ბრძანება N 33865
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33865
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №135) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №219745/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №EL235909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია „----------“ ----------დან მძღოლის გარეშე გამოაგზავნა ტრანზიტული სატვირთო ავტომობილი, რომელშიც განთავსებული იყო დეკლარირებას დაქვემდებარებული კომპანიის კუთვნილი ავტონაწილები. ტრანზიტულ ტრაილერს ---------- პორტში დახვდა კომპანიის მძღოლ-ოპერატორი, რომელიც გაუგებრობისა და არასწორი კომუნიკაციის გამო, არ აღმოჩნდა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან. მომჩივანი მიუთითებს, რომ მსგავსი შეცდომა და გაუგებრობა აღარ განმეორდება.
აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს, თბომავლით „----------“ საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე შემოტანილ იქნა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშნებით ----------), რომელიც საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით დატვირთული იყო მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებით.
იმავე დღეს, საბაჟო კონტროლის ზონიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გაყვანის მიზნით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „----------“ გამოცხადდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმომადგენელი – ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ ----------), რომელმაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გამოკითხვისას განაცხადა, რომ დასახელებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი იყო მხოლოდ ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რა დროსაც სატვირთო ავტომობილის კაბინაში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (ავტომობილის ძრავის ღვედი – 60 ცალი, სატვირთო ავტომობილის შკივი – 1 ცალი, ძრავის ზეთის გამაგრილებელი – 1 ცალი, გამონაბოლქვი აირის სენსორი – 5 ცალი, ალუმინის ფირფიტა – 10 ცალი, მტვერსასრუტი – 1 ცალი და სატვირთო ავტომობილის მინა – 1 ცალი).
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის №---------- საფუძველზე არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 6 534 ლარი.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანას, 2023 წლის 21 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL235909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით – 6 534 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIRწიგნაკი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა);
გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში;
დ) ATA წიგნაკი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ კომპანიის სახელზე შემოტანილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით დატვირთული იყო მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებით. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გამოკითხვისას კომპანიის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ დასახელებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი იყო მხოლოდ ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, განხორციელებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას სატვირთო ავტომობილის კაბინაში აღმოჩენილ იქნა 6 534 ლარის საბაჟო ღირებულებბის სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის მიმართ სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიამ მძღოლის გარეშე გამოაგზავნა ტრანზიტული სატვირთო ავტომობილი, რომელშიც განთავსებული იყო დეკლარირებას დაქვემდებარებული კომპანიის კუთვნილი ავტონაწილები.კომპანიის მძღოლ-ოპერატორი, რომელიც გაუგებრობისა და არასწორი კომუნიკაციის გამო, არ აღმოჩნდა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან. მომჩივანი მიუთითებს, რომ მსგავსი შეცდომა და გაუგებრობა აღარ განმეორდება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის სახელზე შემოტანილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით დატვირთული იყო მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებით. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გამოკითხვისას კომპანიის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ დასახელებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი იყო მხოლოდ ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, განხორციელებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას სატვირთო ავტომობილის კაბინაში აღმოჩენილ იქნა 6 534 ლარის საბაჟო ღირებულებბის სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1).