ბრძანება N 32427
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32427
22 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №85001/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №005-145 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში წარმოდგენილი არ არის კონკრეტული ციფრები, თუ რის მიხედვით მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. შემოწმების აქტში წარმოდგენილია მხოლოდ ზედაპირული ანალიზი დარიცხვის მიზნებისთვის. გადამხდელი მიუთითებს, რომ მათი დაანგარიშებით დადებითი ბალანსი მიღებულ საწარმოს შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის შეადგენს 1 035 455,94 ლარს, რაზეც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 258 863,99 ლარს. აღნიშნული თანხა განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხისგან და სხვაობა წარმოადგენს (418 787 ლარი) 159 923 ლარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 აგვისტოს №20138 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 11 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 სექტემბრის №23889 ბრძანება და ამავე თარიღის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 986 015 ლარი, მათ შორის გადასახადი 709 455 ლარი, ჯარიმა 936 074 ლარი და საურავი 340 486 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 12 ოქტომბერს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია დებიტორ-კრედიტორების ნაშთები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის სალაროს ნაშთები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები, რომელიც თანხვედრაშია გამოწერილ ელექტრონულ ანგარიშფაქტურებთან. შემოწმების მიერ დადგენილ იქნა საწარმოს მიერ მიღებული თანხები, ამასთან ჩაითვალა, რომ გაწეული ხარჯი სრულად იყო ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. ასევე, გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იყო ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან. მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნული სალაროს უძრავი ნაშთი განხილული იქნა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნდა სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სალაროს ნაშთი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები, რომელიც თანხვედრაშია მის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. ასევე, გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებული იქნა ყველა ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იყო ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან. აღნიშნულის შესაბამისად, მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა, კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
ორგანიზაციის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია დებიტორ-კრედიტორების ნაშთები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის სალაროს ნაშთები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნული სალაროს უძრავი ნაშთი განხილული იქნა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154