ბრძანება N 13764

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2023
№ დოკუმენტი 13764
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13764

19.06.2023

შპს „---------“ (ს/ნ --------)

(მის.: ------------ )

2023 წლის 11 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 11 იანვრის №77960/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №007-343 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე 2018 წლის თებერვალში მიწოდებული ბინების (ბარტერულ ოპერაციაზე) შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული ოპერაცია 2018 წელს იყო დასაბეგრი და ვინაიდან აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული, მიიჩნევს რომ დარიცხვა გასაბათილებელია. ასევე, გადამხდელი მიუთითებს 2021 წლიდან დღგ-ში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმად საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაშიაში შესვლამდე არ არის დასაბეგრი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის.

2. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივლისის №17748 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ --------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 დეკემბრის №31461 ბრძანება და ამავე თარიღის №007-343 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 150 035 ლარი, მათ შორის, გადასახადი 86 471 ლარი, ჯარიმა 42 995 ლარი, საურავი 20 569 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------“ (ს/ნ --------) საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და შესაბამისი ფართების რეალიზაცია. საწარმომ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ქ. თბილისში ვალდებულებით - მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა; მშენებლობა მიმდინარეობდა 2018-2021 წლებში, ამასთან კორპუსის გამრიცხველიანება დაიწყო 2020 წლიდან. საწარმომ 2018 წელს ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 300 კვ.მ.-ის ოდენობის უძრავი ქონება, როცა ჯერ მხოლოდ იწყებოდა კორპუსის მშენებლობა და ამავე პერიოდში კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მიხედვით კორპუსის თვითღირებულება შეადგენდა მხოლოდ - 57 676 ლარს. ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში.

წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის 2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო შპს „---------“ მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით. საგადასახადო შემოწმებით, 2018 წლის თებერვლის შემდეგ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 94%, შესაბამისად, 2018 წლის თებერვლის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-18 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 131 392 ლარი. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო, ასევე, სარემონტო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს შორის 2018 წელს გაფორმდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. შეთანხმების თანახმად, ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო შპს „---------" მიერ. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ამავე წლის თებერვლის თვეში ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა 300 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ პერიოდისთვის იწყებოდა კორპუსის მშენებლობა და ამავე პერიოდში კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მიხედვით კორპუსის თვითღირებულება შეადგენდა მხოლოდ - 57 676 ლარს, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 94%.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი, ხოლო კორპუსის გამრიცხველიანება დაიწყო 2020 წლიდან. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობდა ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, კერძოდ, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. ამდენად, 2018 წელს ფიზიკურ პირებზე (ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში) გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა 2021 წელს.

ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენილის განმარტებაზე, რომლის მიხედვით 2021 წლის შემდეგ საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხარჯის გაწევა, ასევე განხორციელებულია ქონების გამრიცხველინება და ფიქსირდება მესაკუთრეების ცხოვრების ფაქტი. ამასთან, 2021 წელს ფიქსირდება ფართების გადაყიდვის ფაქტიც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2018 წელს ფიზიკურ პირებზე (ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში) გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა 2021 წლის ბოლო, მშენებლობის დასრულების პერიოდში, განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად,1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე 2018 წლის თებერვალში მიწოდებული ბინების (ბარტერულ ოპერაციაზე) შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული ოპერაცია 2018 წელს იყო დასაბეგრი და ვინაიდან აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული, მიიჩნევს რომ დარიცხვა გასაბათილებელია. ასევე, გადამხდელი მიუთითებს 2021 წლიდან დღგ-ში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმად საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაშიაში შესვლამდე არ არის დასაბეგრი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის.

2. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის 2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო საწარმოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით. საგადასახადო შემოწმებით, 2018 წლის თებერვლის შემდეგ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 94%, შესაბამისად, 2018 წლის თებერვლის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 131 392 ლარი. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 491, 43(4), 73(9"ბ"), 16, 14(1), 18(10), 159(1), 160, 163, 270, 272(1), 275, 269(1)(7).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.