გადაწყვეტილება №23041/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23041/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23041/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 12.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23041/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №023-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9542 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 260 123.13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 126 713

დღგ - 66 408

საშემოსავლო გადასახადი - 60 305

ჯარიმა - 64 816

საურავი - 68 594.13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების შეძენა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.218 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოწმებისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დაბეგვრასთან დაკავშირებით ცალკეული მონაცემები, ასევე, წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა, მაგრამ გამოვლინდა არსებითი სხვაობები აღნიშნულ მონაცემებს, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ დეკლარაციებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური მარაგების ინვენტარიზაციით დადასტურებულ მონაცემებს შორის. შედეგად, წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დასაბეგრი ბრუნვის დასადგენად გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.07.2021 წლის №24413 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციისას (აღწერისას) დადასტურებული ფასნამატები. შესამოწმებელი პერიოდისთვის დადგენილი დამატებითი რეალიზაციის მოცულობა დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო ნაშთების, აგრეთვე, ბოლო საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით. დასაბეგრი საერთო მიწოდების ცალკეულ საანგარიშო პერიოდებზე გადანაწილება მოხდა დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 5 966 ლარი გააჩნია სალაროში. შემოწმების პროცესში შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანალიზი, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდების განმავლობაში საწარმოს სალაროში ფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, რამაც 1.05.2021 წლის მდგომარეობით შეადგინა 253 782 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით არ დადასტურდა ანგარიშის მიხედვით სალაროში დაგროვილი მსხვილი თანხების არც ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დადასტურდა ჩაითვალა, საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2021 წლის №40026 ბრძანება და ამავე თარიღის №023- 35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ფასნამატი) და მე-2 (განვადების დროს ბანკის პროცენტი შესულია საქონლის ღირებულებაში და დაბეგრილია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატის შესახებ ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული მისაღები შემოსავლის დაბეგვრა დირექტორის ხელფასად) სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანება 25.06.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №16946/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.03.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით სულ შემცირებას დაექვემდებარა 11 288 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 535 ლარი (მათ შორის დღგ 1 020 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი 6 515 ლარი) და ჯარიმა 3753 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 17.03.2023 წლის №5234 ბრძანება და ამავე თარიღის №023-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 28.09.2023 წლის №20207/2/2023 (რეგ. 9.10.2023წ. №03/79301) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14734 ბრძანება, საჩივარი, მე-3 დავის საგნის აღსრულების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.03.2024 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №4790 ბრძანება და ამავე თარიღის №023-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2024 წლის №9542 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი აღმოჩნდა შემოწმების მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ნაშთზე ნაკლები, შემოწმებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის ჯამური ოდენობის კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა დარიცხვის პერიოდები, გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ნაცვლად დაერიცხა ბოლო შესამოწმებელ პერიოდზე (2021 წლის აპრილი). შესაბამის კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საურავი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა ბრძანებით დავალებული საკითხის ჯეროვნად შესწავლა და შესაბამისად ბრძანებით დაკისრებული ვალდებულების აღსრულება, რადგან აღნიშნული დებულებით შემმოწმებლებს უნდა გამოეთვალათ საწარმოს გონივრული ნაშთი, რისთვისაც საჭირო იყო საწარმოს საკასო შემოსავლების და საკასო ხარჯების დათვლა, სადაც ასევე საკასო შემოსავლებსა და ხარჯში, დებულების თანახმად უნდა შესულიყო შემოსავალი რომელიც არაპირდაპირი მეთოდით იქნა გაანგარიშებული.

20.12.2021 წლის შემოწმების აქტში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი განაწილებულია თვეების შემოსავლად და დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავლებს უნდა დამატებოდა სალაროს რეალიზაციით მიღებულ შემოსავლები და ასევე საკასო ხარჯები, მიღებული ოდენობის 10% ჩაითვლებოდა გონივრულ ნაშთად. ამ მეთოდით გამოთვლილი გონივრული ნაშთი მნიშვნელოვნად აღემატება შემოწმებით გამოთვლილ გონივრულ ნაშთს. შესაბამისად გონივრული ნაშთის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, რაც არ მომხდარა შემმოწმებლების მიერ, ამრიგად მიაჩნია რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და შესწავლის გარეშე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა მოხდეს აღნიშნული დებულების შესაბამისად და არგუმენტირებული გაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანების აღსრულებაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2024 წლის დასკვნით:

ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის შესაბამისად. ვინაიდან, აღნიშნული მეთოდის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი აღმოჩნდა შემოწმების მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ნაშთზე ნაკლები, შემოწმებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის ჯამური ოდენობის კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა დარიცხვის პერიოდები, გადასახადი გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ნაცვლად დაერიცხა ბოლო შესამოწმებელ პერიოდზე (2021 წლის აპრილი). შესაბამის კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა საურავი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემმოწმებლებს უნდა გამოეთვალათ საწარმოს გონივრული ნაშთი, რისთვისაც საჭირო იყო საწარმოს საკასო შემოსავლების და საკასო ხარჯების დათვლა, სადაც ასევე საკასო შემოსავლებსა და ხარჯში, დებულების თანახმად უნდა შესულიყო შემოსავალი რომელიც არაპირდაპირი მეთოდით იქნა გაანგარიშებული. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი განაწილებულია თვეების შემოსავლად და დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავლებს უნდა დამატებოდა სალაროს რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და ასევე საკასო ხარჯები, მიღებული ოდენობის 10% ჩაითვლებოდა გონივრულ ნაშთად. ამ მეთოდით გამოთვლილი გონივრული ნაშთი მნიშვნელოვნად აღემატება შემოწმებით გამოთვლილ გონივრულ ნაშთს. შესაბამისად გონივრული ნაშთის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, რაც არ მომხდარა შემმოწმებლების მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 22.05.2024 წლის №---------- წერილით ინფორმაცია, სადაც მომჩივნის არგუმენტზე მითითებულია შემდეგი:

საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ფაქტიური ნაშთი (5 966 ლარი) აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის შესაბამისად გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში (2021 წლის აპრილი). აღნიშნულ თვეში საკასო ხარჯები შეძენებზე არ ფიქსირდება - ყველა გადახდა განხორციელებულია საბანკო არხებით (დასტურდება საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო მონაცემებით), ასევე არ ფიქსირდება სხვა საკასო გადახდები (მ.შ. ხელფასებზე). რაც შეეხება შემოსავლებს, შემოწმების შედეგად (აქტის შემდგომი გადაანგარიშებების გათვალისწინებით) 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზაციის მოცულობამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა სულ 48 463 ლარი, საიდანაც დეკლარირებულმა ბრუნვამ (დღგის ჩათვლით) შეადგინა 36 885 ლარი (მ.შ. 20 368 ლარი ანაზღაურებულია საბანკო დაწესებულებების მიერ განვადების ხელშეკრულებების მიხედვით). შესაბამისად, ამ თვის არაპირდაპირი მეთოდით დადგენილმა ბრუნვამ შეადგინა 11 578 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული არგუმენტაცია არის უსაფუძვლო.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ფაქტიური ნაშთი (5 966 ლარი) აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის შესაბამისად გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში (2021 წლის აპრილი). აღნიშნულ თვეში საკასო ხარჯები შეძენებზე არ ფიქსირდება - ყველა გადახდა განხორციელებულია საბანკო არხებით (დასტურდება საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო მონაცემებით), ასევე არ ფიქსირდება სხვა საკასო გადახდები (მ.შ. ხელფასებზე). რაც შეეხება შემოსავლებს, შემოწმების შედეგად (აქტის შემდგომი გადაანგარიშებების გათვალისწინებით) 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზაციის მოცულობამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა სულ 48 463 ლარი, საიდანაც დეკლარირებულმა ბრუნვამ (დღგის ჩათვლით) შეადგინა 36 885 ლარი (მ.შ. 20 368 ლარი ანაზღაურებულია საბანკო დაწესებულებების მიერ განვადების ხელშეკრულებების მიხედვით). შესაბამისად, ამ თვის არაპირდაპირი მეთოდით დადგენილმა ბრუნვამ შეადგინა 11 578 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული არგუმენტაცია არის უსაფუძვლო.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 275; 304(21).