მოეხდინა ძირითადი საშუალებების სასარგებლო მომსახურების ვადის შეცვლა. ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაანგარიშდა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მე-17 პუნქტის მიხედვით დადგენილი ცვეთის გაანგარიშებით. საკითხის შესწავლის შედეგად, ქონების გადასახადში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.05.2022 წლის №002-83 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელმა განმარტა, რომ 2011 წელს მიკროავტობუსების შეძენის მომენტში ძირითადი საშუალებების ცვეთის პერიოდი განისაზღვრა ქალაქ -----სის მერიასთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის შესაბამისად (7 წლით), რაც შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას 2017 წლიდან შეექმნა ფინანსური კრიზისი (ამას ადასტურებს საგადასახადო შეღავათების მოთხოვნა) და მისთვის ცხადი გახდა, რომ ვერ შეძლებდა ახალი მიკროავტობუსების შეძენას ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მე-17 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულის გამო გადამხდელი ვალდებული იყო მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების გამოყენების ვადის შესაბამისად გაეზარდა ძირითადი საშუალებების ცვეთის პერიოდი სარგებლობის ვადის გაგრძელების ფაქტის აღმოჩენის მომენტში. შემოწმებით ქონების გადასახადის დაანგარიშება დაექვემდებარა კორექტირებას 2017 წლის საანგარიშო პერიოდიდან. გადაანგარიშების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ ქონების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №002-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხების შესწავლის შედეგად გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები სულ 240 491 ლარით, მათ შორის, გადასახადი 176 516 ლარით და ჯარიმა 63 975 ლარით. გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა ქონების გადასახადში დარიცხული თანხებიც.
რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებულ ქონების გადასახადსა და გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ გადასახადს შორის სხვაობას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 21.07.2021 წლის №23790 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგებზე გამოცემული 31.12.2021 წლის №002-483 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული 2021 წლის ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელი 23 232 ლარის ოდენობით გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 28.03.2022 წელს წარმოდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციით. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 22.06.2023 წელს, დეკლარაციით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელი აისახა აღნიშნულ კორექტირებულ მოთხოვნაში, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე აღნიშნული თანხა (23 232 ლარი) არ ერიცხება და ქონების გადასახადში შემოწმებით დარიცხული თანხა, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 70 872 ლარს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
12.06.2023 წლის დასკვნა, 22.06.2023 წლის №14435 ბრძანება და 22.06.2023 წლის №002-117 საგადასახადო მოთხოვნა მხოლოდ ქონების გადასახადის გადაანგარიშების ნაწილში გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, სადაც მითითებული იყო, რომ შემოწმებამ თავიდანვე სადავო გახადა მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა, რომელიც კომპანიის მიერ თავიდანვე განისაზღვრა 7 წლით. ხოლო, შემოწმების აქტში აღინიშნა, რომ კომპანიას 2011 წელს შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები - სატრანსპორტო საშუალებები, მათგან ნაწილი იჯარა-გამოსყიდვის პირობით გაცემული აქვს ფიზიკურ პირებზე. კომპანიას ძირითად საშუალებებზე საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადა აქვს გამოყენებული. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ვადა და ასევე კომპანიის საკუთრებაში ყოფნის ვადა 10 წელიწადია (2011 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ჩათვლით).
საგადასახადო დავის დროს ჩვენ გავიზიარეთ ის მოსაზრება, რომ მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა უნდა განსაზღვრულიყო მათი ფაქტობრივად გამოყენების პერიოდით, თუმცა არა თავიდანვე (როგორც ეს საგადასახადო შემოწმების აქტში იყო აღნიშნული და გაანგარიშებებიც შესაბამისად იყო გაკეთებული), არამედ მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადის (7 წელი) გადახედვა უნდა მოგვეხდინა 2017 წელს. კერძოდ, უნდა შეგვეცვალა ცვეთის ნორმა (და სასარგებლო მომსახურების ვადა) და ფინანსურ ანგარიშგებაში აგვესახა პერსპექტიულად, ანუ არ შეგვეცვალა წინა პერიოდების ანგარიშგებები და მიკროავტობუსების საბალანსო („ნარჩენ“) ღირებულებებზე, სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლომდე ცვეთის დარიცხვა უნდა გაგვეგრძელებინა ახლად შეფასებული ცვეთის ნორმის გამოყენებით.
თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტიც დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებელ აუდიტორებს წარედგინათ გაანგარიშების ცხრილი, რომელიც ითვალისწინებდა მიკროავტობუსების ცვეთის და მის საფუძველზე გაანგარიშებული ქონების გადასახადის „პერსპექტიულ“ გადათვლას. თუმცა, შემმოწმებელთა ჯგუფმა, მომჩივანთან კომუნიკაციის გარეშე, მოახდინა აღნიშნული ცხრილის კორექტირება და გადასახადით თანხის არასწორი კალკულაცია, კერძოდ:
კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ცხრილის მიხედვით, 2011, 2012, 2014 და 2017 წლებში შეძენილი მიკროავტობუსებისათვის სასარგებლო მომსახურების ვადა და ცვეთის დარიცხვის პერიოდი განისაზღვრა მათი ფაქტობრივად გამოყენების ვადით.
შემმოწმებლებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდა ძველი (ყვითელი) მიკროავტობუსების ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსებით ჩანაცვლება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ გამოიყენებოდა მგზავრთა გადაყვანის მიზნით და დაიწყო მათი რეალიზაციის პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელთათვის ცნობილი იყო ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ, კომპანიის მიერ წარდგენილ ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, დაუსაბუთებლად შეცვალეს 2017 წელს შეძენილი მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა და ის 7 წლიანი პერიოდით განსაზღვრეს. 2017 წელს კომპანიას შეძენილი აქვს გარკვეული რაოდენობის მეორადი მიკროავტობუსები, რომლებიც სხვა საწარმოს (შპს -------) მიერ შეძენილი იყო 2011-2012 წლებში, გამოიყენებოდა ანალოგიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად იგივე ფიზიკურ მგომარეობაში იყო გადმოცემის მომენტში, როგორშიც მანამდე შპს------ის საკუთრებაში არსებული მიკროავტობუსები. ამასთანავე, აღნიშნული მიკროავტობუსების მიმართ ლოგიკურად განსაზღვრული სასარგებლო მომსახურების ვადა არ იქნებოდა განსხვავებული წინა წლებში შეძენილი მიკროავტობუსებისგან, რადგან ყველა მათგანი ფაქტობრივად გამოიყენებოდა შეძენიდან 2020-2021 წლების ჩათვლით პერიოდში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემმოწმებელთა ჯგუფმა დაუსაბუთებლად შეცვალა 2017 წელს შეძენილი მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანებით გაცემული დავალება.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18783 ბრძანება მიღებულია დაუსაბუთებლად და საქმის დამატებითი შესწავლის გარეშე. მართალია, აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე მოახდინა დარიცხული თანხების კორექტირება, თუმცა გადაანგარიშების დროს დაშვებულია არსებითი შეცდომა, რაც მნიშვნელოვნად ცვლის დასაკორექტირებელი (შესამცირებელი) თანხის მოცულობას.
იმისათვის, რათა შემოსავლების სამსახური დარწმუნებულიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების პროცესში დაშვებულ შეცდომაში და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის სისწორეში, აუცილებლად უნდა შესულიყო საქმის დეტალურ განხილვაში, მოესმინა როგორც გადამხდელის, ასევე აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და საკითხის ამგვარი შესწავლის შედეგად მიეღო სწორი გადაწყვეტილება (ან თვითონ შეესწავლა შემმოწმებელთა მიერ მომზადებული გადაანგარიშების ცხრილები), თუმცა ნაცვლად ამისა, შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად, მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ გადაანგარიშებით ნაწილობრივ შემცირდა დარიცხული თანხები (რაც სრულიად არ გამორიცხავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების პროცესში შეცდომის დაშვებას) მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარი არ განუხილავს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18783 ბრძანება და საქმე დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად ან სადავო საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭომ არსებითად იმსჯელოს და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელმა განმარტა, რომ 2011 წელს მიკროავტობუსების შეძენის მომენტში ძირითადი საშუალებების ცვეთის პერიოდი განისაზღვრა ქალაქ -----ის მერიასთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის შესაბამისად (7 წლით), რაც შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას 2017 წლიდან შეექმნა ფინანსური კრიზისი (ამას ადასტურებს საგადასახადო შეღავათების მოთხოვნა) და მისთვის ცხადი გახდა, რომ ვერ შეძლებდა ახალი მიკროავტობუსების შეძენას ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მე-17 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულის გამო გადამხდელი ვალდებული იყო მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების გამოყენების ვადის შესაბამისად გაეზარდა ძირითადი საშუალებების ცვეთის პერიოდი სარგებლობის ვადის გაგრძელების ფაქტის აღმოჩენის მომენტში. შემოწმებით ქონების გადასახადის დაანგარიშება დაექვემდებარა კორექტირებას 2017 წლის საანგარიშო პერიოდიდან. გადაანგარიშების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ ქონების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჩატარებული დავების და მომჩივნის ჩართულობის შემდეგ გადაწყვეტილი იყო, რომ 2017 წლის საწყის საბალანსო ღირებულებას უნდა დავყრდნობოდით. 1.01.2017 წელს დათვლილი უნდა ყოფილიყო 7 წლიანი სარგებლობის პერიოდით,ხოლო, შემდეგ ცვეთა უნდა განსაზღვრულიყო სრული გამოყენების მიხედვით. ამაზე გადასახადის გადამხდელიც ინფორმირებული იყო და თანხმდებოდა. 2017 წელს ბალანსზე მიღებულ მიკროავტობუსებზე დარჩა გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრული 7 წლიანი გამოყენების ვადა, ვინაიდან შემოწმების დაწყების დროს გასული იყო 4 წელი და აღნიშნული ვადის ცვლილების უფლება ჰქონდა გადასახადის გადამხდელს. შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების აღსრულების ეტაპზეც საკითხი გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად. 2017 წელს შეძენილ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასარგებლო გამოყენების ვადის ცვლილება უნდა მოხდეს, თუმცა აქტივი ფასდება მისი ბალანსში მითითების დროისთვის და არა მანამდე ექსლპლუატაციაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, რაც დადასტურებულად ცნობილი ფაქტი არ არის. მსგავსი საქმიანობის მქონე, დაკავშირებული კომპანიების შემოწმების დროს ანალოგიური დარიცხვა განხორციელდა, თუმცა არ გასაჩივრებულა. ცხრილები გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად, საკითხთან დაკავშირებით იყო არერთი შეხვედრა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები/ცხრილები განხილულია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რაზეც მომჩივანს პრეტენზია არ წარუდგენია და გადაანგარიშება განხორციელებულია მათთან შეთანხმებული მონაცემების მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25547 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დაკორექტირდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, დაკორექტირდა დარიცხული ცვეთის თანხები და საბალანსო ღირებულებები, რამაც გამოიწვია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-483 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №6396 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №6396 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნისთვის ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №002-83 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №25547 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №25547 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №002-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №18783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №25547 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6); 304( 21);