ბრძანება N 10993

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი 10993
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10993

19 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.:---) 2026 წლის 29 აპრილის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2026 წლის 29 აპრილის №102043/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №024-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ გარდა ძირითადი საქმიანობისა, წლებია ეწევა იმერული „გლეხური“ ყველით ვაჭრობას, რომელიც გათავისუფლებული დღგ-ისგან. განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას ამცირებდა, მაგრამ არა იმ ფორმითა და ოდენობით როგორც ამას საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს. მიუთითებს, რომ აღნიშნულის მტკიცებულებად გამოდგება ის ხელოვნურად გაზრდილი ფასნამატი, რომელიც მეწარმეს გააჩნდა. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ სარგებლობდა კვალიფიციური პირის მომსახურებით და თვითონ ადგენდა დეკლარაციებს, რომლის სათანადო ცოდნაც არ გააჩნდა და გახდა სამართალდარღვევის მიზეზი. აქედან გამომდინარე, აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და მზადყოფნას გამოთქვამს გადაიხადოს გადასახადი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5058 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7728 ბრძანება და ამავე თარიღის №024-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 115 653 ლარი, მათ შორის, გადასახადი 66 127 ლარი, ჯარიმა 33 063 ლარი, საურავი 16 463 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ---ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სწრაფი კვების მომსახურება, კერძოდ, საკვები ობიექტი (სახაჭაპურე). მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 3 სექტემბრიდან. პირის სახელზე რეგისტრირებულია 1 სალარო აპარატი-N---, 2019 წლის 3 იანვრის თარიღით (----) და შემდეგი პოს-ტერმინალები: სს ---, ტერმინალის რეგისტრაციის გაუქმების თარიღი - 2025 წლის 9 იანვარი; სს ---, ტერმინალის ---, ტერმინალის გაუქმების თარიღი-2024 წლის 23 ოქტომბერი და მოქმედი სს --- ბანკის --- ტერმინალი (----), ტერმინალის რეგისტრაციის თარიღი-2024 წლის 21 ოქტომბერი (----).

შემოწმების დროს დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პოს-ტერმინალის საბანკო ამონაწერები, რის საფუძველზეც გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რომელიც დათვლილი იქნა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალების მიხედვით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 979 614 ლარს, რაშიც მონაწილეობს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მიბმულია დეკლარაციაზე. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავალში 367 369 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაბეგრილი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პოსტერმინალის საბანკო ამონაწერები, რის საფუძველზეც გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რომელიც დათვლილი იქნა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მიხედვით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 979 614 ლარს, რაშიც მონაწილეობს გამოწერილი და დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით, გამოვლინდა სხვაობა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალებით მიღებულ შემოსავალში 367 369 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაბეგრილი, რის საფუძველზე პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვითაც ეთანხმებოდა შემოწმების შედეგებს და განმარტავდა, რომ დეკლარაციებში თანხების სხვაობა გამოწვეულია გათავისუფლებული ბრუნვებიდან, თუმცა მეწარმის მიერ ვერ მოხდა შესყიდვის აქტებისა და რეალიზაციის დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ყველის შესყიდვისა და რეალიზაციის ფაქტი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს;

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პოსტერმინალის საბანკო ამონაწერები, რის საფუძველზეც გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რომელიც დათვლილი იქნა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მიხედვით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 979 614 ლარს, რაშიც მონაწილეობს გამოწერილი და დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით, გამოვლინდა სხვაობა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალებით მიღებულ შემოსავალში 367 369 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაბეგრილი, რის საფუძველზე პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 269 (7).