გადაწყვეტილება № 25628/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25628/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25628/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 11.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25628/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №261-15 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 235 182,33 ლარი.

მათ შორის

გადასახადი - 134 713

დღგ - 21 102

მოგების გადასახადი - 3 882

საშემოსავლო გადასახადი - 109 519

ქონების გადასახადი - 210

ჯარიმა - 62 666

საურავი - 37 803,33

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.11.2021 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის მიზნით 2024 წლის 23 მაისამდე) სრული კამერალური, გეგმიური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამ მიზნით გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები (მათ შორის, ფ/პ ------ განმარტება სოფლის ნედლი ქათმის შეძენებთან დაკავშირებით) და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები. ამასთან, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის (37%) და ღორის (59%) ხორცზე. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები არაარსებითად შეფასდა მთლიან რეალიზაციაში, შემოწმების დაწყების შემდგომ გადასახადის გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.

ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2022 წლის 27 ივლისს გადააჭარბა 100 000 ლარს, ამ თარიღიდან წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 და 282-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით თანხა 449 611 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 16 ივლისს გამოიცა №16749 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, გადასახადის გადამხდელი:

არ ეთანხმებოდა გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებდა, რომ აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისთვის უნდა ეხელმძღვანელა კომპანიის დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით;

არ ეთანხმებოდა ფულის ნაშთის გაანგარიშებისას საბანკო ამონაწერებით და შესყიდვის აქტებით უტყუარად დადასტურებული ხარჯების გაუთვალისწინებლობას.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულის ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტი დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებლებს წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფულის ნაშთის გაანგარიშებაში იქნა გათვალისწინებული. საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 5 565 ლარით, ჯარიმა 2 783 ლარით.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 7.11.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23768 ბრძანება და 8.11.2024 წელს №261-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დასაშვებობის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა სადავო დარიცხვის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №16417 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №261-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის №24684/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად:

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანება;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ხელახლა შეისწავლოს კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დასაშვებობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს სადავო დარიცხვის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ არ აღასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 მარტის №24684/2/2025 გადაწყვეტილება და ისევ არ არის გათვალისწინებული კომუნალური ხარჯი, რომლის არსებობა დასტურდება იჯარით აღებულ ფართში მეორე მოიჯარის ახსნა-განმარტებით, სადაც ის ადასტურებს, რომ კომუნალური ხარჯების 2/3 იხდიდა შპს ,,-------".(ციტირება საბჭოს გადაწყვეტილებიდან): ,,საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებით შესწავლას საჭიროებს კომუნალური ხარჯების გათვალისწინების საკითხი, როგორც მომჩივნის საქმიანობის (ხორცის რეალიზაცია) სპეციფიკიდან ირკვევა, შპს „------“ მიერ კომუნალური ხარჯები უპირობოდ იქნებოდა გაწეული, აღნიშნულთან დაკავშირებით კი მესამე პირის (------) მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეფასდეს ხელახლა მათ შორის ზემოაღნიშნულ მეთოდურ მითითებაში არსებული ხარჯის დოკუმენტის სარწმუნოობის საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასების დისკრეციის გათვალისწინებით". აღნიშნული გარემოების დამატებით გამოკვლევის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე ყოვლად გაუგებარია თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ხარჯებში კომუნალური გადასახადი, რომლის არსებობა უპირობოთ დადგენილია საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით შპს „-----“ ფ/პ -------, იჯარის ხელშეკრულების მიხედვით იჯარით აღებული აქვს მთლიანი ფართის ¼ ნაწილი (30 კვ), ამასთან გადამხდელის მიერ წარმოდგენილია გადახდის დოკუმენტაცია რითაც დასტურდება, რომ კომუნალური გადასახდელებს იხდის -----, რომლის კავშირი შპს „------“ ვერ დგინდება. ამასთან ------ ახსნა-განმარტების მიხედვით შპს „------“ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე კომუნალური გადახდების ¾ ნაწილს იხდის შპს „-------“.

საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებდა კომუნალური ხარჯების გათვალისწინების საკითხი, როგორც მომჩივნის საქმიანობის (ხორცის რეალიზაცია) სპეციფიკიდან ირკვევა, შპს „------“ მიერ კომუნალური ხარჯები უპირობოდ იქნებოდა გაწეული, აღნიშნულთან დაკავშირებით კი მესამე პირის (------) მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეფასებულიყო ხელახლა მათ შორის „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებაში ((დანართი №9) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი) არსებული ხარჯის დოკუმენტის სარწმუნოობის საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასების დისკრეციის გათვალისწინებით.

აღნიშნული გარემოების დამატებით გამოკვლევის მიზნით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით (№24684/2/2025):

ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27086 ბრძანება;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ხელახლა შეესწავლა კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დასაშვებობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა სადავო დარიცხვის კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 27.06.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი შესწავლა, ამასთან მოხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, ვინაიდან მისი მხრიდან მომხდარიყო დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. შესწავლის დროს ახალი გარემოებების არ ქონის გამო არ განხორციელდა დარიცხული თანხის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული იყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების მქონე პირის მხრიდან გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების მონაწილისგან კანონით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთაგან შპს „-----“ წარმომადგენელს ეთხოვა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ განხორციელებულა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს არ მიეცა შესაძლებლობა დამატებით გამოევლინა ისეთი გარემოებები ან მოეპოვებინა ისეთი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც შესაძლებელს გახდიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

მომჩივნის წარმომადგენელს რამდენიმეჯერ ეცნობა საჩივრის განხილვის დროის, თარიღის და განხილვაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე (მათ შორის უშუალოდ საკითხის განხილვის პროცესში სატელეფონო კომუნიკაციის გზითაც), რაზეც პირმა განაცხადა უარი.

ყოველლივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2022 წლის 27 ივლისს გადააჭარბა 100 000 ლარს, ამ თარიღიდან წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმები.

შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. აღნიშნული დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.02.2025 წლის №24684/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს 304(21)