ბრძანება N 2805
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2805
17 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 9 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) №93606/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 დეკემბრის №050-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ გადასახადები დარიცხულია არასწორად, არსებითი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. არასწორად არის გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვები და დასაბეგრი ოპერაციის თანხები. აქტში არ არის მითითება, თუ რას წარმოადგენდა გამოვლენილი სხვაობა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობებში. სხვაობა თითქოს დადგინდა სამშენებლო დოკუმენტაციაში (ფორმა 2), რაც არ შეესაბამება რეალობას და არის განხორციელებული ოპერაციების არასწორი ინტერპრეტაციით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13172 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 დეკემბერს გამოსცა №26214 ბრძანება და ამავე თარიღის №050-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 112 761 ლარი, მათ შორის, გადასახადი 72 666 ლარი, ჯარიმა 26 370 ლარი და საურავი 13 725 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (ს/ნ -------) დაფუძნებულია 2022 წლის 2 მარტს და ამავე თარიღიდან აქვს მინიჭებული დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. საწარმოს ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, კერძოდ 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე ახორციელებდა სკოლების და საბავშვო ბაღის მშენებლობარეაბილიტაციის სამუშაოებს, როგორც შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ქვეკონტრაქტორი. გადასახადის გადამხდელი ბუღალტერიას აწარმოებს პროგრამა "1C"-ს საშუალებით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების და გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე ჯამში შეადგენს 3 625 429 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული დღგ შეადგენს 652 577 ლარს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საანგარიშოშესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა №2) შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს დღგ-ის გარეშე 4 029 136 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული დღგ შეადგენს 725 244 ლარს. დაბეგრილ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა შეადგენს 403 707 ლარს. პირს, გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, სადაც აღნიშნავს, რომ მათი დამკვეთი შპს ------- (ს/ნ -------) მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და რიგ შემთხვევებში სამუშაოს ასრულებდა შპს „-------“ ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულების მიხედვით. მათთვის ცნობილი იყო შპს --------სა და სახელმწიფო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ყველა დეტალი. ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულება იმეორებდა ძირითადი ხელშეკრულების პირობებს და ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 10%-ის დატოვებას დამკვეთისათვის/შპს -------სათვის.
შემმოწმებელმა დასაბეგრ ბრუნვად დაადგინა შპს -------სა და სახელმწიფო დამკვეთ ორგანიზაციას შორის არსებული მიწოდების თანხა 1000 ლარი, რაც არასწორია. ყოველთვიურად, შპს -------სა და სახელმწიფო დამკვეთ ორგანიზაციას შორის შედგენილია ფორმა 2, იდენტური ფორმა 2 დგებოდა მათსა და -------ს შორის, იმ განსხვავებით, რომ ფორმა 2-ს ბოლო ხაზზე მიეთითებოდა დამკვეთისათვის დასატოვებელი თანხა (10%) და სხვაობით მიიღებოდა ასანაზღაურებელი თანხა. ფორმა 2-ების საბოლოო თანხები შეესაბამება შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს, გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა არა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, არამედ ფორმა 2-ებით.
მომჩივანი აცხადებს, რომ არანაირი გადასახადის თანხის შემცირება ან დროში დაგვიანება არ ხდებოდა. თუ კონკრეტულ თვეში მათ მიერ ძირითადი ხელშეკრულების მიხედვით შესრულდებოდა 1000 ლარის სამუშაო, შპს -------სა და სახელმწიფო დამკვეთ ორგანიზაციას შორის შედგებოდა ფორმა N2 - 1000 ლარზე და გამოიწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1000 ლარზე. ამავე პერიოდში მათსა და შპს -------ს შორისაც შედგებოდა ფორმა N2 და მიღება ჩაბარების აქტი 900 ლარზე, გამოიწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 900 ლარზე. ადეკლარირებდნენ და იხდიდნენ დღგ-ს 900 ლარის ბრუნვიდან, ხოლო შპს ------- ახდენდა 900 ლარის დღგ-ს ჩათვლას. ამავე პერიოდში ადეკლარირებდა და იხდიდა 1000 ლარის დღგ-ს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მაისის პერიოდის ფორმა 2-ში მითითებული სამუშაოთა ჯამი 135 507,13 ლარი მიიღო შემმოწმებელმა საფუძვლად და მხედველობაში არ მიიღო დამკვეთისადმი დასატოვებელი თანხა 13 550,71 ლარი, რაც ფორმა 2-ში გამოკლებულია და მიღებულია (135 507,13-13550,17)=121 956,41 ლარი, რაც შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტშია ასახული. შემმოწმებლებს უნდა ეხელმძღვანელა მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით. ფორმა 2-ის ბოლოში მოცემული ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ედრება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სათანადო წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები). ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს მიღებაჩაბარების აქტებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სათანადო წესით დამოწმებული მიღებაჩაბარების აქტები);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს მიღება-ჩაბარების აქტებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, კერძოდ 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე ახორციელებდა სკოლების და საბავშვო ბაღის მშენებლობარეაბილიტაციის სამუშაოებს, როგორც ქვეკონტრაქტორი.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საანგარიშოშესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა №2) შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შესწავლის შედეგად დადგინდა სხვაობა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების და გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დაბეგრილ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სათანადო წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები). ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს მიღებაჩაბარების აქტებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163(2); 164;