გადაწყვეტილება №28115/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.10.2026
№ დოკუმენტი 28115/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28115/2/2026

26 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 14.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2026 წლის №086-30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18756 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 216.42 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 38 965.13

ჯარიმა - 11 233.00

საურავი - 6 018.29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სფეროა ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო რეესტრში ჩაერთო 2019 წლის 30 მაისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, თუმცა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია დაუდგინდა 2025 წლის 22 იანვარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №6975 ბრძანება და №086-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10785 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 470 ლარით. აღნიშნულის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №086-30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18756 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18756 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვასთან დაკავშირებთ, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, თუ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10785 ბრძანება, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები, რომლის საფუძველზე პირს შეუმცირდა გადასახადი 1 471 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დღგის ჩათვლის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არამართლზომიერად. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. არასრულადაა ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ - ითხოვს დანართად წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის გადამოწმებას, სადაც მონიშნულია ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისი მითითებით;

2. არაფერია ნახსენები დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დროს არსებულ ნაშთზე დღგ-ის ჩათვლაზე შესაბამისად, არც გაანგარიშებულია ნაშთზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (აღნიშნულის გაანგარიშება შეიძლება არაპირდაპირი მეთოდით).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 ივნისის დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ საკვები პროდუქტებითა და სასმელებით ვაჭრობის გარდა იგი ასევე ახდენდა ხილბოსტნეულის რეალიზაციას, რომელიც დღგ-ისგან გათავისუფლებულია, თუმცა შემოწმების პროცესში ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავებისას კომპანიას არ უფიქსირდებოდა ხილ-ბოსტნეულის შეძენა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვერ მოხდა თანხის კორექტირება/შემცირება. ხოლო, დღგ-ის ჩათვლის ნაწილი დაკორექტირდა და გათვალისწინებულ იქნა 1 471 ლარის ჩათვლა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების ნაწილში არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10785 ბრძანება, შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამავე ბრძანებაში, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ 2026 წლის 25 ივნისის დასკვნაზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების დასკვნით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები, რომლის საფუძველზე შემცირდა გადასახადი 1 471 ლარის ოდენობით და შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, აპელირებს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულ შემოსავლების სამსახურის პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ არასრულადაა ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ, რასთან დაკავშირებითაც ითხოვს დანართად წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის გადამოწმებას, ამასთან აღნიშნავს, რომ არაფერია ნახსენები დღგ-ის რეგისტრაციის დროს არსებულ ნაშთზე დღგ-ის ჩათვლაზე, შესაბამისად, არც გაანგარიშებულია ნაშთზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, რომლის გაანგარიშება მიაჩნია, რომ შეიძლება არაპირდაპირი მეთოდით.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტი, 2026 წლის 25 ივნისის დასკვნაში, ხსენებულ ნაწილში აღნიშნავს, რომ დღგ-ის ჩათვლის ნაწილში დაკორექტირდა და გათვალისწინებულ იქნა 1 471 ლარის ჩათვლა, მაგრამ მომჩივნის მიერ ამჟამად წარმოდგენილ პოზიციაზე (რომელიც მანამდე წარდგენილი პოზიციების ანალოგიურია), არც ხსენებულ დასკვნაში და არც შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, შემმოწმებლის ქმედებაზე (რაც დავალებული ქონდა აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, სწორედ მომჩივნის საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნის საფუძველზე) პოზიცია დაფიქსირებული არ არის, ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სადავო საკითხის ნაწილში საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით კვლავაც ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის დროს არსებულ ნაშთზე დღგ-ის ჩათვლას, ამასთან მიუთითებს პოზიციაზე/მოსაზრებაზე (მისი არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებაზე), რაც შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია.

აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2026 წლის №---21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაციის თარიღიდან გამოწერილი ჰქონდა მხოლოდ 1 471 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. რაც შეეხება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთს, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პერიოდში ჩათვლის უფლება არ მოუთხოვია. შესაბამისად, ვერ მოხერხდა თანხის დამატებით შემცირება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი არ წარმოადგენს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის რეესტრის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე ჩათვლის განხორციელების თაობაზე.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხის ნაწილში აღნიშნა, რომ შემოწმების პერიოდში რაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ქონდა გამოწერილი გადასახადის გადამხდელს ყველა გათვალისწინებული იქნა ჩათვლებში,გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა დამატებით წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება 1 471 ლარის ოდენობით, დავის ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ცხრილი 6 000 ლარის დამატებით ჩათვლაზე, რაც გადამოწმებული იქნა და დაახლოებით იგივეა, ანუ ეხება შესამოწმებელ პერიოდს, არ არის აღსრულების ეტაპზე გათვალისწინებული და ექვემდებარება ჩათვლებში გათვალისწინებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10785 ბრძანებით სადავო საკითხის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე) დამატებით შესწავლა, მომჩივნის არგუმენტებზე, რომ არასრულადაა ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ და რომ არ არის გაანგარიშებული ნაშთზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ასევე საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციაზე, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ცხრილში მითითებული გარკვეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ექვემდებარება ჩათვლებში გათვალისწინებას.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხი განიხილა, გადასახადის გადამხდელის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18756 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №10785 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო რეესტრში ჩაერთო 2019 წლის 30 მაისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, თუმცა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია დაუდგინდა 2025 წლის 22 იანვარს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6975 ბრძანება და №086-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №10785 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება),ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).შემოსავლების სამსახურის №10785 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.

შემოსავლების სამსახურის №10785 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 470 ლარით. აღნიშნულის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №086-30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18756 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №18756 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 165(1.2.7); 169(1); 172(4 ,,უ“ და ,,ფ“); 174(1.2.3); 175(1 „ა“ და ,,გ“); 176(1 ,,ა“ და „ბ“);