ბრძანება N 10632
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10632
02 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 18 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა --------- (პ/ნ ---------) №66219/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 13 აპრილის №EL247675 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მებაჟე-ოფიცრის მოთხოვნით მოხდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება. დათვალიერების დროს მებაჟე-ოფიცერს აუხსნა, რომ სატრანსპორტო საშუალების სალონში ჰქონდა თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას. თანხა არ იყო დამალული. შემდეგ მებაჟემ თავად ამოიღო თანხა ქურთუკის ჯიბიდან და შეუდგინა ოქმი. მომჩივანი მიუთითებს, რომ ის სისტემატიურად გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ გავლით და არასოდეს არ ჰქონია შემთხვევა, რომ თანხა არ დაედეკლარირებინა.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ არის ეროვნებით ---------, ქართულ ენას ცუდად ფლობს და აქვს კომუნიკაციის პრობლემა. არასოდეს არ უსარგებლია და არ შემოუთავაზებიათ თარჯიმნის მომსახურება და მიაჩნია, რომ მებაჟე-ოფიცერი მის მიმართ არაკეთილგანწყობილია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 13 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ კონტროლის ზონაში ---------- მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ---------), რომელსაც მართავდა ფიზიკური პირი ---------. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ გადაადგილებდა დეკლარირებას ქვემდებარე საქონელს (მხოლოდ ახალი სხვადასხვა დასახელების ნივთები), რაც გაფორმდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით.
ეჭვის საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა განახორციელა აღნიშნული ავტომობილის დათვალიერებაც, რის შედეგადაც ამ სატრანსპორტო საშუალების სალონში მოთავსებული ქურთუკის გულის ჯიბეში აღმოჩნდა 22 950 აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის გათვალისწინებით – 61 297,15 ლარი).
გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 13 აპრილს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 22 950 აშშ დოლარის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქმეში არსებული ვიდეომასალით ასევე დასტურდება, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ (---------) ენაზე და დასმულ კითხვებზე მომჩივანი გარკვევით და მკაფიოდ პასუხობდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 22 950 აშშ დოლარის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(1); 169(2);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი