გადაწყვეტილება №26243/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26243/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ს“ 1.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26243/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9256 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №007-222 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ნოემბრის №24827 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 558 336.13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 328 561.93
დღგ - 116 929
საშემოსავლო გადასახადი - 211 632.93
ჯარიმა - 164 281
საურავი - 65 493.20
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქ. „-------“-ში, „-------“.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 სექტემბრის №19924 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფართის იჯარაზე საწარმოს დირექტორთან/დამფუძნებელთან გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის, ისევე როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა (მ.შ საბუღალტრო აღრიცხვა, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების, ასევე ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ და სხვ.) შემოწმების პროცესში არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური (ზედნადებით) შეძენა გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარდგენაც არ მომხდარა. კომპანია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევისთვის ორჯერ დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ამავე ტერიტორიაზე (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის ოქტომბრამდე აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა მეორე საწარმო .გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი მენიუს მიხედვით,მომჩივანის მიერ ფუნქციონირებად რესტორანს საფირმო სახელი დღემდე არ აქვს შეცვლილი) მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის შესახებ არსებული მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში. რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი (ჩამოსასხმელი) ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება (1 ლარის ალკოჰოლურ სასმელზე რეალიზებული საკვები 2,08 ლარი). საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საბანკო გადარიცხვები, გადახდილი გადასახადები) ანალიზის შედეგად განისაზღვრა ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26917 ბრძანება და №007-298 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 520 903.77 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 17 თებერვლის №2807 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 9.03.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.03.2025 წლის №24889/2/2025 (რეგ. 27.03.2025 წელი, №03/22440) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2807 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 8.05.2025 წლის №9256 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.06.2025 წლის №12567 ბრძანებით, 8.05.2025 წლის №9256 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება. კერძოდ, მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9256 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2025 წლის დასკვნა, 12.08.2025 წლის №18194 ბრძანება და №007-222 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 14 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 11 ნოემბრის №24827 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2025 წლის 17 ივნისის №12567 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებაში და გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე, თუმცა მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა. შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე, მათ შორის საჩივრების ზეპირ განხილვაზე, არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელისთვის დამატებითი მტკიცებულების წარდგენისთვის განესაზღვრა 15 კალენდარული დღე, რაც არასაკმარისი იყო მტკიცებულებების წარსადგენად, ვინაიდან უფლებამოსილი პირი იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. ამასთან, პროგრამული მონაცემების გადმოტვირთვის ხარვეზი შეიქმნა, რის შესახებაც არაერთხელ მიწერა გადასახადის გადამხდელმა კომუნიკატორის საშუალებით და შეატყობინა აუდიტის დეპარტამენტს არსებული ხარვეზის შესახებ. ვინაიდან უფლებამოსილი პირის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას დაემთხვა ეს საკითხი, ვერ მოხერხდა ტექნიკური პრობლემის დროულად მოგვარება. შესაბამისად, მომჩივანმა ვერ შეძლო დამატებით განსაზღვრულ ვადაში მონაცემების დამუშავება და გადაგზავნა.
ითხოვს მიეცეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. დამატებით მტკიცებულების წარდგენისთვის არ ითხოვს დამატებით ვადას, პროგრამულად აღრიცხულია გადასახადის გადამხდელის სრული ფინანსური მდგომარეობა, წარმოება და წარმოებასთან მიბმული დანახარჯები.
ითხოვს მიეცეს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არსებითად შეიცვლება საწარმოზე არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული გადასახადების ოდენობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9256 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 17.06.2025 წლის №12567 ბრძანებით, 8.05.2025 წლის №9256 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებას გაეცნო 2025 წლის 13 მაისს. 2025 წლის 28 მაისს მომჩივანმა წარადგინა წერილობითი პოზიცია, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარსადგენია საბუღალტრო პროგრამის ასლი, ხოლო პროგრამის ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გადმოტვირთვა ვერ ხერხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის აღმოფხვრისა და პროგრამის ტექნიკურად გამართვის მიზნით, გადასახადის გადამხდელი ითხოვდა მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №12567 ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილება 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებაში და საწარმოს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 17 ივნისს, თუმცა საგადასახადო ორგანოსთვის მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
საბჭომ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და 19.12.2025 წელს, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, მომჩივანს მიეცა წინადადება, 1 კვირის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული მტკიცებულებები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დამატებით წარდგენილი მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მიეცეს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არსებითად შეიცვლება საწარმოზე არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული გადასახადების ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში ნედლეულის დოკუმენტური შეძენა გადამხდელს უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ნედლეულის შეძენებზე არსებობს შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმების პროცესში მათი წარდგენაც არ მომხდარა. კომპანია სსკ-ის 70-ე მუხლის დარღვევისთვის ორჯერ დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. 2023 წლის ოქტომბრამდე აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა მეორე საწარმო.გაანგარიშებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის რპთ დოკუმენტურად დადასტურებულ შეძენებთან მიმართებაში. რესტორნის მენიუს, სალაროს ჩეკებისა და საბანკო ამონაწერების საფუძველზე დიფერენცირებულ იქნა ცალკე რეალიზებადი ლუდისა და რესტორანში მიწოდებული ლუდის ოდენობა და ღირებულება, რასაც დაემატა არაპირდაპირი მეთოდით მიკუთვნებული საკვების ღირებულება სსკ-ის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის ანალიზის შედეგად განისაზღვრა ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),163,164,304.