გადაწყვეტილება №25409/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25409/2/2025
22 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 27.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25409/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №007-53 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12081 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 580,17 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 33 084,24
ჯარიმა - 16 751,90
საურავი - 4 744,03
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 107 297 ლარს, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 37 273 ლარს. საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინებით) განისაზღვრა 649 476 ლარის ოდენობით. დასაბეგრ ბრუნვაში გამოვლინდა სხვაობა 542 179 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო 174-ე, 175-ე, და 176-ე მუხლების გათვალისწინებით 64 496 ლარით გაიზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №007-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბუღალტერი წესისამებრ აგზავნიდა დეკლარაციებს, თუმცა, ვერ აბამდა კორექტირებულ ანგარიშ-ფაქტურებს. შესაბამისად, უწევდა დაზუსტებული დეკლარაციების გადაგზავნა. დაზუსტებულ დეკლარაციებში კი აღარ უთითებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, რაც იწვევდა პირველადი დეკლარაციებით დაბეგრილი თანხის ანულირებას.
ინდმეწარმის ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში წლიური ფაქტობრივი ბრუნვა მთლიანად არის ასახული. არ ყოფილა ფაქტი, რომ დაბრუნებული დღგ-ის თანხა გაეტანათ ანგარიშიდან არამიზნობრივი დანიშნულებით. აღნიშნულო დარღვევები გამოწვეულია შეცდომით. მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს ჯარიმისა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და აღნიშნული გამოწვეულია მისი შეცდომით ან არცოდნით. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს ჯარიმისა და საურავისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 107 297 ლარს, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 37 273 ლარს. საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 649 476 ლარის ოდენობით. დასაბეგრ ბრუნვაში გამოვლინდა სხვაობა 542 179 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო 174-ე, 175-ე, და 176-ე მუხლების გათვალისწინებით 64 496 ლარით გაიზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).,275.