გადაწყვეტილება №20477/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20477/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ -ის 2.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20477/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18365 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №006-129 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14710 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 284 991,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 140 383
დღგ - 5 922
მიწა - არასასოფლო - 320
მოგების გადასახადი - 66 141
საშემოსავლო გადასახადი - 68 000
ჯარიმა - 71 173
საურავი - 73 435,83
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებული პირის - შპს „-----ს“ სასარგებლოდ (შპს „-----ს“ 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია შპს „------“-ის 33%-იანი წილის მფლობელი ------) იპოთეკით დატვირთული აქვს 500მ2 კომერციული ფართი, რომელიც 2020 წლის მარტში გაიყიდა იძულებითი აუქციონის წესით. აღნიშნული ფართი შპს „------თვის“ წარმოადგენდა თავდებობის ნივთს №------ ტენდერისათვის. შპს „------მ“ გაიმარჯვა ტენდერში, მაგრამ ვერ შეასრულა ტენდერის პირობები, რის გამოც შპს „-----ს“, როგორც პროექტის დამზღვევის მიერ მოხდა შპს „------“-ის ქონების რეალიზაცია იძულებით აუქციონზე. აღნიშნული ოპერაციიდან გადასახადის გადამხდელს ურთიერთდამოკიდებული კომპანიის მიმართ მოთხოვნა არ აქვს აღიარებული, არ ხდება ფულადი სახსრების შემოსვლა შპს „------გან“ თავდებობის ფარგლებში ჩამორთმეულ ქონებაზე და ამ ოპერაციის ფარგლებში ბუღალტრულ ჩანაწერებში გადამხდელს შპს „-----“ არ ჰყავს აღიარებული, როგორც დებიტორული დავალიანების მქონე პირი. ბუღალტრული ჩანაწერების სისწორე დადასტურებულია საწარმოს მხრიდან.
2018 წელს შპს „-----“-ს შპს „-----ზე“ რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინა, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც კომპანია შპს „-----ს“ მხოლოდ ამ ოპერაციიდან მისაღები თანხით აღიარებს დებიტორად. ვინაიდან კომპანიის უძრავი ქონება უსასყიდლოდ იქნა გამოყენებული ურთიერთდამოკიდებული კომპანიის სასარგებლოდ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით აღნიშნულ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და შპს „-----“-ის მიერ კომერციული ფართის საბაზრო ფასის შესაბამისი თანხა შპს „-----ზე“ უსასყიდლოდ გადაცემად იქნა მიჩნეული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დამფუძნებლებზე და მათი ოჯახის წევრებზე რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები საბაზრო ფასებზე დაბალ ფასში. კერძოდ, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინის რეალიზაციისას 1მ2-ზე საშუალო ფასად ფიქსირდება 1384 ლარი, ხოლო დამფუძნებლებზე და მათი ოჯახის წევრებზე - 1მ2 -ზე 443 ლარიდან 889 ლარამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შემოწმების მიერ დაანგარიშდა არაურთიერთდამოკიდებულ და ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ რეალიზებულ ფართებზე ფასთაშორის სხვაობა და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
- კომპანიას დამფუძნებლების ოჯახის წევრებზე რეალიზებული აქვს ------ში მდებარე მიწის ნაკვეთები. საბანკო ამონაწერებისა და სალაროს მოძრაობის ამსახველი ჩანაწერების შესწავლის შედეგად არ ფიქსირდება ურთიერთდამოკიდებული პირებისგან თანხის შემოსვლა (გადამხდელს არ გააჩნია ელექტრონული ბუღალტრული სააღრიცხვო პროგრამა). შემოწმების მიმდინარეობისას ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია უძრავი ქონების შეძენის შესახებ, მიწოდებული ინფორმაციით მათ მიწის შეძენის თანხა გადახდილი აქვთ, ასევე, მოთხოვნილ იქნა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი. შემოწმებას გადამხდელმა წარუდგინა საბანკო ამონაწერები, სალაროს მოძრაობა და საბალანსო უწყისი, დებიტორების და კრედიტორების შესახებ ინფორმაცია ქაღალდზე ამობეჭდილი ფორმით დირექტორის ხელმოწერით, აღნიშნულ ანგარიშებზე არ ფიქსირდება თანხის შემოსვლა და დამფუძნებელი პირების ოჯახის წევრები დებიტორებად არ არიან აღრიცხული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დამფუძნებლების ოჯახის წევრებზე რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით გადახდილია და თანხის შემოსვლა არ ფიქსირდება საბუღალტრო ჩანაწერებში, შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა (ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასები მკვეთრად ნაკლებია ამავე რეგიონის საბაზრო ფასებისგან) საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე და 97-ე მუხლებზე დაყრდნობით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას საბაზრო ფასით.
- მომჩივანი ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადში ზედმეტად დეკლარირებული ბრუნვის შემცირებას. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 28 დეკემბრის №41402 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1034 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18365 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის უძრავი ქონების ღირებულების (საბაზრო ფასის) განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს აუქციონზე აღნიშნული ქონების გაყიდვისას დაფიქსირებული ფასით და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 121 399 ლარით, მათ შორის, გადასახადი 81 587 ლარით და ჯარიმა 39 812 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №006-129 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №006-129 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანების შესაბამისად სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შედეგად განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 121 399 ლარის ოდენობით. რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებებთან დაკავშირებით, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ექსპერტიზის შეფასების დასკვნების გათვალისწინებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან ექსპერტის დასკვნებით უძრავი ქონებების ღირებულების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდებთან, ექსპერტიზის დასკვნების მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად.
ხოლო რაც შეეხება ფ/პ ----ზე რეალიზებული ბინის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას და ბინის რეალიზაციის შედეგად ფ/პ -----გან მიღებული თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანებით აღნიშნული სადავო საკითხები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 -2019 წლებში მომჩივნის მიერ დაბ. -----ში განხორციელდა ფიზიკურ პირებზე საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაციები უძრავ ნივთზე - საცხოვრებელ ფართებსა და მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული ყველა უძრავი ნივთის რეალიზაცია და შესაბამისად რეალიზაციის თანხების მიღებაც წინასწარი ხელშეკრულებების საფუძველზე რეალურად განხორციელდა 2008-2009, 2011-2013 წლებში. პროექტში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, არ იყო განშლა და თითოეული ბინისა და მიწის ნაკვეთის გადაფორმება რეესტრში მოხდა მოგვიანებით. აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების №8476 საფუძველზე 2021 წლის 24 მარტს დაინიშნა გასვლითი საგადასახდო შემოწმება.
ხელახალი გადაანგარიშებით გადასახდელმა თანხებმა ჯამურად შეადგინა 284 991.83 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტი კვლავ მიიჩნევს, რომ კომპანია ------მა ურთიერთდამოკიდებულ პირებს :დამფუძნებლებსა და მათი ოჯახის წევრებს ფართები თითქოსდა საბაზროზე ნაკლებ ფასად გადასცა, მაშინ როცა აღნიშნული ფართები სტატუსით წარმოადგენს დამხმარეს ან სარდაფს და კომერციულად ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართის ფასთან (1კვ.მ 1382 ლარი) მათი საბაზრო ფასის გათანაბრება შეუძლებელია იყოს მართებული, შესაბამისად გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა (171338 ლარი) არასწორადაა მოგების გადასახადით (30 236 ლარი, ჯარიმა 15 118 ლარი) დაბეგვრის საგნად მიჩნეული. ხელახლა აღვნიშნავს, რომ კომპანია ------ის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე: დამფუძნებლებსა და მათი ოჯახის წევრებზე მიწის ნაკვეთები ასევე გადაცემულია რეალური ღირებულებით და წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას. არანაირი კომერციული დატვირთვა მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად რევიზიის აქტით მათ საბაზრო ფასად (1კვ.მ -77 $-ის ექვივალენტი ლარებში) დაფიქსირება აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. შესაბამისად ხელშეკრულების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა (203466 ლარი) არასწორადაა მოგების გადასახადით (35905 ლარი, ჯარიმა 17953 ლარი) დასაბეგრ ბაზად მიჩნეული.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე არასწორადაა მიჩნეული, რომ მიწის ნაკვეთების ფასები რეესტრში გადაფორმების პერიოდში იქნა ანაზღაურებული და შესაბამისად კომპანიაში თითქოს და დამფუძნებლებისაგან შემოსული თანხა (197000 ლარი) საშემოსავლო გადასახადით (49250 ლარი, ჯარიმა 24625 ლარი) დაბეგრილია როგორც გაცემულ ხელფასი. მომჩივნის მიერ დაბ. -----ში 2018 -2019 წლებში საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაციის საგნების : საცხოვრებელ ფართებისა და მიწის ნაკვეთების რეალიზაცია და შესაბამისად რეალიზაციის თანხების მიღებაც როგორც სხვა ფიზიკური პირებისაგან ასევე დამფუძნებლებისაგანაც რეალურად განხორციელდა 2008-2009, 2011-2013 წლებში და ბუნებრივია ფასებიც იმ პერიოდში არსებული ღირებულებითა და ვალუტის კურსის შესაბამისია.
2011 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით მწერალმა ------მა შეიძინა შპს --- -საგან ბინა დაბა -----ში N---, 39კვ,მ. ვინაიდან რეესტრში არ იყო სათანადოდ განშლა, რეგისტრაცია მაშინვე არ განხორციელებულა, 2013 წლის მაისში მოგვარდა ამონაწერში ყველაფერი, თუმცა ბ-ნი -----ს ჯანმრთელობის გამო ვერ მოხერხდა რეესტრში გადაფორმება. 2015 წლის სექტემბერში კი ბ-ნი ----- გარდაიცვალა, რის გამოც მის მეუღლეზე ------ზე მოხდა გადაფორმება 26.11.2018 წელს და აქედან გამომდინარე თავისთავად ახალი ხელშეკრულებით, თუმცა რეალური საფუძველი ამისა არის 2011 წლის ხელშეკრულება. ასევე 2009 წლის 21 იანვარს მომჩივნის მიერ ფ/პ -----ზე პ/ნ ----- რეალიზებულ იქნა ფართი: სართული --- ბინა №1---- 25.50 კვ.მ. ანაზღაურებაც შესაბამის პერიოდში განხორციელდა. ვინაიდან განშლის არ არსებობის გამო, გადაფორმება დიდხანს ვერ ხერხდებოდა, კლიენტმა მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. დამფუძნებელმა -------მ თავისი პირადი თანხა დაუბრუნა კლიენტს და დაიწყო ახალი კლიენტის მოძიება.
27.03.2019 წელს ფ/პ -----ს პ/ნ ----- მიერ მოხდა აღნიშნული ფართის შეძენა 75000 ლარად. მისგან ანაზღაურებული თანხა დაუბრუნდა დამფუძნებელს, რომელმაც ფაქტიურად სატრანზიტო ფუნქცია შეასრულა აღნიშნულ ვითარებაში. შესაბამისად აღნიშნული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით (18750 ლარი, ჯარიმა 9375 ლარი) არამართებულია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
- „უძრავი ქონების ღირებულების (საბაზრო ფასის) განსაზღვრის მიზნით განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და დადგინდა, რომ 2020 წლის მარტში იძულებითი აუქციონის წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს -----ს სააღსრულებო ბიუროს №19153101-013/001 განკარგულებით გადამხდელის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი გაიყიდა 66 000 ლარად. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით და წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით ურთიერთდამოკიდებულ შპს „-----ს“ მიმართ მას გააჩნია მოთხოვნა და დებიტორული დავალიანების სახით აღრიცხული აქვს ბუღალტრულ ჩანაწერებში, შესაბამისად, საბაზრო ფასად აღებულ იქნა აუქციონზე დაფიქსირებული ფასი, რის შედეგადაც ამ ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;
- გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ ჩატარებული შეფასების დასკვნა კომპანიის მიერ რეალიზებულ საცხოვრებელ ფართზე, ექსპერტიზის შეფასების დასკვნით საცხოვრებელი ფართის 1მ2-ის საბაზრო ღირებულება 2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 604 აშშ დოლარს. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა 2019 წელს. ვინაიდან ექსპერტის დასკვნით უძრავი ქონების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდთან, ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი;
- გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ ჩატარებული შეფასების დასკვნა კომპანიის მიერ რეალიზებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ექსპერტიზის შეფასების დასკვნით მიწის 1მ2-ის საბაზრო ღირებულება 2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 30,27 აშშ დოლარს. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწის რეალიზაცია განხორციელდა 2018 წელს. ვინაიდან ექსპერტის დასკვნით უძრავი ქონების შეფასების პერიოდი არ არის შესაბამისობაში ქონების საბაზრო ფასით რეალიზაციის პერიოდთან, ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების გამოყენება შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი;
- გადასახადის გადამხდელს 2019 წლის მაისში და 2019 წლის ივნისში დღგ-ის დეკლარაციებში ორჯერ აქვს დაბეგრილი 10 916 ლარი, სასაქონლო ზედნადები (№-----) გამოწერილია 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე და დეკლარირებას ექვემდებარებოდა ამავე საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად, 2019 წლის მაისში დეკლარირებული ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადი 1 964 ლარის ოდენობით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ მითითებულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18365 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18365 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18365 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის №18365 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 121 399 ლარით, მათ შორის, გადასახადი 81 587 ლარით და ჯარიმა 39 812 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №006-129 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №006-129 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18365 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ")(21).