ბრძანება N 13622
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13622
10 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------)
(მის.: --------------------------------------)
2024 წლის 24 და 28 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) 2024 წლის 24 მაისის №89848/1/2024, №89847/1/2024 და 28 მაისის №87849/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის ID: 28470985 შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. განმარტავს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს ავტომობილზე განხორციელებული ექსპორტის ოპერაციის შედეგად შემცირებული აქციზისა და იმპორტის თანხა. აცხადებს, რომ რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ უარი ეთქვა თანხის დაბრუნებაზე. მიუთითებს, რომ ბოლოს წარმოდგენილ მოთხოვნაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც გამოასწორა და წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხარჯებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით. ამასთან, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამტვრეული მანქანების აღდგენაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ხელოსნებისგან ვერ ხერხდება შესაბამისი ქვითრების მოწოდება. აღნიშნავს, რომ ასევე შეუძლებელია ერთ-ერთ მანქანის გაყიდვის შედეგად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოდგენა, რადგან აღნიშნული ავტომობილი გაიყიდა საქართველოში დროებით მცხოვრებ პირზე, ხოლო 6 თვეზე ნაკლებ ვადაში საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოცემულ პერიოდში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უმეტესი მანქანები გაიყიდა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) 2024 წლის 23 აპრილის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის (ID: ------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი 3 777.39 ლარის დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე 180 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული ექსპორტის ოპერაციისას აქციზისა და იმპორტის გადახდის შედეგად.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2024 წლის პირველ მაისს განისაზღვრა ხარვეზი: (ID: -------), კერძოდ:
. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის თანახმად, 2022-2023 წლებში ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში 6 თვეზე ნაკლები ვადით არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია (მათ შორის, ექსპორტი-რეექსპორტი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას (წარდგენას ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია აღნიშნულ წლებზე);
.წარმოსადგენია შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობა 2021-2023 წლებში გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ, მათი შეძენის და გასხვისების თარიღების მითითებით;
.ასევე, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით წარმოსადგენია ხარჯისა და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება, საბაჟო დეკლარაცია);
.წარმოდგენას ექვემდებარება ცნობა საბანკო დაწესებულებებიდან გადასახადის გადამხდელის სახელზე არსებული ანგარიშების შესახებ (2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში მიმდინარე, გახსნილ და დახურულ ანგარიშებთან დაკავშირებით), ასევე ამონაწერები (PDF, EXCELL) ყველა საბანკო ანგარიშიდან ამავე პერიოდზე.
დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი და წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტები. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტები და აღნიშნულის საპასუხოდ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 21 მაისს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა შესაგებელი (ID: ----) და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული განსაზღვრული ხარვეზი, კერძოდ, სრულად არ იქნა წარმოდგენილი 6 თვეზე ნაკლებ პერიოდში რეალიზებული ავტოსატრასპორტო საშუალებების როგორც შეძენის, ისე რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია (ინვოისები, ხელშეკრულებები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:
ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 23 აპრილამდე რამდენჯერმე მოითხოვა ზედმეტად გადახდილი იგივე თანხის უკან დაბრუნება, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს 2020-2023 წლებში უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების 6 თვეზე ნაკლებ ვადაში საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი), გადასახადის გადამხდელს მიეცა მითითება წარმოედგინა შეძენა/გასხვისების ოპერაციებთან დაკავშირებით ხარჯისა და შემოსავლების დამადასტურებელი სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ნამეტი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დეკლარირების განხორციელება. გადასახადის გადამხდელმა უარყო ნამეტი შემოსავალის მიღების ფაქტი და არ წარმოადგინა არც ხარჯის და არც შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. თუმცა, 2024 წლის 13-28 მარტს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომლებითაც დაადეკლარირა საშემოსავლო გადასახადი მცირე ოდენობით, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავ არ იქნა წარმოდგენილი როგორც ხარჯის, ასევე შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა სრულად არ გამოასწორა ხარვეზი და სრულყოფილად არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა მომჩივანის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2024 წლის პირველ მაისს განისაზღვრა ხარვეზი.დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი და წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტები. 2024 წლის 21 მაისს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა შესაგებელი და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული განსაზღვრული ხარვეზი, კერძოდ, სრულად არ იქნა წარმოდგენილი 6 თვეზე ნაკლებ პერიოდში რეალიზებული ავტოსატრასპორტო საშუალებების როგორც შეძენის, ისე რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია (ინვოისები, ხელშეკრულებები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1) ; 65(1,2,3,4,5);