ბრძანება N 226

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 226
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 226

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2024 წლის 2 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2024 წლის 2 იანვრის №86446/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №085-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2020 წელს ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო საწარმო ვერ ახერხებდა დროულად ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოებას და შესაბამის დეკლარირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხის სრულად გაუქმებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორისგან ------გან შეძენილია 72 000 ლარის ძირითადი საშუალება და კანონის შესაბამისად შპს-ს არ ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული თანხა ჩაეთვალა ხელფასად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23079 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 დეკემბრის №30204 ბრძანება და ამავე თარიღის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 235 575 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 343 ლარი, ჯარიმა 105 834 ლარი, საურავი 10 398 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული დოკუმენტები (ზედნადები, საფი). საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა ზოგიერთ თვეში დასაბეგრი თანხის ცვლილება (გაზრდა/შემცირება), კერძოდ: შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში საწარმოს მიერ რეალიზებულია ------, რაც გადამხდელის ბუღალტერიაში ასახული არაა. 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში გამოწერილი ელ. ზედნადებები, რომელზეც საფ-ები არ იყო გამოწერილი და არ არის დაბეგრილი საწარმოს მიერ. 2023 წლის ივნისსა და ივლისში შეცდომით (ძირითადად ავანსის განმეორებით დაბეგვრის გამო) გაზრდილია დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა., შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტი სამუშაოების წარმოება. შემოწმების მიმდინარეობისას, საბანკო ანგარიშებზე და წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ თანხები გადარიცხულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის და შესაბამისად დაბეგრილი არაა გადახდის წყაროსთან, საწარმოს დამფუძნებელზე ჩარიცხულია 37 860 ლარი, საწარმოს დირექტორზე ჩარიცხულია 97 662 ლარი, მის ძმაზე ჩარიცხულია 80 480 ლარი, რომლებიც რეგულარულად იღებენ ხელფასს. ასევე, საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან არაა დაბეგრილი ------ზე გაცემული თანხა 6 500 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში (2020 წლის ნოემბერი, 2021 წლის ივლისი და აგვისტო) სრულად არაა დეკლარირებული გაცემული ხელფასი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით, ზემოაღნიშნული განაცემები, სალაროდან გატანილი თანხა და 2020 წლის აპრილის თვეში რეალიზებული ავტომობილის ღირებულება დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. გამომდინარე აქედან, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2020 წლის აპრილში რეალიზებულია -------, რაც გადამხდელის ბუღალტერიაში ასახული არაა, ასევე 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში გამოწერილია ელ. ზედნადებები, რომელიც საწარმოს მიერ არ არის ასახული დასაბეგრ ბრუნვაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ თანხები გადარიცხულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის და შესაბამისად დაბეგრილი არაა გადახდის წყაროსთან. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში (2020 წლის ნოემბერი, 2021 წლის ივლისი და აგვისტო) საწარმოს მიერ სრულად არაა დეკლარირებული გაცემული ხელფასი. შემოწმებით, ზემოაღნიშნული განაცემები, დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული დოკუმენტები (ზედნადები, საფი). საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა ზოგიერთ თვეში დასაბეგრი თანხის ცვლილება (გაზრდა/შემცირება), კერძოდ: შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში საწარმოს მიერ რეალიზებულია ავტომობილი, რაც გადამხდელის ბუღალტერიაში ასახული არაა. 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში გამოწერილი ელ. ზედნადებები, რომელზეც საფ-ები არ იყო გამოწერილი და არ არის დაბეგრილი საწარმოს მიერ. 2023 წლის ივნისსა და ივლისში შეცდომით (ძირითადად ავანსის განმეორებით დაბეგვრის გამო) გაზრდილია დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა., შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. საწარმოს ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტი სამუშაოების წარმოება. შემოწმების მიმდინარეობისას, საბანკო ანგარიშებზე და წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ თანხები გადარიცხულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის და შესაბამისად დაბეგრილი არაა გადახდის წყაროსთან, საწარმოს დამფუძნებელზე ჩარიცხულია 37 860 ლარი, საწარმოს დირექტორზე ჩარიცხულია 97 662 ლარი, მის ძმაზე ჩარიცხულია 80 480 ლარი, რომლებიც რეგულარულად იღებენ ხელფასს. ასევე, საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან არაა დაბეგრილი ფ/პ-ზე გაცემული თანხა 6 500 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში (2020 წლის ნოემბერი, 2021 წლის ივლისი და აგვისტო) სრულად არაა დეკლარირებული გაცემული ხელფასი. შემოწმებით, ზემოაღნიშნული განაცემები, სალაროდან გატანილი თანხა და 2020 წლის აპრილის თვეში რეალიზებული ავტომობილის ღირებულება დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. გამომდინარე აქედან, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").