გადაწყვეტილება №26982/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26982/2/2026
17 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 24.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26982/2/2026).
დავის საგანი:
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
2. დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. 1.01.2017 წლამდე წარმოშობილი მოგების, შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული მოგების ნაწილზე მოგების გადასახადის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის №002-201 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.03.2026 წლის №5192 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 680 689.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 412 913.32
დღგ - 147 904.77
საშემოსავლო გადასახადი - 265 555.16
ქონების გადასახადი - (-546.61)
ჯარიმა - 182 922.4
საურავი - 84 853.49
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული და ადგილობრივი სანათი მოწყობილობების შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 4.08.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.12.2025 წლის №28170 ბრძანება და №002-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.03.2026 წლის №5192 ბრძანებით:
1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით;
დ) დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4.დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.03.2026 წლის №5192 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა „ორისში“, სადაც კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 85%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 99%-ია. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აფიქსირებდა საქონლის მზარდ ნაშთს, თვითღირებულებით 3 786 131 ლარის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით 6 139 740 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობები (ცალკეული დასახელების საქონლის) ჩაითვალა მიწოდებად (საბაზრო ღირებულებით დღგ-ის გარეშე 844 754 ლარი) პერიოდების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთანავე გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში ბუღალტრული აღრიცხვის დეკლარირებულ ბრუნვასთან შეპირისპირებით გამოვლინდა ზედმეტად დაბეგრილი დღგ-ის ბრუნვები, რომელიც გათვალისწინებული იქნა და დაექვემდებარა შესაბამის პერიოდებში შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელს (ზემოაღნიშნული, დამატებითი რეალიზაციიდან გამომდინარე) გამოუვლინდა დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ პოზიციასა და საჩივრის ზეპირი განხილვისას გაკეთებულ განმარტებაზე, ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობები შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული შინაარსობრივად გულისხმობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, თუმცა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიზანშეწონილად არ მიაჩნია ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.
დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმებამ კომპანიის მიმართ არსებული უიმედო დებიტორული დავალიანება 65 087 ლარი ჩათვალა მიღებულად და განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამის დებიტორებთან შედარების აქტების გაფორმება. ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ დებიტორები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს და მათზე გადახდილი თანხები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია ჩატარდა კომპანიის ცენტრალურ საწყობსა და კომპანიის სავაჭრო ობიექტზე. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფ-ების ინვენტარიზაციისას შედეგების გამოყვანა მოხდა არასწორად, კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგებში არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის ცენტრალურ საწყობში განთავსებული და ინვენტარიზაციის ფარგლებში დათვლილი სმფ-ების ნაწილი, მ.შ. ვოშერები და სხვ. იმ მიზეზით, რომ ინვენტარიზაციის ფარგლებში აღნიშნული საქონლის აღწერის პირველადი/შავი ჩანაწერი (ფურცელი) ვერ მოიძებნა. შესაბამისად, მხოლოდ ერთი დასახელება საქონლის - ვოშერების ნაწილში გამოვლენილმა დანაკლისმა შეადგინა - 450 606 ლარი. ასევე განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების არასწორი ანალიზი და საგადასახადო ვალდებულებების დაუსაბუთებელი განსაზღვრა აუდიტის დეპარტამენტის მიერ:
აუდიტის დეპარტამენტს შემოწმების პროცესში განემარტა, რომ ინვენტარიზაციის თარიღისთვის კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ნაშთში არ იყო გათვალისწინებული იმ მაკომპლექტებელი საქონლის ჩამოწერა, რომლებიც ძირითად შემთხვევაში აკომპლექტებს სხვა სარეალიზაციო საქონელს და აღნიშნული საქონლის რეალიზაციასთან ერთად სმფ-ის ნაშთებიდან უნდა ჩამოწერილიყო. შესაბამისად, ინვენტარიზაციის თარიღისთვის ბუღალტრულ ჩანაწერებში ჩამოუწერი რჩებოდა ის მაკომპლექტებელი საქონელი, რომელიც მაკომპლექტებელი ნაწილის სახით მიყვებოდა სხვა (ძირითად) საქონელს რეალიზაციისას. საგადასახადო ორგანომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა, შესაბამისად ბუღალტრულ ჩანაწერებში ფიქტიურად არსებული მაკომპლექტებელი საქონლის ნაშთი შეადარა ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილ შესაბამისი საქონლის ნაშთს და დაადგინა დანაკლისი. საგადასახადო ორგანომ ხსენებული დანაკლისი დაუქვემდებარა დაბეგვრას.
აუდიტის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის შედეგების შედეგად გამოვლენილ რაოდენობრივ სხვაობებს მიუყენა მის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი და ამ გზით მოახდინა სმფ-ების თანხობრივი დანაკლისის დადგენა. სმფ-ების არასწორი კატეგორიზაციის გამო, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის განსაზღვრა მოხდა არასწორად, გაანგარიშებაში ასევე არ არის გამიჯნული საქონლის რეალიზაცია მაკომპლექტებელი ნაწილებით და მის გარეშე, რაც ასევე იწვევს არსებით ცდომილებას ფასნამატის გაანგარიშებაში.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის კუთხით საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების (შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა) ექვემდებარება კორექტირებას.
2. დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
დარიცხვის შინაარსი გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორის ხელფასად განიხილა და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაუქვემდებარა უიმედო დებიტორული დავალიანების თანხები, რომლებმაც შეადგინა - 65 087 ლარი. კომპანიის ბალანსზე რიცხული დავალიანებები დაბეგვრას დაექვემდებარა იმ ერთადერთი მიზეზით, რომ მათზე კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამის დებიტორებთან შედარების აქტების გაფორმება.
საგადასახადო ორგანო საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ სადავო საკითხს არ ახსენებს. კომპანიის მიერ საკითხის იდენტიფიცირება მოხდა შემმოწმებლიდან მოთხოვნილი სამუშაო ფაილებიდან. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
- ბუღალტრულ ჩანაწერებით ზუსტად ხდება იმ დებიტორების იდენტიფიცირება, რომელიც აღრიცხული კომპანიის ბალანსზე, ვინაიდან ჩანაწერებში მითითებული მოვალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (საიდენტიფიკაციო ნომერი);
- საგადასახადო ორგანოს შემოწმების პროცესში თავიდანვე განემარტა, რომ კომპანია ვერ ახდენდა აღნიშნულ დებიტორებთან დაკავშირებას და საგადასახადო ორგანოს გააჩნდა საკმარისი დრო შესაბამისი ახსნა-განმარტებები/ინფორმაცია გამოეთხოვა მოვალეებისგან;
- დებიტორები წარმოადგენენ ესტონურ მოდელზე არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და არ წარმოადგენენ კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებს;
- საგადასახადო ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე დებიტორული დავალიანება დაუქვემდებარა დირექტორის ხელფასად ჩათვლას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. 1.01.2017 წლამდე წარმოშობილი მოგების, შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული მოგების ნაწილზე მოგების გადასახადის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
აღნიშნულ საკითხს საგადასახადო შემოწმების აქტი არ მოიცავს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომ შემოწმებამ მოგების გადასახადის ჩათვლაში გაითვალისწინოს კომპანიას მიერ განაწილებული მოგება, რომელიც წარმოშობილი იყო 2017 წლის 1 იანვრამდე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 2017 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი მოგება. განაწილებული მოგების ნაწილზე არ უსარგებლია მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებით, რის შესახებაც ეცნობა საგადასახადო ორგანოს და ეთხოვა მოგების გადასახადის მიუღებელი ჩათვლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში გათვალისწინება.
საგადასახადო ორგანომ კომპანიის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მიუღებელი მოგების გადასახადის ჩათვლის ნაწილშიც საგადასახადო შემოწმების აქტი ექვემდებარება კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველი, მე-2 და მე-3 დავის საგნის ნაწილებში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 9.03.2026 წლის №5192 ბრძანებით:
1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით;
დ) დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 9.03.2026 წლის №5192 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი, მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 9.03.2026 წლის №5192 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის №002-201 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 182 922.4 ლარი და საურავი - 84 853.49 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა დაკისრებული არ აქვს. ბუღალტრულ/ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც მოწმობს საგადასახადო ორგანოს მხრიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოუყენებლობა.
სადავო საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიისთვის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ ერთი საკითხის ფარგლებში - ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე კომპანიას დაუდგინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. რაიმე სხვა საკითხი ან/და სამართალდარღვევა შემმოწმებელს არ გამოუვლენია. მეტიც, საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ კომპანია ზედმეტად იხდიდა გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, კომპანია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებას. ამასთან შუამდგომლობს დავის ზეპირი განხილვა ჩაინიშნოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით 20 აპრილის შემდეგ პერიოდში, ვინაიდან შესაბამისი (საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოდგენისათვის კომპანიას ესაჭიროება გარკვეული ვადა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
2. დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. 1.01.2017 წლამდე წარმოშობილი მოგების, შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული მოგების ნაწილზე მოგების გადასახადის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 4.08.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №28170 ბრძანება და №002-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №5192 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დაიდენტიფიცირდება კომპანიის მარაგში ფაქტობრივად არსებული და ინვოისში მითითებული საქონლის იდენტურობა,ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ამასთან,ზემოაღნიშნული შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის პერიოდების მიხედვით მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.ხოლო, დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე,გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ.ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №5192 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის №5192 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი, მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის №5192 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(1„ა“); 981(1.12); 101(1); 130(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(პირველი და მე-2); 164(1); 269(7); 286(9);