გადაწყვეტილება №21453/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.03.2024
№ დოკუმენტი 21453/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21453/2/2023

25 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 29.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21453/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

2. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობა;

3. არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №007-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 078 998 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 643 852

დღგ- 85 509

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – 2 112

მოგების გადასახადი - 543 615

საშემოსავლო გადასახადი - 12 616

ჯარიმა - 322 529

საურავი - 112 617

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 27.05.2021 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.03.2023 წლის №32745 ბრძანება და №007-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

შემოწმების მსვლელობისას, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას -------ში. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპანიის გასაყიდ პროდუქტს: საქართველოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს).

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საწარმოს განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების შედეგად, ზემოთ აღნიშნული თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 73-ე და 982 მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა გადამხდელის მონაწილეობით. საწარმოს წარმომადგენელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია (საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე), ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა, შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს თანხები (3 432 442 ლარი), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „--------თვის“ არ აქვს გადაცემული. შემოწმებით, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს დირექტორის მიერ გაფრთხილებული იყო კომპანიის წარმომადგენელი ბატონი -------- მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და მინდობილობის მოქმედების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, მისი წარმომადგენელი არ გახლდათ უფლებამოსილი შემოსავლების სამსახურის მიერ მასთან განხორციელებული ზარის ფარგლებში დაგეგმილ განხილვაში სამართლებრივ მონაწილეობაზე და თუ რატომ არ იქნა აღნიშნული განმარტებული შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისათვის საწარმოს დირექტორისთვის არის გაურკვეველი. საწარმოს დირექტორის განმარტებით, მისთვის განხილვის თარიღი იყო უცნობი და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფდა მისი (იგი არ იმყოფებოდა საქართველოში) ან მისი წარმომადგენლის დასწრებას დავის განხილვაზე.

მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს და მიეცეს შესაძლებლობა მისი უშუალო ან წარმომადგენლის მეშვეობით პოზიციის და მტკიცებულებების წარდგენის შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას. ამასთან განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება კომპანიის მიმართ შპს --------ს მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადამწყვეტი იქნება შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების ოდენობაზე. ასევე, -------ს სასამართლოში მიმდინარე დავის შედეგიც იქნება მნიშვნელოვანიო მტკიცებულება წარმოდგენილი დავის ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურმა კომპანიის მიერ რეალიზებული ასევე, სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის თანხები ჩაუთვალა მიღებულად, მაშინ როცა მთელ რიგ შემთხვევებში თანხების მიღება რეალურად არ მომხდარა, ასევე რეალიზებული საქონლის ღირებულების მიღებულად აღიარება მოხდა იმ შემთხვევაშიც, რა დროსაც პარტნიორი კომპანიის მიერ მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არ მომხადარა თანხის ანაზღაურება კომპანიაზე და აღნიშნულზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და არა მიეცა შესაძლებლობა წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, არ მიეცა შესაძლებლობა შემოწმების აქტის გადაგზავნამდე გასცნობოდნენ გადასახადის გამოანგარიშების სამუშაო ფაილებს და აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი არგუმენტები, აქტით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. სამუშაო ფაილის გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ თანხების გაანგარიშება მოხდა არასწორად.

 

2. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ, გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები ჯამურად 1 389 018 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც შპს „-------სა“ და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელსა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, დავის წარმოების პროცესში პირის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ ნაწილობრივ არასწორად მოხდა დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა გამომდინარე იქიდან, რომ არ გაითვალისწინა რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით. დარიცხვა გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ შემოსავლების სამსახურის დაპირების მიუხედავად, რომ მიეცემოდა აქტის გავლისა და არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ამ უკანასკნელმა სამსახურმა მისი ჩართულობის გარეშე გამოუშვა აქტი, რის გამოც არასწორად დაარიცხა თანხები აღნიშნულ ნაწილში.

 

3. არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოების მიერ, გადასახადის გადამხდელისგან ამოღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საწარმოს უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ (მაგ. -------ში) მარკეტინგულ მომსახურებას უწევს მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახდო კოდექსის 161-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და შედეგად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამასთან, არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ასევე, საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულ სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში სრულყოფილად არ აქვს შესრულებული. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მოხდა არარეზიდენტი პირებისაგან მიღებული მომსახურების მოცულობის დადგენა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად დაარიცხა უკუდაბეგვრის დღგ, იმ პირობებში რომ მათ საერთოდ არ უნახავს ხელშეკრულება არარეზიდენტ კომპანიასთან და არ მოუხდენია არსებითი გარემოებების გათვალისწინება აღნიშნულ ნაწილში, რაც არასწორი დარიცხვის საფუძველი გახდა. უკუდაბეგვრის დღგ დათვლილი იქნა არასწორად, რის გამოც დაერიცხა არასწორი ოდენობის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორის მიერ გაფრთხილებული იყო კომპანიის წარმომადგენელი ბატონი ------- მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და მინდობილობის მოქმედების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, მისი წარმომადგენელი არ გახლდათ უფლებამოსილი შემოსავლების სამსახურის მიერ მასთან განხორციელებული ზარის ფარგლებში დაგეგმილ განხილვაში სამართლებრივ მონაწილეობაზე. მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს და მისი უშუალო ან წარმომადგენლის მეშვეობით მიეცეს პოზიციის და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას არ მიეცა არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები ცალმხრივი და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

2. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობა;

3. არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების მსვლელობისას, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპანიის გასაყიდ პროდუქტს: საქართველოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს). აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ, გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საწარმოს განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად, ზემოთ აღნიშნული თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ, გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები ჯამურად 1 389 018 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც მომჩივანსა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

3. საწარმოს უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. გაანგარიშდა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და შედეგად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"ბ").