გადაწყვეტილება №25109/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 25109/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25109/2/2025

02 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 23.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25109/2/2025).

 

დავის საგანი:

ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველზე ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.02.2025 წლის N 006-12586 შეტყობინება;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.02.2025 წლის N 006-12587 შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7100 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

26.02.2025 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა, მომჩივნის შპს-------ს (ს/ნ --------) ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 27.02.2025 წლის N 006-12586 და N 006-12587 შეტყობინებების საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 27.02.2025 წლის N 006-12586 და N 006-12587 შეტყობინებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის N 7100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-8, 238-ე, 239-ე, 246-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 26.02.2025 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა -------ის (----- პ/ნ FE----), ი/მ --------ის (ს/ნ ------), შპს -------ის (ს/ნ HE-----) და შპს „-------LTD“-ის (ს/ნ HE-----) შპს -----ს (ს/ნ -----) ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ -----ის (ს/ნ ------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 27 თებერვლის N 006-12586 და N 006-12587 შეტყობინებებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 04.04.2025 წლის მდგომარეობით, შპს ------ს (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინებები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

30.01.2024 წელს ფინანსურმა პოლიციამ გადასცა აქტი და მოსთხოვა ახსნა - განმარტებების მიცემა. როგორც შპს ------ ყოფილმა დირექტორმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხული თანხა. 16.02.2024 წელს წარადგინა N 26521/21 საჩივარი. 29.03.2024 წელს განხილული იქნა საჩივარი და შემოსავლების სამსახურმა გამოსცა N 6984 ბრძანება. ამ ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ბრძანების საფუძველია აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 07.06.2024 წლის N 433 დასკვნა, სადაც წერია, რომ დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტმა 17.06.2024 წელს გამოსცა N 14043 ბრძანება შპს ------ს (ს/ნ ------) 23.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდეს.

17.06.2024 წელს შპს ------ს (ს/ნ ------) შემოსავლების სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა N 005-82 საგადასახადო მოთხოვნა და N 17319 ბრძანება. წერილობით და ელექტრონულად ჩაბარება ვერ მოხერხდა და 23.07.2024 წელს საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. გამოქვეყნებიდან 20 დღეში გამოცხადდა გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარებულად და კიდევ მომდევნო 30 დღის გასვლის შემდეგ დარიცხული გადასახადი გამოცხადდა აღიარებულ გადასახადად 28.02.2025 წელს მოდის შეტყობინება N 006-12587 და N 006-12586 ნებისმიერი სახის ქონებაზე საგადსახადო გირავნობა იპოთეკის შესახებ თანახმად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლისა (სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა ცრუმაგიერ პირად აღიარებაზე).

29.03.2024 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული N 6984 ბრძანებით, ----- შპს -----ს ყოფილი დირექტორს მიეცა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო მომჩივანი მხარე. ამის მიუხედავად შემმოწმებელი არ დაუკავშირდა, არ ჩააყენა საქმის კურსში და დამალულად, 07.06.2024 წელს გამოსცა N 433 დასკვნა, სადაც განაცხადა, რომ არაფერი ახალი არგუმენტი არ წარმოუდგენია. იმისდა მიუხედავად, რომ შემმოწმებელმა იცოდა მომჩივნის ტელეფონის ნომერი და პირადი მონაცემები, არ დაუკავშირდა მან დაარღვია მომჩივნის უფლებები, არ მისცა არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.

შემმოწმებელი აცხადებს, რომ გამოცემული N 433 დასკვნა ვერ ჩაბარდა ვერც ელექტრონულად და ვერც წერილობით - მისთვის როგორც მომჩივანისთვის არ გაუგზავნია არც წერილობით და არც ელექტრონულად. შემმოწმებელმა N 433 დასკვნა ატვირთა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებულ შპს ------ ვირტუალურ კაბინეტში, რაზედაც მომჩივანს წვდომა არ აქვს. შემმოწმებელი ინფორმირებული იყო, რომ მომჩივანი არა შპს ---- იყო არამედ შპს ----ს ყოფილი დირექტორი, მაგრამ სპეციალურად, განზრახ, დაშინებისა და ფინანსური ზიანის მიყენების, მიზნით მოქმედებდა და N 433 დასკვნა არ გაუგზავნა მას, შპს -----ს ყოფილი დირექტორს, რის შედეგადაც დარიცხული გადასახადის აღიარება მოხდა და 28.02.2025 წელს გამოცემული იქნა №006-12587 და N 006-12586 შეტყობინება ------ის ნებისმიერი სახის ქონებაზე საგადსახადო გირავნობა იპოთეკის შესახებ. დაწყებული 28.04.2021 წლის N 11887 ბრძანებით და გაგრძელებული 28.02.2025 წელს გამოცემული N 006-12587 და N 006-12586 შეტყობინებით, ხდება გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევა, შევიწროვება და უკანონო დევნა.

26.02.2025 წელს ვალის მართვის დეპარტამენტის სასამრთლოში წარდგენილია N 21-17/---- შუამდგომლობა, სადაც მტკიცებულების სახით წარდგენილია 20.04.2021 წლის N 11887 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული შპს ----- კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელშიც წერია დივიდენდი გაცემულია შემდეგ პირებზე:

- -----ზე (------ პ/ნ FE-----), 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 3 713 382 ლარი;

- შპს ე-----ზე (ს/ნ HE-----) 2020 წლის თებერვალში გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 439 117 ლარი;

- შპს „------- LTD“-ზე (ს/ნ HE------) 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 5 746 004 ლარი.

ამ მტკიცებულების მიხედვით სახსრები არის გადაცემული, -------ზე, შპს -----ზე და შპს „-------LTD“-ზე. შესაბამისად ცრუმაგიერობა უნდა გავრცელდეს ამ პირებზე. სად წერია, რომ დირექტორმა მიიღო რაიმე სახის სახსრები ან ქონება? ცრუმაგიერობას ვალის მართვის დეპარტამენტი იყენებს არაკანონიერად, გადამხდელზე არაკანონიერი ზეწოლისა და მძევლად აყვანის მიზნით.

ცრუმაგიერი პირი არის სახსრების და ქოენების მიმღები პირი, რომელიც ხელს უწობს პირს გადასახადის არ გადახდის მიზნით სახსრების და ქონების გადამალვაში. მას, როგორც დირექტორს ხელფასის გარდა არ მიუღია არანაირი სახსრები ან ქონება. ამიტომ ვალის მართვის დეპარტამენტის ქმედება არა ნამდვილი ცრუმაგიერის დადგენის მიზნით განხორციელებული ქმედებაა არამედ დაშინებისა და მომჩივნისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას ისახავს მიზანს. დაშინება გულისხმობს მომჩივნის მთელ ქონებაზე ყადაღა-გირავნობის გავრცელებას. ფინანსური ზიანი კი შედგება, იმ გარემოებიდან, რომ მომჩივანს უწევს დაიქირაოს ადვოკატი, ხოლო ადვოკატი სთხოვს 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და მოგებული თანხის 5%, რაც შეუძლებელს ხდის დაიქირავოს ადვოკატი.

10.04.2025 წელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით N 6871 საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, რაც ნიშნავს, რომ აღიარებული გადასახადი იქნა გასაჩივრებული.

26.02.2025 წელს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სასამრთლოში წარმოდგენილი შუამდგომლობა N 21-17/----- არ უნდა გავრცელდეს ------ზე. გაურკვეველია 27.02.2025 წელს N 006-12587 და N 006-12586 ორი შეტყობინება რატომ გამოიცა ერთ საქმეზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 26.02.2025 წლის N 21-17/----- შუამდგომლობა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისგან თავის არიდების მიზნით საწარმოს პასუხისმგებელი პირი, ------, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას არ ასრულებდა კანონმდებლობის შესაბამისად, სარგებლობდა შეღავათით, რომელიც კანონით არ ეკუთვნოდა, ხოლო საწარმოს კუთვნილ თანხებს განკარგავდა შემდეგნაირად:

1.-----ზე (-----პ/ნ FE-----) 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 3 713 382 ლარი;

2. შპს -------ზე (ს/ნ HE------)2020 წლის თებერვალში გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 439 117 ლარი და

3. შპს „----- LTD“-ზე (ს/ნ HE-----) 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 5 746 004 ლარი.

შპს ------ს (ს/ნ -----) თანხების სავარაუდოდ პირადი მიზნებისთვის გამოყენება იკვეთება საწარმოს დირექტორის, -----ის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციიდან, რომლის მიხედვით, 2019-2022 წლებში შეძენილია 7 ერთეული უძრავი ქონება, რამდენიმე ერთეული უძრავი ქონების შეძენა ფიქსირდება შემდეგ პერიოდშიც.

აღნიშნული შუამდგომლობით მოთხოვნილია 1.------ (------ პ/ნ -----), 2.------ (პ/ნ ------), 3.შპს ------ (ს/ნ HE-----) და 4.შპს----- LTD (ს/ნ HE-----) აღიარებულ იქნან შპს -----ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების თაობაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველზე ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისგან თავის არიდების მიზნით საწარმოს პასუხისმგებელი პირი, დირექტორი, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას არ ასრულებდა კანონმდებლობის შესაბამისად, სარგებლობდა შეღავათით, რომელიც კანონით არ ეკუთვნოდა, ხოლო საწარმოს კუთვნილ თანხებს განკარგავდა შემდეგნაირად: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით გაცემულია დივიდენდის სახით ჯამში 5 746 004 ლარი. კომპანიის თანხების, სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვის გამოყენება იკვეთება. საწარმოს დირექტორის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციიდან, რომლის მიხედვით, 2019-2022 წლებში შეძენილია 7 ერთეული უძრავი ქონება, რამდენიმე ერთეული უძრავი ქონების შეძენა ფიქსირდება შემდეგ პერიოდშიც. აღნიშნული შუამდგომლობით მოთხოვნილია გარკვეული პირები აღიარებულ იქნან კომპანიის ცრუმაგიერ პირებად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების თაობაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239; 246 (2; 4);.