ბრძანება N 13036

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.06.2025
№ დოკუმენტი 13036
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13036

18 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----------------ის (პ/ნ -------------------)

(მის: -------------------------------------)

2025 წლის 27 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა ----------------ის (პ/ნ -------------------) №------/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს რომ 2025 წლის 29 აპრილს შემოვიდა ----ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე. სასაზღვრო კონტროლისას უთხრეს, რომ უნდა მისულიყო რენტგენზე და სასწორზე. აღნიშნულის შესრულების შემდეგ შევიდა გეზ-ში, სადაც მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერება. არ ჰქონდა ინფორმაცია მანქანაში შეღწევადობის შესახებ. მარილის ნიმუშის აღების მიზნით მებაჟე ოფიცრის თანდასწრებით და ნებართვით გაიხსნა საბაჟო ლუქი და იმ დღესვე მოხდა საქონლის გადმოტვირთვა რაოდენობის დადგენის მიზნით.

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 25 ტონა მარილი იტვირთება და მოდის ----დან, ტრანსპორტირებას ჭირდება სულ ცოტა 4-5 დღე. ამ პერიოდში მარილი განიცდის შრობას და იკლებს 500 კგ-დან 1 ტონამდე. მარილი იტვირთება ახალდამუშავებული (ახალგარეცხილი და იოდ დამატებული, რაც მატებს წონას), დროთა განმავლობაში ხდება შრობა და იოდის აორთქლება, შესაბამისად წონის კლებაც.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა 5000 ლარი შეიცვალოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 500 ლარით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 29 აპრილს ----------------ის (პ/ნ -------------------) მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი -----) საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ს“ გავლით ------დან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ----------------ის (პ/ნ -------------------) კუთვნილი საქონელი – 25 000 კგ იოდიზირებული მარილი. საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებული №----/--- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა და საქონლის გაფორმების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ დანიშნულებით.

იმავე დღეს, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----ში“ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოირკვა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შესაძლებელი იყო საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა (დასალუქი ზონარი გაჭრილი იყო არათვალსაჩინო ადგილას და გადაბმული იყო პლ. თვითწებვადი ლენტით). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა საქონლის დათვალიერების, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებთ დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქონლის საერთო წონის დადგენის მიზნით ფაქტობრივი აწონვისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც დადგინდა საქონლის დანაკლისი (დეკლარირებული 25 000 კგ-ის ნაცვლად, ფაქტობრივად განთავსებული საქონლის რაოდენობა შეადგენდა 24 311 კგ-ს).

გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 6 მაისს შედგენილი იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----------------ის (პ/ნ -------------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს, როპმ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის საერთო წონის დადგენა შესაძლებელია ფაქტობრივი აწონვით ან/და საშუალო წონის დადგენით – შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით ან/და გადათვლით ან გაზომვით(თხევადიან საყარი ტვირთების შემთხვევაში).

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი და სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც გამორიცხავს ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----------------ის (პ/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა 5000 ლარი შეიცვალოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 500 ლარით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 29 აპრილს მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა საქონელი – 25 000 კგ იოდიზირებული მარილი. საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა და საქონლის გაფორმების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.

იმავე დღეს, გაფორმების ეკონომიკურ ზონში განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოირკვა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილში შესაძლებელი იყო საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევა (დასალუქი ზონარი გაჭრილი იყო არათვალსაჩინო ადგილას და გადაბმული იყო პლ. თვითწებვადი ლენტით). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა საქონლის დათვალიერების, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებთ დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქონლის საერთო წონის დადგენის მიზნით ფაქტობრივი აწონვისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც დადგინდა საქონლის დანაკლისი (დეკლარირებული 25 000 კგ-ის ნაცვლად, ფაქტობრივად განთავსებული საქონლის რაოდენობა შეადგენდა 24 311 კგ-ს).

გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 6 მაისს შედგენილი იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163(1); 166(1.3);