გადაწყვეტილება №21801/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21801/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21801/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №045-17 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 47 898,72 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 207
დღგ - 10 327
საშემოსავლო გადასახადი - 16 926
ქონების გადასახადი - 2 954
ჯარიმა - 7 849
საურავი - 9 842,72
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 20.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და წარმოებული საქონლის (მზა პროდუქციის) კალკულაციები, რომელთა შესწავლის შედეგად გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გახარჯული ნედლეულის ფაქტობრივი რაოდენობა კონკრეტული წარმოებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ თვეში ფქვილის ბუღალტრულად ჩამოწერილ რაოდენობასა და ფაქტობრივად გახარჯულ რაოდენობას შორის. აღნიშნულმა სხვაობამ ჯამურად შეადგინა 42 000 კგ (სულ წარმოებაში ბუღალტრულად ჩამოწერილი ფქვილის რაოდენობის 14%). შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა წარმოების პროცესში ფქვილის ზემოაღნიშნული რაოდენობის გახარჯვას/დანაკარგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის რაოდენობა ჩაითვალა შესაბამის პერიოდში რეალიზებულად 4%-იანი ფასნამატით (იმავე რეგიონის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი). შედეგად, გაანგარიშდა საწარმოს დამატებით მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 57 377 ლარი (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული თანხა, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი 67 705 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული, შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება გადასახადის გადამხდელს შემოწმებისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება აღნიშნული შემოსავლის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებული პირის (დირექტორი - გიორგი ბექაური) მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №045-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11960 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს მომჩივნის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების წარმოების დანაკარგის ზღვრული ოდენობის გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს პირველადი ან/და საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე, მხოლოდ ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ჩამოწერილი აქვს 42 000 კგ ფქვილი, რაც წარმოებაში გახარჯული ფქვილის საერთო რაოდენობის 14%-ს შეადგენს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე მოძიებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის/მტკიცებულებების შესწავლით არ დგინდება შემოწმებული პირების მიერ დადასტურებული და აღრიცხული წარმოების დანაკარგების ზღვრული ოდენობის არსებობა, შესაბამისად 7.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №045-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში დანაკარგის სახით ბუღალტრულად ჩამოწერილი აქვს ფქვილი დიდი ოდენობით, რომელიც განხილულია მიწოდებად, რასაც ვერ დავეთანხმებით.
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება და მისი შემდგომი რეალიზაცია საკუთარი სადისტრიბუციო მომსახურების გაწევით. ნაწარმოები პროდუქცია წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, რომლის შენახვის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 90 დღეს.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 4 მლნ ლარს.
პირველი და უმთავრესი არგუმენტია ის, რომ წარმოებული საქონლის 90% არის ცომის შემცველი საქონელი, რომლის წარმოების დროს - ცომის დამამზადებელი და შემდგომ უკვე საბრტყელებელი აპარატიც, ასევე დანადგარების მიერ შიგთავსის მოთავსების შემდგომ და ხინკლის ხელის მოხვევის შემთხვევაშიც, საქონელი ერთმანეთს რომ არ შეეწებოს ეყრება ფქვილი, ამას აკეთებს დანადგარიც და იგივე კეთდება ხელით სამუშაო მაგიდასთან. აქედან გამომდინარე ფქვილის ამ კუთხით გახარჯვა რეალურია. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა განისაზღვროს დანაკარგის ოდენობა და ამისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რამდენიმე მეთოდი, როგორიცაა მაგალითად სხვა მსგავსი აუდირებული კომპანიების შედეგების შედარება და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენება.
მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ როგორც ზემოაღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა მეწარმე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება ვადაგასული ან წუნდებული საქონლის უკან დაბრუნება.
მეწარმეს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უკან დოკუმენტურად დაბრუნებული აქვს მხოლოდ 4 000 ლარის საქონელი, რეალურად კი ახორციელებდნენ ვადაგასული საქონლის გადაცვლას და ვადაგასული საქონელი იყრებოდა ისე, რომ ამის შესახებ არ ხდებოდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი პროცედურების გატარება, კერძოდ განცხადებით მიმართვა საგადასახადო ორგანოსთვის ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეწარმეს ნაწარმოები პროდუქციის 99% გაყიდული აქვს დოკუმენტური რეალიზაციით, აქედან გამომდინარე, რადგანაც ვადაგასული პროდუქციის გადაცვლა დოკუმენტურად არ იყო დადასტურებული (იგულისხმება, რომ საქონლის დაბრუნებისას არ იყო გაწერილი უკან დაბრუნების ზედნადები და სანაცვლოდ საქონლის გადაცემა კლიენტისთვის ზედნადებში არ იყო დაფიქსირებული), საწარმოს ბუღალტერიაში ვერ ხდებოდა ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ფქვილის ნაშთი, რომელიც ფაქტიურად ჩაშვებული იყო წარმოებაში, მაგრამ არ იყო ჩამოწერილი, ვინაიდან წარმოებაში არ მიიღო მონაწილეობა და ჩამოიწერებოდა, როგორც წარმოების დანაკარგი.
მეწარმე არ ცოდნის გამო არ ახდენდა ვადაგასული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერას საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის გზით, რამაც არ შეუქმნა არგუმენტი შესამოწმებელ პერიოდში გაფუჭებული ფქვილის შემცველი პროდუქციის ჩამოწერის.
მხოლოდ 2023 წელს გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის გზით ჩამოწერილი აქვს ტონაზე მეტი გაფუჭებული ცომი და 2 603 ლარის მზა პროდუქცია, რაც ნამდვილად წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ ეს საქმიანობა არ ხორციელდება დანაკარგების გარეშე.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამ ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფამ გამოიწვია ის, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფქვილის დანაკლისი და ზემოაღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა რეალიზაციად, შესაბამისად აღნიშნულმა გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამ ორივე ფაქტორის გათვალისწინებით კი მოხდა ფულადი სახსრების დაუსაბუთებელი ზრდა, რომელმაც გამოიწვია ასევე არაპირდაპირი გაანგარიშების მეთოდით ანგარიშვალდებულ პირზე ამ „ფულადი სახსრების“ გაცემულად განსაზღვრა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე);
ა) თუ პირს არა აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
მოთხოვნილია დადგინდეს ფქვილის დანაკარგის დასაშვები ზღვარი, რომელიც შესაძლოა ნახელმძღვანელები იქნეს სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმეების შედეგების შეჯამების ხარჯზე ან თუნდაც მეწარმის მიერ 2023 წლის ბრუნვის ჩამოწერილი პროდუქციის ღირებულების მთლიან ბრუნვასთან შეფარდებით დადგენილი კოეფიციენტის ხარჯზე და განესაზღვროს დანაკარგის ოდენობა, ვინაიდან გადამხდელი აგრძელებს საქმიანობას და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და ეკონომიკური საქმიანობის სწორად განხორციელების მიზნით მიეცეს სწორი მითითებები.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებულის გათვალისწინებით საყურადღებოა, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, კომპანია უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს მომჩივნის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების წარმოების დანაკარგის ზღვრული ოდენობის გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს პირველადი ან/და საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე, მხოლოდ ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ჩამოწერილი აქვს 42 000 კგ ფქვილი, რაც წარმოებაში გახარჯული ფქვილის საერთო რაოდენობის 14%-ს შეადგენს. გადაანგარიშების ეტაპზე მოძიებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის/მტკიცებულებების შესწავლით არ დგინდება შემოწმებული პირების მიერ დადასტურებული და აღრიცხული წარმოების დანაკარგების ზღვრული ოდენობის არსებობა, შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების წარმოების დანაკარგის ზღვრული ოდენობის გათვალისწინების საკითხი, რის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს მომჩივნის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების წარმოების დანაკარგის ზღვრული ოდენობის გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს პირველადი ან/და საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე, მხოლოდ ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ჩამოწერილი აქვს 42 000 კგ ფქვილი, რაც წარმოებაში გახარჯული ფქვილის საერთო რაოდენობის 14%-ს შეადგენს. გადაანგარიშების ეტაპზე მოძიებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის/მტკიცებულებების შესწავლით არ დგინდება შემოწმებული პირების მიერ დადასტურებული და აღრიცხული წარმოების დანაკარგების ზღვრული ოდენობის არსებობა, შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების წარმოების დანაკარგის ზღვრული ოდენობის გათვალისწინების საკითხი, რის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 23.06.2023 წლის №19983/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა,ბ“); 159; 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)