გადაწყვეტილება №20151/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20151/2/2023
3 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ --)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20151/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13904 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 06 აპრილის №045-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13505 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 371 082,76 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 181 961
დღგ - 105 581
საშემოსავლო გადასახადი - 70 012
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 47
ქონების გადასახადი - 6 321
ჯარიმა - 86 334
საურავი - 102 787,76
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სასტუმრო-რესტორნით და სპეც-ტექნიკით მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16589 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოების გამო:
1. გადამხდელი 2018-2020 წლებში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, ვერ დადგინდა შემოსავლის აღრიცხვის სისწორე და ვერ დაიდენტიფიცირდა ჩამოწერილი საქონელი სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით დადგინდა რესტორნის მენიუს თითოეული კერძისა და სასმელის თვითღირებულება და ფასნამატი (გადამხდელის მიერ მოწოდებული მენიუს სარეალიზაციო ფასების და რეცეპტების კალკულაციების მიხედვით). შეძენილი საკვები პროდუქციის და შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთის (გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტებით) მეშვეობით, წლების მიხედვით დადგინდა რეალიზებული კერძებისა და სასმელის თვითღირებულება სახეობების, ჯგუფების მიხედვით და 2018-2020 წლებში გავრცელდა დადგენილი კატეგორიების საშუალო შეწონილი ფასნამატები.
სასტუმროს შემოსავალი გაანგარიშდა 2018 და 2019 წლებში მაქსიმალური დატვირთვის 50%-იანი განაკვეთით (იანვარი, ივნისი, ივლისი, აგვისტო) და მაქსიმალური დატვირთვის 30%-იანი განაკვეთით დანარჩენ თვეებში, ხოლო 2020 და 2021 წლებში მაქსიმალური დატვირთვის 20%-იანი განაკვეთით, გარდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ლოკდაუნის პერიოდებისა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, მიღებული სხვაობებით გაიზარდა გადამხდელის 2018, 2019 და 2020 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი. ასევე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში გააჩნდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. მეწარმის განმარტებით, მის მიერ დაქირავებული პირები სარგებლობენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა, შემოწმების პროცესში, აღნიშნული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადამხდელს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-80, 142-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 06.06.2022 წლის №13904 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში (გარდა მიწისა) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13904 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 3 750 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 500 ლარი და ჯარიმა 1 250 ლარი, რაზეც წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №045-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13505 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
- მეწარმემ აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 06.06.2022 N13904 ბრძანებით დადგენილ ვადაში წარუდგინა:
o შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიერ გაწეული სარესტორნო მომსახურების დეტალური გაანგარიშება: დამზადებული/რეალიზებული კერძების რაოდენობების და გასაყიდი ფასების შესახებ თვეების მიხედვით;
o თითოეული კერძის კალკულაციისა და დამზადებულ კერძებში გახარჯული მასალა ნედლეულის შესახებ;
o შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ გაწეული სასტუმრო მომსახურეობის შესახებ: რომელიც სტატისტიკურად ტოლია ფიქსირებული 10%-იანი დატვირთულობისა და booking.com -დან მიღებული შეკვეთების 3-ზე ნამრავლის (300%-ის) ჯამს.
სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების თანხების გაანგარიშება.
- აუდიტის დეპარტამენტმა მეწარმის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მხედველობაში არ მიიღო და არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებების გამო (როგორც ამას ის გადაანგარიშების აქტში თავად აღწერს):
o მეწარმის მიერ წარდგენილი სარესტორნო მომსახურების გაანგარიშებაში დაფიქსირებული კერძების რეალიზაციების ხვედრითი წილი მთლიან რეალიზაციაში არ შეესაბამება მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულ პროპორციებს, სადაც მეწარმე მიუთითებდა, რომ ხინკლის გაყიდვების წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს - 25%-ს, ღორის მწვადის რეალიზაციის წილი -25%-ს, ქაბაბის - 25%-ს, ხბოს მწვადის - 12%-ს. აუდიტის დეპარტამენტის მტკიცებით კერძების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების ზემოხსენებული პროპორცია დაცული არ არის საწარმოს მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ გაანგარიშებაში;
o მეწარმის მიერ წარდგენილი სარესტორნო მომსახურების გაანგარიშებაში ასახული ზოგიერთი კერძების ფასები ნაკლებია და არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით კერძების ფასებს. მაგალითად, ხბოს მწვადის ფასი, ხინკლის ფასი და სხვა.
o მეწარმის მიერ წარდგენილი სარესტორნო მომსახურების გაანგარიშებაში ასახული ზოგიერთი კერძის რეცეპტი არ შეესაბამება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების იმავე კერძის რეცეპტებს.
o რაც შეეხება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ სასტუმრო მომსახურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი „გადაანგარიშების დასკვნაში“ მიუთითებს, რომ სასტუმროს მიერ არ მომხდარა სასტუმროს დატვირთულობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რის გამოც საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი შედეგები დარჩა ძალაში. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით 2018- 2019 წლებში სასტუმროს დატვირთულობამ შეადგინა - 15%, 2020 წელს - 11% და 2021 წელს - 8%. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული დატვირთულობა გამოყვანილია შემდეგი პრინციპით: 2018-2019 წლების იანვრის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტად გამოყენებული იქნა - 50%, ხოლო დანარჩენ თვეებში - 30%. 2020 და 2021 წლებში სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტად გამოყენებული იქნა - 20%, გარდა „ლოკდაუნები პერიოდებისა“ რა პერიოდებში შესაბამისად შემცირებულია დატვირთულობის კოეფიციენტი:
გადაანგარიშების დასკვნა:
მეწარმის პოზიცია: მეწარმე მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
- გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული პროპორცია წარმოადგენდა საორიენტაციო და არა ზუსტ პროპორციებს, რაც ერთი შეხედვითაც ნათელია მეწარმის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემული ახსნა-განმარტების გრამატიკული გამოხატვის ანალიზით. მეწარმე ახსნა- განმარტებაში აფიქსირებს, რომ 3 ძირითადი პროდუქტის წილი მთლიან რეალიზაციაში ზუსტად ერთნაირია და შეადგენს 25%-25%-ს, რაც უკვე მიუთითებს მიცემული ახსნაგანმარტების არაზუსტ, არამედ საორიენტაციო ხასიათს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არგუმენტი, რომ მეწარმის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებში დაფიქსირებული პროპორციები არ შეესაბამება მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში მიცემულ ახსნა-განმარტებებს იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
- იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დეპარტამენტს გააჩნდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციისაგან განსხვავებული ინფორმაცია, მაგალითად რამდენიმე დასახელების კერძზე პერიოდების მიხედვით განსხვავებული ფასის არსებობის შესახებ, მას შეეძლო შესაბამის კერძებზე, პერიოდების მიხედვით, გამოეყენებინა განსხვავებული ფასი, თუმცა შეუსაბამობები რამდენიმე კერძის ფასებს შორის არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისას, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უარი თქვას და მხედველობაში არ მიიღოს მეწარმის მიერ წარდგენილი გაანგარიშება.
- აუდიტის დეპარტამენტის მტკიცება, რომ მეწარმის მიერ წარდგენილი სარესტორნო მომსახურების გაანგარიშებაში ასახული ზოგიერთი კერძის რეცეპტი არ შეესაბამება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების იმავე კერძის რეცეპტებს, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია: აუდიტის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია „მსგავსი საქმიანობის“ განმახორციელებელი პირის კალკულაცია, რომ შესაძლებლობა მისცემოდა განემარტა განსხვავებული კალკულაციის მიზეზები ან საერთოდ იდენტიფიცირება მოეხდინა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ადგილი ქონდა იდენტური კერძების შედარებას.
- რაც შეეხება მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ სასტუმრო მომსახურებას, მეწარმემ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შემოსავლების სამართლიანად დაანგარიშების მეთოდი, რომელიც ემყარება ფაქტობრივ სტატისტიკას, სადაც სასტუმრო მომსახურება გაანგარიშებულია შემდეგი პრინციპით:
სასტუმროს მუდმივ ფიქსირებულ დატვირთულობას - 10%-ს ემატება ცვლადი დატვირთულობა, რომელიც შეადგენს სასტუმროს ჯავშნების ვებგვერდ - booking.com -ზე შემოსული ჯავშნების ოდენობების ნამრავლს 3-ზე (300%-ს), რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებულად არ იქნა მხედველობაში მიღებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ უნდა გაუქმდეს სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
• შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13904 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ექსელის ფაილით რესტორნისა და სასტუმროს ბრუნვის გაანგარიშებები. აღნიშნულ გაანგარიშებებში გამოვლინდა რიგი ხარვეზები:
1. გადამხდელის გაანგარიშებით რეალიზებული ხორცის შემცველი სხვადასხვა დასახელების კერძის პროცენტული თანაფარდობა მთლიან რეალიზაციასთან არ შეესაბამებოდა გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წერილობით წარდგენილ ახსნა-განმარტებას (გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ხორცის შემცველი სხვადასხვა დასახელების კერძების პროცენტული რეალიზაციის შესახებ. ხინკალი - 25%, ღორის მწვადი - 25%, ქაბაბი - 25%, ხბოს მწვადი - 12%, დანარჩენი თანაბრად ნაწილდებოდა შემდეგ კერძებზე: ხარჩო, ჩაქაფული, ოსტრი, ხბოს ჩაშუშული, გულიაში, ბლინჩიკი ხორცით, ხაშლამა, კუპატი).
2. გაანგარიშებაში ასახული ზოგიერთი კერძის ფასი იყო ნაკლები და არ შეესაბამებოდა შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით კერძების ფასებს. კერძოდ, გაანგარიშებით გადამხდელი აფიქსირებდა ხბოს მწვადის ფასს 2018, 2019 და 2020 წლებში 12 ლარს, ხოლო შემოწმების მონაცემებით 2018 წლის სექტემბრიდან ხბოს მწვადის ფასი იყო 14 ლარი. გადამხდელის გაანგარიშებით ხინკლის ფასი 2018 წელს იყო 70 თეთრი (შემოწმების მონაცემებით 2018 წლის სექტემბრიდან ფასი გაიზარდა 80 თეთრამდე), გაანგარიშებით ქაბაბის ფასი 2019 წელს იყო 8 ლარი (შემოწმების მონაცემებით 2019 წლის აგვისტოდან ქაბაბის ფასი იყო 9 ლარი). ასევე, ზოგიერთი კერძის რეცეპტი (მაგ.: სუპ-ხარჩოს) მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა მსგავსი საქმიანობის დაწესებულებების იმავე კერძის რეცეპტისგან. აღნიშნული ხარვეზების კორექტირების შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით, რესტორნის შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი რესტორნის ბრუნვა შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოწმების მიერ მოხდა სასტუმროს შემოსავლის დათვლა 2018 და 2019 წლებში მაქსიმალური დატვირთვის 50%-იანი განაკვეთით (იანვარი, ივნისი, ივლისი, აგვისტო) და მაქსიმალური დატვირთვის 30%-იანი განაკვეთით დანარჩენ თვეებში, 2020 და 2021 წლებში მაქსიმალური დატვირთვის 20%-იანი განაკვეთით გარდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ლოკდაუნის პერიოდებისა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სასტუმროს ბრუნვის გაანგარიშება ექსელის ფაილში, სადაც შემცირებული ჰქონდა შემოწმების მიერ გამოყენებული სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტები, 2018 წელს და 2019 წელს საშუალო დატვირთულობა შეადგენდა 15%-ს, 2020 წელს 11%- ს, ხოლო 2021 წელს 8%-ს. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი სასტუმროს დატვირთულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასტუმროს შემოსავალი არ დაექვემდებარა შემცირებას.
ამავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადამხდელმა შემმოწმებელს გაუგზავნა რამდენიმე დასაქმებული პირის ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე: ი/მ --- (ს/ნ ---) - სტატუსი ამოქმედდა 2016 წლიდან და ფ/პ --- (პ/ნ ---) - სტატუსი ამოქმედდა 2022 წლის 24 თებერვლიდან.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით 2016 წლიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს, ასევე, ფლობდნენ დასაქმებული პირები: ფ/პ--- (პ/ნ ---), ფ/პ --- (პ/ნ ---), ფ/პ --- (პ/ნ ---) და ფ/პ --- (პ/ნ ---). აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდი იყო 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ გაითვალისწინა ი/მ ---ს (ს/ნ ---), ფ/პ ---ს (პ/ნ ---), ფ/პ ---ის (პ/ნ ---), ფ/პ ---ის (პ/ნ ---) და ფ/პ ---ის (პ/ნ ---) სტატუსი, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 2 500 ლარით, ხოლო ჯარიმის შემცირება 1 250 ლარით.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13904 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13904 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16589 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 06.06.2022 წლის №13904 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13904 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 3 750 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 500 ლარი და ჯარიმა 1 250 ლარი, რაზეც წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №045-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13505 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13904 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 (21).