გადაწყვეტილება №25568/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25568/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს--- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 2.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25568/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №024-40 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 216 957.58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 625 265
დღგ - 354 295
საშემოსავლო გადასახადი - 270 970
ჯარიმა - 319 280
საურავი - 272 412.58
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 8.07.2021 წლიდან 1.10.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2023 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2021 წლის ივლისიდან.
შემოწმების პროცესში გადამხდელთან დანიშნულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 2023 წლის 4 დეკემბერს, ბრძანების ჩაბარების შემდეგ გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული საქონელი აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული გაწერილია გასავალში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „დანართი 16“-ში აღწერილი იქნა ფაქტიური ნაშთი 2023 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, რომელიც გადმოგზავნილ იქნა შემოწმებისთვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ იქნა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც ნაწარმოებია არასრულად. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები.
შესაბამისად, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ ფასნამატებთან, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პერიოდების მიხედვით.
საწარმოს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების „დანართი №9“-ის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 1.02.2024 წლის №1813 ბრძანება და 2.02.2024 წლის №024-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5050 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 19.07.2024 წლის №22826/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5050 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21081 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21081 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
4. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №14525 ბრძანება და №024-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე, გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ----“ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც ზემოთ აღინიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „გროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (აუდირებული) ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, მომჩივანს საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების საფუძველზე გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, დამატებითიო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის №80927-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, მომჩივნის მიერ 2.08.2025 წელს წარმოდგენილი №25568/2/2025 საჩივრის მიხედვით, მომჩივანი აღნიშნავს რომ გამოყენებულია სხვა კომპანიის ფასნამატი. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც საგადასახადო შემოწმების აქტშიც დაფიქსირებულია რომ შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49- ე პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ ფასნამატებთან, დაკორექტირდა - გაიზარდა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, თვითღირებულება განსაზღვრულია საინვოისო ღირებულებების მიხედვით. რაც შეეხება შპს ----ის ფასნამატის გამოყენებას, აღნიშნული კომპანიის შესყიდული საქონლის ძირითად წილს შეადგენს „საშინაო ფეხსაცმელი“ და „რეზინის ფეხსაცმელი“, რომლის ფასნამატიც ვერ იქნებოდა შესაბამისობაში შპს ---ის დოკუმენტურ ფასნამატებთან. ორგანიზაციის დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით, შეადგენს 2021 წელი - 56,5%, 2022 წელი - 49,2%, 2023 წელი - 34,3%, რის საფუძველზეც განისაზღვრა უდოკუმენტო რეალიზაციის ოდენობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, თუ რატომ არ წარადგინა შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულება აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო მის მიერ საჩივარში დასახელებული კომპანია სადავო შემთხვევაში, საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, ვერ გამოდგება შესადარისად. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
დავების განხილვის საბჭოს №24101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (აუდირებული) ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული დასკვნის მიხედვით, მომჩივანს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24101/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.