ბრძანება N 11133
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11133
19 მაისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2026 წლის 28 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები: №29; №34) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 28 იანვრის №12642/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-600 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
● არ ეთანხმება მცირე მეწარმეებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობა სპეციფიკურია და გულისხმობს იმპორტირებული სახაძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას ობიექტზე, აღნიშნული სამუშაოები ყოველთვის არის კონკრეტული რაოდენობის, კონკრეტულად დადგენილ პერიოდში უნდა შესრულდეს და სპეცილური ცოდნის მქონე პირმა უნდა შეასრულოს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე შპს „-------“ მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს კონკრეტულად ამ ტიპის სამუშაოების შემსრულებელ ინდივიდუალურ მეწარმეებთან, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები. აცხადებს, რომ მათ ვალდებულებას არ წარმოადგენდა მომსახურე ინდივიდუალური მეწარმეების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან, მათთან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ყველა ინდივიდუალური მეწარმე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წესით, რაც ადვილად დადასტურდება გადამხდელთა რეესტრში მათი გადამოწმებით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით არ მოხდა იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ თითოეული მომსახურე ინდივიდუალური მეწარმე შესრულებულ სამუშაოზე ახდენდა საგადასახადო დეკლარირებას და იხდიდა გადასახადს. ასევე, არ მოხდა წარდგენილი მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების შესწავლა და გათვალისწინება, სადაც დეტალურადაა აღწერილი სამუშაოების შესრულების პირობები. აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მიაწოდეს შემმოწმებელს.
● გადამხდელი არარეზიდენტი მომწოდებელი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით განმარტვს, რომ კომპანია ახორციელებს ცეცხლმედეგი ბინის და სახანძრო კარის იმპორტს, ზემოაღნიშნულ არარეზიდენტ (თურქულ) ქარხანასთან კარის შეკვეთის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, შეკვეთის ტექნიკური მონაცემების ერთ ფურცელში არასწორად ეწერა შესაკვეთი კარის ზომა, შესაბამისად, გამზადებული შეკვეთა სრულად უვარგისი აღმოჩნდა, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, შპს „--------“ დერექტორის მიერ მოხდა პირადი ვიზიტი მწარმოებელთან, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ დამზადდებოდა სწორი ზომებით ხელახალი შეკვეთა, შპს „-------” მიიღებდა მცირე ფასდაკლებას ხელახალ შეკვეთაზე და არასწორად დამზადებული კარის გაყიდვას საწარმო უზრუნველყოფდა სხვა ისეთ ქვეყანაში, სადაც აღნიშნული კარი თავისი ზომით მისაღები იქნებოდა, წუნდებული პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხიდან საწარმო აიღებდა დარჩეწილ 50%-ს. გადამხდელი მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა მოხდა არამართლზომიერად, რადგან აუდიტორმა არ გაითვალისწინა მხარეებს შორის შეთანხმების მეორე ნაწილი. აღნიშნული საკითხი დღემდე არ არის დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქული საწარმოსთან.
● შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გაცემულ 35 083 (ოცდათხუთმეტი ათას ოთხმოცდასამი) ლართან დაკავშირებით, გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნული თანხის დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირებას.
● შემოწმების მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის (267 090 ლარის ოდენობით), დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მათთვის ბუნდოვანია რა არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დაადგინა აუდიტორმა სალაროს ნაშთი 267 090 ლარი. მათ შესთავაზეს შემმოწმებელს საკითხის ერთად გავლა, ასევე, არ მოხდა იმ დოკუმენტაციის მოწოდება, რომლის საფუძველზეც მიიღებულია ზემოთ აღნიშნული ფულის ნაშთის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13102 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28733 ბრძანება და ამავე თარიღის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 239 910 ლარი, მათ შორის გადასახადი 144 066 ლარი, ჯარიმა 72 033 ლარი და საურავი 23 810 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროა შენობების სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 18 აპრილი, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 23 მარტს. შპს „-------“ ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას უწევს მხოლოდ იურიდიულ პირებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას, კერძოდ,„-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, მცირე მეწარმე), „-------“ (პ/ნ „-------“, ი/მ) და „-------“(პ/ნ 5 „-------“, ფ/პ). მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას შპს „------- -სგან“ და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან.
კომპანია ხელშეკრულების და ინვოისების საფუძველზე ახორციელებს შენობებისთვის აუცილებელი სახანძრო სისტემების იმპორტს თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. საწარმოს დირექტორის განმარტებით, მოხდა არასწორი შეკვეთის გაფმორმება, აღნიშნული გადახდა წარმოადგენს კომპანიისთვის ზარალს.
გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე, არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.
ასევე, შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გამოვლინდა ფულის ნაშთი 267 090 ლარის ოდენობით, რაც დაკვალიფიცრდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლებით, შედეგად, რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, აგრეთვე, ავანსად გადარიცხული თანხა, სალაროდან გაცემული თანხა და სალაროში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას, რომელთა ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას შპს „------ სგან“ და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან. შედეგად, რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად.
ასევე, შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი. ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დროს, დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი.
გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე, არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამსიად, აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, შედეგად, გამოვლინდა ფულის ნაშთი 141 615 ლარის ოდენობით (აგროსვის გარეშე), რაც დაკვალიფიცრდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 2 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა (გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გადაეგზავნა შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები) ფულის ნაშთის გაანგარიშებას და წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო გონივრული ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს,ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სფეროა შენობების სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 18 აპრილი, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 23 მარტს.
კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს ინდივიდუალური მეწარმეების შრომას.მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას საწარმოსგან და საწყის ეტაპზე აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს წყაროსთან. კომპანია ხელშეკრულების და ინვოისების საფუძველზე ახორციელებს შენობებისთვის აუცილებელი სახანძრო სისტემების იმპორტს თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში თურქულ საწარმოსთან პროდუქციის შესაკვეთად კომპანიამ გადარიცხა ავანსი. საწარმოს დირექტორის განმარტებით, მოხდა არასწორი შეკვეთის გაფმორმება, აღნიშნული გადახდა წარმოადგენს კომპანიისთვის ზარალს.შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან სესხის სახით გატანილია 35 083 ლარი, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია თანხის გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამასთანავე, არ ფიქსირდება თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. ასევე, შემოწმება ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით, გამოვლინდა ფულის ნაშთი 267 090 ლარის ოდენობით, რაც დაკვალიფიცრდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.რიგი მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, აგრეთვე, ავანსად გადარიცხული თანხა, სალაროდან გაცემული თანხა და სალაროში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.