ბრძანება N 2067

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2067
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2067

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს “-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს “-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 21 დეკემბრის №86198/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №085-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების ხელფასად განხილვას. ცხადებს, რომ აღნიშნული პირები ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული არიან კანონმდებლობის დაცვით და მათზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ ჰქონდა. ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადის მოხსნას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ შპს ,,-------" ნაღდი ფულის, 210 000 ლარის, მიღება არ დგინდება. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის შემცირებას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2021-2023 წლებში) შპს ,,-------“ მიღებული აქვს 7 841 625 ლარი ავანსის სახით, სხვაობა ჩარიცხულ ავანსსა და შესრულებულ სამუშაოს შორის შეადგენს 4 160 804 ლარს. მიუთითებს, რომ 210 000 ლარი შეცდომით არის დეკლარირებული საწარმოს მიერ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში. აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ უმსჯელია ზემოაღნიშნული ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირებაზე. ითხოვს ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23080 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს “-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 7 აპრილიდან 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 ნოემბრის №28699 ბრძანება და ამავე თარიღის №085-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 322 560 ლარი, მათ შორის, გადასახადი 729 132 ლარი, ჯარიმა 432 448 ლარი, საურავი 160 980 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს ,,,-------“-ის (ს/ნ -------) ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო სამუშაოების წარმოება. შემოწმების მიმდინარეობისას, თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ გადარიცხულია თანხები ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საწარმოს უწევდნენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, როგორიცაა ბორდიურის მოპირკეთება, ალუკაბონდის მოწყობა, ქვაბამბის მოწყობა, მიუნხენის მოწყობა, შეღებვის სამუშაოები და სხვა. აღნიშნული პირები შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას, ასევე, რამდენიმე მათგანი არის შპს ,,,-------“-ის დაქირავებული პირი და იღებს ხელფასს, რაც ასახულია შესაბამის განაცემთა ინფორმაციაში. პირები რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები არ აქვთ წარმოდგენილი ან არასრულად აქვთ წარმოდგენილი, ასევე, ასრულებდნენ ტენდერისა და ხელშეკრულებების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს. შემოწმების მიერ, არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით, დგინდება, რომ მომსახურება სრულდებოდა დამქირავებლის რესურსით. შპს ,,,-------“ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების შრომას იყენებდა სხვადასხვა სამუშაოებში, რომელთა განხორციელებისათვის პირს აქვს საკუთარი ტექნიკა და ინვენტარი, რაზეც, შესამოწმებელ პერიოდში, რეგულარულად გაწევს ხარჯებს მათი საწვავის უზრუნველყოფისათვის და რემონტისათვის, ასევე, ინვენტარის შესაძენად. დამქირავებელი განსაზღვრავდა სამუშაოს, არ ფიქსირდება დაქირავებულების მიერ რაიმე ხარჯის გაწევა, მიღებული შემოსავალი რიგ შემთხვევაში შეადგენს მთლიანი შემოსავლის 85%-ს ან მეტს. ვინაიდან ფიზიკური პირები რეგულარულად ასრულებენ შპს ,,-------“-ის მიერ დაკისრებულ სამუშაოებს, იყენებენ საწარმოს მიერ შეძენილ საწვავს, შემოწმებამ გაწეული ხარჯები დააკვალიფიცირა გაცემულ ხელფასად. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ განიხილავს აღნიშნულ უძრავ ნაშთს, როგორც დასაბეგრ თანხას და არ ადეკლარირებს საშემოსავლო გადასახადს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-4 ნაწილის და 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №9), რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი. სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

3. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება. საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კომპიუტერული სააღრიცხვო პროგრამის (ორის7) საშუალებით. საწარმო რეგისტრაციისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 07.04.2021 წელი, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა გადასახადის გაანგარიშებისათვის საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. გადამხდელი პერიოდულად ახდენს ავანსის ელექტრონული ანგარიშფაქტურების გამოწერას და ბეგრავს გარკვეულ პერიოდებში, ასევე, აქვს მიღებული ავანსები, რომლის დეკლარირებასაც ახდენს და არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის განაშთვასაც ახდენს დეკლარაციით 2022 მარტის საანგარიშო პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და საბანკო ჩარიცხვების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები (როგორც მეორე მხარის მიერ დადასტურებული, ასევე გადაგზავნილი) პერიოდულად არ აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) გადარიცხული აქვს თანხები ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საწარმოს უწევდნენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, აღნიშნული პირები შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას, ასევე, რამდენიმე მათგანი არის შპს ,,-------“-ის დაქირავებული პირი და იღებს ხელფასს. პირები რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები არ აქვთ წარდგენილი ან არასრულად აქვთ წარდგენილი, ასევე, ასრულებდნენ ტენდერისა და ხელშეკრულებების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს. შემოწმების მიერ, არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით, დგინდება, რომ მომსახურება სრულდებოდა დამქირავებლის რესურსით. შპს ,,-------“ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების შრომას იყენებდა სხვადასხვა, მის მიერ განსაზღვრულ სამუშაოებში, რომელთა განხორციელებისათვის პირს აქვს საკუთარი ტექნიკა და ინვენტარი, რაზეც შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად გაწევს ხარჯებს რემონტისათვის და საწვავით უზრუნველყოფისათვის. აგრეთვე, არ ფიქსირდება დაქირავებულების მიერ რაიმე ხარჯის გაწევა, მიღებული შემოსავალი რიგ შემთხვევაში შეადგენს მთლიანი შემოსავლის 85%-ს ან მეტს. ვინაიდან ფიზიკური პირები რეგულარულად ასრულებენ შპს ,,-------“-ის მიერ დაკისრებულ სამუშაოებს, იყენებენ საწარმოს კუთვნილ ტექნიკას, მის მიერ შეძენილ საწვავს, შემოწმებამ გაწეული ხარჯები, ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები დააკვალიფიცირა გაცემული ხელფასად.

აგრეთვე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. შემოწმების მიერ, ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №9), განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი, ხოლო სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით.

გადამხდელის პოზიციასთან, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის 210 000 ლარით შემცირებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, მეორე მხარისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნული თანხები გაცემულია ნაღდი ანგარიშსწორებით კომპანიის უფლებამოსილ პირზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხებთან მიმართებით, განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი პერიოდულად ახდენს ავანსის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას და ბეგრავს გარკვეულ პერიოდებში, ასევე, აქვს მიღებული ავანსები, რომლის დეკლარირებასაც ახდენს და არ აქვს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის განაშთვასაც ახდენს დეკლარაციით 2022 მარტის საანგარიშო პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და საბანკო ჩარიცხვების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (როგორც მეორე მხარის მიერ დადასტურებული, ასევე გადაგზავნილი) პერიოდულად არ აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული.

გადამხდელის პოზიციასთან, ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, გადამხდელის მიერ შპს ,,-------“ გამოწერილი არის ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები ანაზღაურების შესაბამისად, რასაც ადასტურებს მეორე მხარის საბუღალტრო მონაცემები. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მეორე მხარის მიერ არის მიღებული, დადასტურებული და ჩათვლებში გამოყენებული. ამასთან, შპს ,,-------“ და შპს ,,-------“-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები არ არის დასრულებული.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს “-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების ხელფასად განხილვას.

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას.

3. დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ თანხები გადარიცხულია ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საწარმოს უწევდნენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას. შემოწმების მიერ, არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით, დგინდება, რომ მომსახურება სრულდებოდა დამქირავებლის რესურსით. ფიზიკური პირები რეგულარულად ასრულებენ მომჩივანის მიერ დაკისრებულ სამუშაოებს, იყენებენ საწარმოს მიერ შეძენილ საწვავს, შემოწმებამ გაწეული ხარჯები დააკვალიფიცირა გაცემულ ხელფასად.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. შემოწმებამ სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

3. შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და საბანკო ჩარიცხვების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები (როგორც მეორე მხარის მიერ დადასტურებული, ასევე გადაგზავნილი) პერიოდულად არ აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო თანახმად.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159;