გადაწყვეტილება №19674/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.08.2023
№ დოკუმენტი 19674/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19674/2/2023

18 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19674/2/2023).

 

დავის საგანი:

გამოვლენილი საქონლის არაარსებითი დანაკარგების (1%-ის ფარგლებში) გათვალისწინების მიზანშეწონილობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №077-32 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9999 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 499 577 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 265 389

დღგ - 64 906

საშემოსავლო გადასახადი - 200 483

ჯარიმა - 132 795

საურავი - 101 393

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან, შემოწმებით დადგინდა, რომ არ არსებობს შიდა აღრიცხვის მასალები რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის არ არის ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტები, რომლითაც განისაზღვრებოდა ფასნამატი.

2019 და 2020 წლების დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით, გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის და ფასების ფიქსაციის პროცედურით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 და 2022 წლების რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ აუდირებული ფასნამატი და ფასების ფიქსაციით დადგენილი ფასნამატი ერთმანეთთან შესაბამისობაშია. აღნიშნული ფასნამატები პროდუქციის კატეგორიების მიხედვით გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით. მიღებული შემოსავლები განაწილდა შესაბამის პერიოდებში და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ცნობებზე, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად უფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. აღნიშნული ნაშთები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი წლების ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32681 ბრძანება და №077-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9999 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შეისწავლოს სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9999 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას, აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ნაწილობრივ, რაზედაც წარმოადგენს შემდეგ პოზიციას:

2021 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის ბრძანება №15464 „საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 7 ივლისის №18363 ბრძანება და ჩამოყალიბდა განახლებული მეთოდური მითითება იმავე საკითხთან დაკავშირებით.

ცვლილება შეეხო მე-6 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს არაარსებითი დანაკარგების გადაანგარიშების წესს, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში რეალიზებული, მათ შორის, დანაკლისად დაბეგრილი, საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამი (დღგ-ის გარეშე) არსებითად განსხვავდება წინა სრული კალენდარული წლის ანალოგიური მონაცემისაგან. ამ მუხლის წინა ვერსიაში არ იყო განსაზღვრული გადაანგარიშებას დაქვემდებარებული დანაკარგების საფუძველზე დანაკლისების გადასახადებით დაბეგვრის/დაბეგვრის გაუქმების საანგარიშო პერიოდები, რაც დაკონკრეტდა განახლებული რედაქციით, კერძოდ, თუ ბრუნვა წინა წელთან შედარებით: ა) გაიზარდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაბეგრილი დანაკლისები ექვემდებარება იმავე კალენდარული თვეების დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა (დაბეგვრა); ბ) შემცირდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაუბეგრავი დანაკლისები ექვემდებარება ამავე წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შესაბამის დეკლარაციებში ასახვას (დაბეგვრას).

ასევე, ახალ მეთოდურ მითითებაში მე-7 მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც ჩამოყალიბდა დანაკარგად განსაზღვრის წესი, თუ გამოვლენილი დანაკლისი მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს. კერძოდ, თუ გამოვლენილი დანაკლისი მოიცავს როგორც დღგით დასაბეგრ, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს (სურსათს), თითოეულ დანაკლისში არაარსებით დანაკარგად პირველ რიგში ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრი საქონლის (სურსათის) დანაკლისი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს არაარსებითი დანაკლისის 1 პროცენტის ფარგებში გათვალისწინებას.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ბრძანებაში მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველა ჩამოთვლილი პირობის დაცვით, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ღია საწყობი არის სავაჭრო სივრცე: ა) სადაც იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი; ბ) სადაც გასაყიდად განკუთვნილი საქონელი (სურსათი) განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლმაცივრებში და სხვა სათავსოებში; გ) სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარეკონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ საქონელს (სურსათს); დ) სადაც საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხ-კოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი საქონლის (სურსათის) თვითღირებულება, ისე ამავე საქონლის (სურსათის) რეალიზაციიდან მიღებული თანხა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, არ არსებობს აღრიცხვის მასალები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის არ არის ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით არ არის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას, აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ღია საწყობის სავაჭრო სივრცის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს გარდა შტრიხ-კოდებით საქონლის რეალიზაციისა. აღნიშნული მეთოდური მითითება გამოცემულია საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მხედველობაში არ მიიღება გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგი, რომელსაც არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა 1 პროცენტის ფარგლებში. კომპანიის სურსათის მაღაზია განთავსებულია 300 კვ.მ. ფართობში სავაჭრო ობიექტიდან. კომპანია ახორციელებდა საქონლის (სურსათის) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით, ამიტომაც ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრისას და სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იყოს რეალიზებული საქონლის 1 პროცენტი დანაკლისად, რომელიც გადასახადებით არ დაიბეგრება.

თავად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება გულისხმობს, როგორც შემოსავლების ნაწილში ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრას, ასევე ხარჯების ნაწილიც შესაბამისად განსაზღვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისპროპორცია გამოდის და არეალური დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება. თუ იმ მაღაზიებისათვის, რომელთაც გააჩნიათ შტრიხ-კოდებით რეალიზაციის საშუალება, მათვის დანაკლისის გათვალისწინება შეიძლება, რატომ არ ეძლევა საშუალება იმ მაღაზიათა მეპატრონეებს, რომ გაუთვალისწინონ, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადების დაანგარიშებისას გამოიყენება არაპირდაპირი მეთოდი. დაუჯერებელია იმის მტკიცება, რომ დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციისას არ ექნებოდა დანაკლისი, რაც წარმოუდგენელი ფაქტია. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კანონმდებლობასთან, რადგანაც რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველას და არა შერჩევით. პირდაპირი მეთოდით საგადასახადო შემოწმების განხორციელების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის პოზიცია მართებული იქნებოდა. მაგრამ როდესაც არაპირდაპირი მეთოდით ხორციელდება საგადასახადო შემოწმება და შემოსავლები იზრდება ფასნამატით, ამ შემთხვევაში უპირობოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული 1%-იანი დანაკლისი გადასახადის გადამხდელებისათვის. ამდენად, მოითხოვს კომპანიისათვის დანაკლისის 1 პროცენტის ფარგებში გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის თანახმად, ყველა ჩამოთვლილი პირობის დაცვით, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ღია საწყობი არის სავაჭრო სივრცე:

ა) სადაც იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი;

ბ) სადაც გასაყიდად განკუთვნილი საქონელი (სურსათი) განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლ-მაცივრებში და სხვა სათავსოებში;

გ) სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ საქონელს (სურსათს);

დ) სადაც საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხ-კოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი საქონლის (სურსათის) თვითღირებულება, ისე ამავე საქონლის (სურსათის) რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

შემოწმებით დადგინდა, რომ არ არსებობს აღრიცხვის მასალები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის არ არის ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით არ არის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა.

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ ღია საწყობის სავაჭრო სივრცის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს გარდა შტრიხ-კოდებით საქონლის რეალიზაციის. კომპანიის სურსათის მაღაზია განთავსებულია 300 კვ.მ. ფართობში სავაჭრო ობიექტიდან, ახორციელებდა საქონლის (სურსათის) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით, ამიტომაც ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრისას და სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნეს რეალიზებული საქონლის 1 პროცენტი დანაკლისად, რომელიც გადასახადებით არ დაიბეგრება. მიიჩნევს, რომ როდესაც არაპირდაპირი მეთოდით ხორციელდება საგადასახადო შემოწმება და შემოსავლები იზრდება ფასნამატით, უპირობოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული 1%-იანი დანაკლისი გადასახადის გადამხდელებისათვის. ამდენად, მოითხოვს დანაკლისის 1 პროცენტის ფარგებში გათვალისწინებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითებით (მე-3 მუხლის) განსაზღვრულია პირობები, რომელთა დაცვა, გამონაკლისის გარეშე, სავალდებულოა გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობისათვის, ამასთან ერთ- ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაციის აღრიცხვის წარმოება შტრიხ-კოდებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე და შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას და რომ არამართლზომიერია აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გამოვლენილი საქონლის არაარსებითი დანაკარგების (1%-ის ფარგლებში) გათვალისწინების მიზანშეწონილობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ არ არსებობს აღრიცხვის მასალები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის არ არის ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით არ არის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა. მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ ღია საწყობის სავაჭრო სივრცის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს გარდა შტრიხ-კოდებით საქონლის რეალიზაციის. კომპანიის სურსათის მაღაზია განთავსებულია 300 კვ.მ. ფართობში სავაჭრო ობიექტიდან, ახორციელებდა საქონლის (სურსათის) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით, ამიტომაც ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრისას და სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნეს რეალიზებული საქონლის 1 პროცენტი დანაკლისად, რომელიც გადასახადებით არ დაიბეგრება. მიიჩნევს, რომ როდესაც არაპირდაპირი მეთოდით ხორციელდება საგადასახადო შემოწმება და შემოსავლები იზრდება ფასნამატით, უპირობოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული 1%-იანი დანაკლისი გადასახადის გადამხდელებისათვის. ამდენად, მოითხოვს დანაკლისის 1 პროცენტის ფარგებში გათვალისწინებას.

 

გადაწყვეტილება

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას და რომ არამართლზომიერია აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“)