ბრძანება N 18974
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18974
26 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: ----- N --)
2025 წლის 28 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 69) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 28 ივლისის N 118993/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის N 006-229 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის დამფუძნებლისგან/დირექტორისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის საწარმოს დირექტორ/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ სესხის თანხები მიმართულია საბრუნავი სახსრების შესავსებად. კერძოდ, როგორც წესი, ეს თანხები გამოყენებულია მომწოდებლებისთვის მოწოდებული/მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად ან ვადადამდგარი საბაჟო გადასახდელების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო გადასახადების გადასახდელად. სესხი აიღება იმ ოდენობით, რაც აუცილებელია ვადადამდგარი ვალდებულების დასაფარავად. სესხის თანხები შეიტანება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე და უნაღდო ანგარიშსწორებით ხდება ვალდებულების დაფარვა. სესხის პროცენტები დაბეგრილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, სახეზეა წმინდა სასესხო ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, პროცენტის თანხის ჩათვლა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 თებერვლის N 2779 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 01.01.2022 - დან 01.01.2025 - მდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 3 ივლისის N 15019 ბრძანება და 4 ივლისის N 006–229 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 026 ლარი, მათ შორის გადასახადი 64 600 ლარი, ჯარიმა 32 300 ლარი და საურავი 21 126 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმების მიმდინარებისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული ჰქონდა სესხი და შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი ჰქონდა პროცენტები. კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა აღნიშნული სესხის საჭიროება და მიზნობრიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გადახდილი პროცენტის თანხა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორ/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული ჰქონდა სესხი და შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი ჰქონდა პროცენტები. კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა აღნიშნული სესხის საჭიროება და მიზნობრიობა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტის თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის დამფუძნებლისგან/დირექტორისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის საწარმოს დირექტორ/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული ჰქონდა სესხი და შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი ჰქონდა პროცენტები. კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა აღნიშნული სესხის საჭიროება და მიზნობრიობა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 026 ლარი, მათ შორის გადასახადი 64 600 ლარი, ჯარიმა 32 300 ლარი და საურავი 21 126 ლარი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტის თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 154 2 „ა“ და „ბ"; 175;