ბრძანება N 9214

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2023
№ დოკუმენტი 9214
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9214

28.04.2023

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ------------ს (პას.ნ -----------)

2023 წლის 29 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა -----------ს (პას.ნ --------) №54918/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №EL204471 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ ტრანზიტულად გადაჰქონდა ტვირთი რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით. მებაჟე-ოფიცრის განმარტებით სატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი არასტანდარტულია. მომჩივნის მტკიცებით, ავზი ქარხნულია, თუმცა მებაჟე-ოფიცერმა ეს ფაქტი არ გაითვალისწინა და დააჯარიმა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის საფუძველზე გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა, თურქეთში რეგისტრირებული დატვირთული ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით -----------), რომელსაც მართავდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ----------.

საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ აღნიშნულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული საწვავის ავზი (რომელშიც ესხა დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი), არ იყო მიერთებული ძრავის სისტემასტან ქარხნულად და კონსტრუქციულად, შესაბამისად ზემოაღნიშულ პიროვნებას მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, აღმოაჩნდა არადეკლარირებული დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საწვავის შემოტანა განახორციელდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული არასტანდარტული ავზის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა №EL204471 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს ------ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ 1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები აზუსტებს:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული საწვავის ავზი, რომელშიც ესხა დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, არ იყო მიერთებული ძრავის სისტემასტან ქარხნულად და კონსტრუქციულად, მასში მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული დაახლოებით 500 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----------ს (პას.ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვს სადავო აქტის საფუძველზე გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული საწვავის ავზი (რომელშიც ესხა დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი), არ იყო მიერთებული ძრავის სისტემასტან ქარხნულად და კონსტრუქციულად, შესაბამისად ზემოაღნიშულ პიროვნებას მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, აღმოაჩნდა არადეკლარირებული დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საწვავის შემოტანა განახორციელდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული არასტანდარტული ავზის გამოყენებით, სამართალდამრღვევ პირს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1), 168(4).

საქართველოს საგადასახადო კოდექსი : 173"ს", 194(5)"გ".

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.