ბრძანება N 9792
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9792
04.05.2023
სს „--------ს“ (ს/ნ ------)
(მის.:--------------------)
2023 წლის 30 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა სს „------------“ (ს/ნ ---------) №80010/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4258 ბრძანებას სს „------------“- სათვის (ს/ნ ------------) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ“.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტს და განმარტავს, რომ კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ხოლო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაფიქსირებული სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით და არამიზანმიმართული ქმედებით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტში, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელდა სს „-----------" (ს/ნ ------------) მიერ, ამავე ინსტრუქციის 27-ე მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმება.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „---------"-ას უფიქსირდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 25 ივლისს შედგენილი №EL176156 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ზემოხსენებული კომპანიის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში 2022 წლის 10 აგვისტოს. შემოსავლების სამსახურის მიერ, 2022 წლის 13 სექტემბერს გამოცემულ იქნა №23579 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება სს „-----------" მიერ, 2022 წლის 10 ოქტომბერს გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ №17982/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივარი დატოვა განუხილველად, ვინაიდან გასული იყო შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის №23579 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4285 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სს „---------" (ს/ნ --------) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 23 დეკემბრის №12070 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ოქროს სიაში შეყვანით პირს 2026 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საბაჟო ფორმალობები.
აღნიშნული ინსტრუქციით დადგენილია, როგორც „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები და „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების წესები, ისე „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და წესი.
მითითებული ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭების თარიღიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ.
ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ან 191 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არსებობა.
დადგენილია, რომ სს „-----------" უფიქსირდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალაში შესული 2022 წლის 25 ივლისს შედგენილი №EL176156 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რაც წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „----------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტს და ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება კომპანიის მიერ,გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. განხილვის საბჭომ გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივარი დატოვა განუხილველად, ვინაიდან გასული იყო შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. ვინაიდან კომპანიას უფიქსირდება სამართალდარღვევის ოქმი, რაც წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომპანიისთვის ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დადგენილია, რომ კომპანიას უფიქსირდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალაში შესული 2022 წლის 25 ივლისს შედგენილი №EL176156 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რაც წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
172 (1); 213 (7).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1) : 27; 29 (1);