გადაწყვეტილება №24992/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24992/2/2025
20 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 30.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24992/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-103 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4039 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 173 193,38 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 92 074
ჯარიმა - 27 389
საურავი - 53 730,38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე თუნუქის სახურავის რეალიზაცია. სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან. საწარმო დაფუძნდა 17.07.2019 წელს. იმავდროულად რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული იმპორტის გარდა ასევე გააჩნია ადგილობრივი შეძენა საერთო შეძენის 4,8%-ის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა-რეალიზაცია ხორციელდება კილოგრამებში.
გადასახადის გადამხდელის ელექტრონული ბუღალტრული პროგრამის (ორისი), საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, საქონლის შეძენის ინვოისების და სხვა სახის გაანგარიშებების ანალიზის შედეგად საგადასახადო ორგანომ დაადგინა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს. კერძოდ, არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაცია, არასრულად ხორციელდება საქონლის ჩამოწერა, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა) ჩამოწერილია თვითღირებულებით, ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციები ბუღალტრულ პროგრამაში ასახული არაა. გასაყიდად უვარგისი საქონლის ჩამოწერის მიზნით გადასახადის გადამხდელს არცერთხელ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის.
შემოწმების დაწყებამდე 5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ:
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები 25%. შესაბამისად, გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ასევე დეკლარირებული ბრუნვიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად.
- აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები, ხოლო ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ საჭიროებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (საშუალო 10,2%).
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 30.05.2024 წლის №22561/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 30.05.2024 წლის №22561/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 1.07.2024 წლის №15459 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ დამატებით შესწავლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, დადგინდა, რომ განხორციელებული პროცედურა არ იძლევა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატით სარგებლობის და აღნიშნულის საფუძველზე დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების შესაძლებლობას, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტიური აღრიცხვა. აღნიშნულ მასალებში არ არის მითითებული საქონლის თვითღირებულებები. ფაქტობრივი აღრიცხვის მასალებში ნაშთად არსებული სმფ-ების დასახელება, მახასიათებლები და სახეობები არ არის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაზე თანდართულ ინვოისებში მითითებული საქონლის იდენტური. შედეგად ვერ მოხერხდა სმფ-ების ინვენტარიზაციის ფასნამატის გაანგარიშება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-103 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საქმის მასალები. დადგინდა, რომ განხორციელებული პროცედურა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შემოწმებას ეხელმძღვანელა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა და აღრიცხვის მასალებში არ იყო მითითებული საქონლის თვითღირებულებები, ნაშთად არსებული სმფ-ების დასახელება, მახასიათებლები და სახეობები არ იყო იმპორტის სასაქონლო ოპერაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული საქონლის იდენტური.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჩინეთში შეკვეთასა და მოწოდებას შორის არის დროის დიდი მონაკვეთი. საქონლის ფასის ანაზღაურება ხდება ეტაპობრივად, კერძოდ შეკვეთისას ხდება თანხის ნაწილის გადახდა და როდესაც დამზადდება და გამზადდება გამოსაგზავნად კიდევ ერთი ნაწილის გადახდა და როცა უკვე უნდა მოხდეს გადმოცემა დარჩენილი თანხის მთლიანი გადახდა. ანუ საქონლის მიღებამდე მისი ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. შეკვეთასა და მიწოდებას შორის დროსი ხანგრძლივობა მერყეობს 3 დან 7 თვემდე. აღნიშნული ფაქტორი არის დიდი რისკების შემცველი, უცხოური ვალუტის კურსის მერყეობის გამო.
5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციისას დაფიქსირდა სათუნუქე მასალა 284 503 კგ-ის ოდენობით. აგრეთვე მოხდა საკონტროლო შესყიდვა (ოქმი №779932), სადაც დაფიქსირდა გასაყიდი ფასი 1კგ-4,4 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
სავალუტო კურსის მკვეთრმა ცვლილებამ გავლენა მოხდინა საქონლის თვითღირებულებაზე და ინვენტარიზაციის დროს, კერძოდ:
- 21.02.2022 წელს და 29.03.2022 წელს საბაჟოზე, ბოლო შემოტანილი საქონლის თარიღებია და თვითღირებულებები 21.02.2022 წელს 5,703 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო 29.03.2022 წელს 4,83 ლარი დღგ-ის ჩათვლით. საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ფასი კი შეადგენს 4,4 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
- ასევე 21.02.2022 წელს შემოსული მასალის შეკვეთა მოხდა წელიწადზე მეტით ადრე, თან მოხდა გაურკვევლობა და აღნიშნული ტვირთი თითქმის 3 თვე გაურკვევლ ტრანსპორტირების რეჟიმში იყო და შემოსვლის დროს აღენიშნებოდა დეფექტები, გარდა იმისა, რომ ისედაც თვითღირებულებაზე დაბალ ფასში იყო ბაზარზე გასაყიდი ფასი. აღნიშნული დეფექტების გამო მოხდა მისი ფასის კიდევ მინუსში რეალიზაცია.
საგადასახადო შემოწმების დროს, შემმოწმებელ აუდიტორთან ერთად გავლილია თითოეული საქონლის თვითღირებულება, საჩივარს თან ახლავს ცხრილები. შეიძლება აუდიტორმა ფასნამატის გაანგარიშების დროს, არ გაითვალისწინა მინუსიანი ფასნამატები, ისეთი საქონელი, რომელიც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არის რეალიზებული, რეალურად საკონტროლო შეთავაზების დროს ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება მართლა ყიდის საქონელს მინუსიანი ფასნამატით და რადგან ოქმშია დაფიქსირებული ფასნამატები გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული და ფასნამატების დაანგარიშების დროს ყურადღება მიექცეს მინუსიან ფასნამატებს.
გარდა ამისა, არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ეს სათუნუქე მასალა შემოდის რულონებად და რეალიზაციის დროს ხდება მისი გადაჭრა მომხმარებლის სურვილის მიხედვით საჭირო ზომებად, აღნიშნული ქმედების დროს ხდება მასალის მცირეოდენი დაზიანება და არის დანაკარგი დაახლოებით 1-2%.
აუდიტორის განმარტებით ინვენტარიზაციამდე რეალიზაცია ხდებოდა 10,2% ფასნამატით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თებერვალში მიღებული მასალის თვითღირებულება რეალიზაციის ფასზე მაღალია, ამის საფუძველზე (ბუნებრივია) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ნაკლებია ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულებაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით 1.07.2024 წლის №15459 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
30.12.2024 წლის №021-103 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატი), აღნიშნული მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), მაგრამ არანაკლებ გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა ისევ საგადასახადო აღრიცხვის არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენა და ამ მეთოდის საფუძველზე დარიცხული თანხები უცვლელად დატოვა.
აღნიშნულს არ ეთანხმება, აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნილი აქვს თვითღირებულების გაანგარიშების ცხრილი (გავლილია აუდიტორთან), შემოსავლების სამსახურში აღნიშნული ცხრილი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ იქნა მიწოდებული, აღნიშნულ ცხრილში დეტალურად არის ჩაშლილი თითოეული საქონლის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აგრეთვე საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის მიერ 5.10.2022 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს დათვლილი, საბოლოო ნაშთის ბუღალტრულ ნაშთან შედარების ცხრილი, რაოდენობრივად და თანხობრივად.
აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნილი აქვს თვითღირებულების გაანგარიშების ცხრილი (გავლილია აუდიტორთან), სადაც დეტალურად არის ჩაშლილი თითოეული საქონლის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აგრეთვე საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის მიერ 5.10.2022 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს დათვლილი, საბოლოო ნაშთის ბუღალტრულ ნაშთან შედარების ცხრილი, რაოდენობრივად და თანხობრივად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, დამატებით შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საქმის მასალები, აღნიშნულის თანახმად დგინდება, რომ განხორციელებული პროცედურა არ იძლევა შესაძლებლობას, შემოწმებამ იხელმძღვანელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატით და აღნიშნულის საფუძველზე გაიანგარიშოს დასაბეგრი ბრუნვა, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტიური აღრიცხვა. აღნიშნულ მასალებში არ არის მითითებული საქონლის თვითღირებულებები. ფაქტობრივი აღრიცხვის მასალებში ნაშთად არსებული სმფ-ების დასახელება, მახასიათებლები და სახეობები არ არის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაზე თანდართულ ინვოისებში მითითებული საქონლის იდენტური. შედეგად შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა სმფ-ების ინვენტარიზაციის ფასნამატის გაანგარიშება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს, შემმოწმებელ აუდიტორთან ერთად გავლილია თითოეული საქონლის თვითღირებულება, საჩივარს თან ახლავს ცხრილები. შეიძლება აუდიტორმა ფასნამატის გაანგარიშების დროს არ გაითვალისწინა მინუსიანი ფასნამატები, ისეთი საქონელი, რომელიც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არის რეალიზებული, რეალურად საკონტროლო შეთავაზების დროს ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება მართლა ყიდის საქონელს მინუსიანი ფასნამატით და რადგან ოქმშია დაფიქსირებული ფასნამატები გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული და ფასნამატების დაანგარიშების დროს ყურადღება მიექცეს მინუსიან ფასნამატებს. გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ სათუნუქე მასალა შემოდის რულონებად და რეალიზაციის დროს ხდება მისი გადაჭრა მომხმარებლის სურვილის მიხედვით საჭირო ზომებად, აღნიშნული ქმედების დროს ხდება მასალის მცირეოდენი დაზიანება და არის დანაკარგი დაახლოებით 1-2%.
მომჩივნის წარმომადგენელმა აგრეთვე საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ აქვს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება, რაც აუდიტის დეპარტამენტისთვის გახდა ხელის შემშლელი გარემოება მოეხდინა გადაანგარიშება შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების აღსრულების საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4039 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების აღსრულების საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული იმპორტის გარდა ასევე გააჩნია ადგილობრივი შეძენა საერთო შეძენის 4,8%-ის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა-რეალიზაცია ხორციელდება კილოგრამებში.
გადამხდელის ელექტრონული ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, საქონლის შეძენის ინვოისების და სხვა სახის გაანგარიშებების ანალიზის შედეგად საგადასახადო ორგანომ დაადგინა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს. კერძოდ, არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაცია, არასრულად ხორციელდება საქონლის ჩამოწერა, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია თვითღირებულებით, ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციები ბუღალტრულ პროგრამაში ასახული არაა. გასაყიდად უვარგისი საქონლის ჩამოწერის მიზნით გადასახადის გადამხდელს არცერთხელ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის.საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ:შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები 25%. შესაბამისად, გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ასევე დეკლარირებული ბრუნვიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად.აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები, ხოლო ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ საჭიროებს.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი.გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების აღსრულების საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),163,164.