გადაწყვეტილება №20812/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 20812/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20812/2/2023

30 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- -----------ე (პ/ნ ----------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ----------ის 12.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20812/2/2023).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №EL219169 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის 21509 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 3000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

3.08.2023 წელს „----ის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა №------ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი საქონელი (ტანსაცმელი).

მის მიერ ფიზიკური პირის დეკლარაციის შევსებისას, III ნაწილის პირველ პუნქტში მოინიშნა „ი“ ქვეპუნქტი. სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა №-----/---- აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ დანიშნულებით.

გეზ „----ის“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, -------ის მიერ გადათვლილ იქნა საქონელი და შესაბამისი ჩამონათვალი განცხადებით წარედგინა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს.

№-------/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 992 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, -------ის მიერ საქონელი დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №----/---- საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms”-ის მიერ განესაზღვრა „------ი“. განხორციელდა დეკლარაციისა, თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგად, აღმოჩნდა 52 ლარის ღირებულების 15 ცალი სხვადასხვა დასახელების ტანსაცმლის ნაკლებობა და 153.6 ლარის ღირებულების 33 ცალი არადეკლარირებული ტანსაცმელი.

ვინაიდან მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5%-ს, 7.08.2023 წელს შედგენილი №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. თუმცა, ვინაიდან გამოვლენილი ქმედება ჩადენილი იყო განმეორებით, საბაჟო დეპარტამენტის 30.08.2023 წლის №21231 ბრძანებით,--- -----ის მიმართ შედგენილ №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომები და მე-6 გრაფაში („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) მითითებული 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიცვალა ამავე მუხლის 31 ნაწილით, ხოლო საბაჟო სანქციის ოდენობა 1 000 ლარი – 3 000 ლარით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.09.2023 წლის №21509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168- ე მუხლის მე-3, 31 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა 52 ლარის ღირებულების 15 ცალი სხვადასხვა დასახელების ტანსაცმლის ნაკლებობა და ასევე 153,6 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 33 ცალი არადეკლარირებული ტანსაცმელი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის მიმართ სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი წარსულში (2022 წლის 27 სექტემბერს) დაჯარიმებულია იგივე ქმედების გამო. შესაბამისად, ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 3 აგვისტოს ოჯახის წევრებისთვის შეიძინა სამომხმარებლო სამოსები. ეგონა, რომ ეს ჩაეთვლებოდა თვის შეღავათში, მაგრამ ერთგვაროვანის აღმოჩენის გამო მებაჟემ ჩათვალა გამოეძახა ფოსტის მანქანა და გადმოეტანათ ტერმინალში.

მეორე დღეს როცა მივიდა ტერმინალში და გააკეთა დეკლარაცია მექანიკური შეცდომა მოუვიდა და აღმოჩნდა 100 ლარამდე ზედმეტობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გამოუცდელია ამ საქმეში, მოხვდა წითელ დერეფანში და 1000 ლარით დაჯარიმდა. აქვე აღნიშნავს, რომ 27.09.2022 დაჯარიმებული იყო უაქციზო სიგარეტის შემოტანისთვის, რის საფუძველზეც ჩაუტარდა სასამართლო და მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება.

არ იცოდა თუ ამ ფაქტის გამო ეკისრებოდა 1000 ლარიანი ჯარიმა, ვინაიდან ეს იყო პირველი შემთხვევა და არ იყო ამ საქმეში გარკვეული. რის გამოც დაფიქსირდა განმეორებითი ჯარიმა და 1000 ლარი შეეცვალა 3000 ლარით.

აღნიშნავს, რომ არის გულზე ნაოპერაციები, პენსიონერი, დიდსულიანი ოჯახის მქონე, აქვს გრძელვადიანი კრედიტები, რომელსაც გაჭირებით იხდის. ითხოვს გათავისუფლდეს ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია (დანართი №8-VI-01) ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ ფიზიკური პირის დეკლარაციის შევსებისას, III ნაწილის პირველ პუნქტში მოინიშნა „ი“ ქვეპუნქტი. სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა №-----/----- აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ დანიშნულებით. დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა 52 ლარის ღირებულების 15 ცალი სხვადასხვა დასახელების ტანსაცმლის ნაკლებობა და 153.6 ლარის ღირებულების 33 ცალი არადეკლარირებული ტანსაცმელი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5%-ს, შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. თუმცა, ვინაიდან გამოვლენილი ქმედება ჩადენილი იყო განმეორებით, საბაჟო დეპარტამენტის №21231 ბრძანებით, მომჩივანის მიმართ შედგენილ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომები და მე-6 გრაფაში („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) მითითებული 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიცვალა ამავე მუხლის 31 ნაწილით, ხოლო საბაჟო სანქციის ოდენობა 1 000 ლარი – 3 000 ლარით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №21509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( „გ“);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13(2); 163(11); 168(3); 168(31);