გადაწყვეტილება №24558/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24558/2/2024
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 30.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24558/2/2024).
დავის საგანი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 ოქტომბრის №EL266063 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 დეკემბრის №26223 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 12 124,69 ლარი.
ფაქტების აღწერა
2024 წლის 23 ოქტომბერს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, განხორციელდა ---------- შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონლის საწყობის პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის მიმართ 2024 წლის 23 ოქტომბერს „eCustoms“-ის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მიერ განისაზღვრა რისკის პროფილი „წითელი დერეფანი“, რაც კანონმდებლობით ითვალისწინებს საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას.
დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა 1 335,6 კგ სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, რომელის საბაჟო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგინა 4 448,61 აშშ დოლარი.
აღნიშნული ჩაითვალა საქონლის შემოტანად საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაზეც მომჩივანს, 2024 წლის 28 ოქტომბრის №EL266063 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 12 124.69 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26223 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ექსპორტიორის მიერ მოწოდებული სასაქონლო ზედნადების მიხედვით მის მიერ წარდგენილ იქნა საქონლის სასაწყობე დეკლარაცია. დეკლარაციასა და რეალურად შემოტანილ საქონელს შორის აღმოჩნდა სხვაობა სახეობებში. მოცემულ საკითხში გასარკვევად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზედნადებში მითითებულ თითოეული დანაკლისად ჩათვლილ და არადეკლარირებულად შემოტანილად მიჩნეული საქონლის წონას შორის არის ზუსტი გრამობრივი თანხვედრა:
ბროწეულის წვენი 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ, ნეტო 1 080 კგ) - გრანულირებული სოიო 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ, ნეტო - 1080 კგ);
ალუბლის ჩირი 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) - ბოსტნეულის ფქვილი 360 ცალი (ბრუტო 222 კგ, ნეტო 180 კგ)
ორეგანო 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ);
სულენ სანელებლები (Wild Rue) – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კვ).
აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საქონლის მომწოდებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში შეცდომით იქნა ჩაწერილი 3 პროდუქტის მხოლოდ დასახელება არასწორად. აღნიშნული კი საბაჟო სამსახურმა ჩათვალა არადეკლარირებული საქონლის შემოტანად და დეკლარირებულში დანაკლისის არსებობად. რაც არასწორი გადაწყვეტილებაა. ვინაიდან მომწოდებლის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომა არ შეიძლება იქნას სანქციის საფუძვლად გამოყენებული. მით უფრო რომ იგივე მომწოდებელმა მოგვიანებით გასწორებული ზედნადები მიაწოდა, სადაც ჩასწორებულია მის მიერ დაშვებული შეცდომა. კერძოდ პირვანდელ ზედნადებში საქონლის დასახელებაში მე-19 ნომრით არსებული ბროწეულის წვენი 3 600 ცალი რომელიც დანაკლისად იქნა მიჩნეული საბაჟოს მიერ, შეცვლილია რეალურად შემოტანილი იგივე წონის გრანულირებული სოიო 3 600 ცალით.
22-ე ნომრით არსებული ალუბლის ჩირი 360 ცალი, რომელიც დანაკლისად იქნა მიჩნეული საბაჟო სამსახურის მიერ შეცვლილია რეალურად შემოტანილი იგივე წონის ბოსტნეულის ფქვილი 360 ცალი.
28-ე ნომრით არსებული ორეგანო 1008 ცალი, რომელიც დანაკლისად იქნა მიჩნეული საბაჟო სამსახურის მიერ შეცვლილ იქნა რეალურად შემოტანილი იგივე წონის სუნელ - სანელებლები 1 008 ცალი.
აღნიშნული ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ არანაირ დანაკლისსა და არადეკლარირებული საქონლის შემოტანას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად უსაფუძვლოა საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რადგან სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2024 წლის 17 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ---------- შემოვიდა სხვადასხვა დასახელების საქონლით დატვირთული №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება.
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შესახებ 2024 წლის 25 ოქტომბრის №---------- აქტის მიხედვით დგინდება, რომ 2024 წლის 23 ოქტომბერს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა ---------- შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონლის საწყობის პროცედურაში დეკლარირება №---------- საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც განესაზღვრა რისკის პროფილი „წითელი დერეფანი“. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი ბროწეულის წვენი – 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ; ნეტო 1 080 კგ), ალუბლის ჩირი – 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) და ორეგანო – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ) და აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი: გრანულირებული სოიო – 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ; ნეტო 1 080 კგ), ბოსტნეულის ფქვილი – 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) და სუნელ-სანელებელი (Wild Rue) – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ).
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ არადეკლარირებული და დანაკლისად მიჩნეული საქონელი რაოდენობრივად და წონით ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ადგილი ჰქონდა შეცდომას (მომწოდებლის მიერ) საქონლის დასახელებებში.
ვინაიდან, მომჩივანს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულებები, მათ შორის ---------- ექსპორტის დეკლარაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 17 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სხვადასხვა დასახელების საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შესახებ 2024 წლის 25 ოქტომბრის აქტის მიხედვით დგინდება, რომ 2024 წლის 23 ოქტომბერს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონლის საწყობის პროცედურაში დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც განესაზღვრა რისკის პროფილი „წითელი დერეფანი“. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი ბროწეულის წვენი – 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ; ნეტო 1 080 კგ), ალუბლის ჩირი – 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) და ორეგანო – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ) და აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი: გრანულირებული სოიო – 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ; ნეტო 1 080 კგ), ბოსტნეულის ფქვილი – 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) და სუნელ-სანელებელი (Wild Rue) – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1).