გადაწყვეტილება №21797/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.05.2024
№ დოკუმენტი 21797/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21797/2/2024

17 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 4.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21797/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №001-230 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.10.2023 წლის №26058 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 391 695 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 131 762

მოგების გადასახადი - (-2)

საშემოსავლო გადასახადი - 126 445

ქონების გადასახადი - 5 319

ჯარიმა - 130 642

საურავი - 129 291

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გადაზიდვების მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის საკუთრებაშია სამი სატვირთო მანქანა და სამი მისაბმელი, რომელიც რეალიზებულია პერიოდის ბოლოს. გადაზიდვების ძირითადი ნაწილი განხორციელებულია რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით. გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ვერ მოხერხდა დირექტორთან დაკავშირება, ამასთან არ ფიქსირდება საზღვრის კვეთა და არც რაიმე სხვა დოკუმენტური მტკიცებულება ან არსებითი მიზეზი, რაც გამოიწვევდა მის არაკონტაქტურობას შემოწმების მიმართ. გადამხდელი დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო. გადამხდელის, კერძოდ, ყოფილი დამფუძნებელი-დირექტორის და ბუღალტრის მიერ მოწოდებულია საქმიანობის პროცესში გამოწერილი ინვოისების მცირე ნაწილი და საბანკო ამონაწერები არასრულად (17.06.2019 - 16.06.2020 წლები).

შემოწმებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 ივლისს შპს „----------“ (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის მესაკუთრემ და დირექტორმა ---------- 100%-იანი წილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ----------. ეს ყოველივე დასტურდება, საჯარო რეესტრის 2022 წლის 19 ივლისს წარდგენილი ---------- განცხადებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ კომპანიის მიერ, 2020 წლის ოქტომბრის თვეში განაწილებულია დივიდენდი 85 000 ლარის ოდენობით, ასევე დივიდენდი განაწილებულია 2022 წლის ივლისის თვეში 1 250 000 ლარი, აღნიშნული ოპერაციები ასევე დაბეგრილია წყაროსთან და ასახულია საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თვის დეკლარაციებში (რის გამოც შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმოეშვა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 380 797 ლარის ოდენობით).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით. შესწავლილ იქნა გადამხდელის კუთვნილი სატვირთო ავტომობილების საზღვრის კვეთების შესახებ ინფორმაცია და შემოწმებით, დადგინდა განკარგვადი ფულის ნაშთები პერიოდების მიხედვით, არსებული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად შესაბამის პერიოდებში, სესხის საბაზრო პროცენტად მიჩნეულ იქნა 20% (საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად). გაცემული სესხის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმებით გაანგარიშებული თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩაითვალა დაქირავებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.12.2022 წლის №31242 ბრძანება და №001-230 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.03.2023 წლის №5077 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.06.2023 №19613/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.10.2023 წლის №26058 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მეგობარს ---------- დააფუძნებინა კომპანია, რომელიც ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვებს საქართველოდან ---------- მიმართულებით და პირიქით, კომპანიის ფაქტობრივი მართვა ხორციელდებოდა მისი დავალებით და მითითებით. შემოწმების პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და სხვა ობიექტური მიზეზების გამო და წარმომადგენელსაც ვერ ნიშნავს. როგორც აქტში მითითებულია საზღვრის კვეთებით დათვლილი რეისების მიხედვით მოხდა დარიცხვა. რამდენადაც აუხსნეს და იცის არაპირდაპირი მეთოდით შესაძლებელია დარიცხვა და ხარჯების შემცირებაც. საუბარია სატვირთო ტრაილერებით ასეულობით კილომეტრებზე ტვირთების ტრანსპორტირებაზე და ტრანსპორტირებას სჭირდება საწვავი დიზელის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს არაპირდაპირი მეთოდითაც უნდა გამოექვითა ხარჯებში საწვავის ღირებულება.

მოითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საწვავის ხარჯის გამოქვითვა სრულად და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოახდინოს ინფორმაციის გამოთხოვა შსს მომსახურების სააგენტოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის პერიოდის და დასაბეგრი ბრუნვის დასადგენად და აგრეთვე წერილობითი დოკუმენტაცია მყიდველებიდან თუ რა ფასში იყიდეს ავტომანქანები. რათა ზუსტად განისაზღვროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების პერიოდი და ბრუნვა.

აქვს იმ კომპანიების მიახლოებითი სია, რომლებსაც უწევდა მომსახურებას და მოითხოვს საგადასახადო ორგანომ გამოითხოვოს ინფორმაცია. კომპანია უნაღდო ანგარიშსწორებით ახდენდა მომსახურების გაწევას და საქართველოს ბანკიდან გამოითხოვოს სრულად ინფორმაცია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს გადაადგილებას, რაც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენაში კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ყოველმხრივ ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება და ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება და არა როგორც ახლა დარიცხვის დროს გაკეთდა, ნაწილობრივი დოკუმენტაციით არ არსებული თანხების დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, დანართი №9 (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნისათვის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.10.2023 წლის №26058 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნისათვის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნისათვის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275;