ბრძანება N 28865

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.12.2025
№ დოკუმენტი 28865
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28865

30 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2025 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის და 11 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №98 და №103) განიხილა შპს ,,------“(ს/ნ ------) 2025 წლის 21 ნოემბრის №98981/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №021-109 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმეbა პროგრამა „------“ შემოწმების მიერ საბუღალტრო პროგრამის კვალიფიკაციას და აღნიშნული პროგრამის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. აცხადებს, რომ ფინა არის სასაწყობე პროგრამა, რომელიც ემსახურება მხოლოდ მარაგების რაოდენობრივ აღრიცხვას. განმარტავს, რომ მისი ბუღალტრული პროგრამა ორისია, სადაც ინფორმაცია მიეწოდება მყისიერად და ზუსტად, ბუღალტრული პროგრამა ----“ და საბანკო ამონაწერები ზუსტად ასახავს კომპანიის შემოსავლებს. აცხადებს, რომ „-----“ „ნაღდად“ აღრიცხული თანხების დიდი ნაწილი რეალურად წარმოადგენს ტერმინალით მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, აუდიტორმა ერთი და იგივე შემოსავალი დაბეგრა ორჯერ — ერთხელ როგორც „------“ ნაღდი შემოსავალი და მეორედ, როგორც საბანკო ამონაწერი. ითხოვს წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, გადაანგარიშების განხორციელებას კომპანიის ბუღალტრული პროგრამა „-----“ და ფაქტობრივი საბანკო ამონაწერების საფუძველზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას. საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ საწარმოს გააჩნია დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება და ითხოვს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხის ვალდებულების შემცირებად გადაკვალიფიცირებას და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.

3. გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე მოითხოვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13143 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 ოქტომბრის №23514 ბრძანება და ამავე თარიღის №021-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 727 957 ლარი, მათ შორის გადასახადი 435 426 ლარი, ჯარიმა 235 226 ლარი და საურავი 57 305 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,----“ (ს/ნ -----) ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ტყავეულითა და სხვა სახის ქსოვილებით ვაჭრობა. შემოწმების საწყის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, მოგვიანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში გამოიკვეთა, რომ საწარმოს ჰქონდა სასაწყობე პროგრამა - ------. პროგრამები ერთმანეთთან არ მოდიოდა შესაბამისობაში, კერძოდ, სასაწყობე პროგრამაში რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (ნაღდი ანგარიშისწორების გზით) აღემატებოდა ორისის ბაზებში აღწერილ მონაცემებს. ფინას პროგრამაში ასახული მონაცემები შედარებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ ზედნადებებს (ზედნადების კომენტარის ველში მითითებული იყო ანგარიშსწორების ფორმა), რის შედეგადაც დადგინდა ფინას საბუღალტრო პრორგრამაში მითითებული მონაცემების მართებულობა. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საბუღალტრო პროგრამა- ფინას მონაცემებით, რომლის მიხედვითაც დაადგინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა - პროგრამით აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლისგან, რომელსაც დაემატა ბანკში ჩარიცხული თანხები და ტერმინალის გზით ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტერიაში აღრიცხული რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, დეკლარირებულ მონაცემებსა და ბუღალტერიაში აღრიცხულ გატარებებს შორის გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა დაბეგვრას, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების პროცესში გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად კორექტირებას დაექვემდებარა საწარმოს შემოსავლები, კერძოდ, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე აქვს უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენს 517 726 ლარს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს აღნიშნულ არარეზიდენტთან უფიქსირდებოდა საწყისი დავალიანებაც, შემოდგომ 2022 წელს აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც პროდუქციის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, 2022 წლიდან დებიტორული დავალიანების ნაშთი უძრავადაა. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებითა და 2024 წლის 29 ოქტომბრის N23106 ბრძანებით ცვლილების შეტანის შესახებ დამტკიცებული მეთოდური მითითებით - ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საწარმოს მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საბუღალტრო პროგრამა-ფინას მონაცემებით, რომლის მიხედვითაც დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა პროგრამით აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლისგან, რომელსაც დაემატა ბანკში ჩარიცხული თანხები და ტერმინალის გზით ანგარიშსწორება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, რაც გაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება პროგრამა ,,----" შემოწმების მიერ საბუღალტრო პროგრამის კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ ფინა არის სასაწყობე პროგრამა, რომელიც ემსახურება მხოლოდ მარაგების რაოდენობრივ აღრიცხვას, აუდიტორი დაეყრდნო ფინას პროგრამაში რეალიზაციის დროს ,,კომენტარის ველში" მითითებულ ჩანაწერს (ნაღდი/უნაღდო), რაც არასწორია, აღნიშნული ველი სასაწყობე პროგრამაში სავალდებულო არ არის და მას ოპერატორები ავსებენ არა სისტემატიურად, ხშირად მცდარად, რადგან მათი მთავარი ფუნქცია საქონლის გაცემაა და არა გადახდის მეთოდის ფიქსაცია. აცხადებს, რომ მათი ბუღალტრული პროგრამა ორისია, სადაც ინფორმაცია მიეწოდება მყისიერად და ზუსტად. განმარტავს, რომ ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ და საბანკო ამონაწერები ზუსტად ასახავს კომპანიის შემოსავლებს. „----“ წარმოადგენს მხოლოდ სასაწყობე პროგრამას, რომლის ფინანსური ველები არ არის სანდო, რაც დასტურდება უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლების დრამატული აცდენით რეალურ საბანკო ბრუნვასთან. აცხადებს, რომ ფინას“ ფინანსური მონაცემების არასანდოობა დასტურდება მარტივი მათემატიკური შედარებით, რაც აუდიტორმა უგულებელყო, „-----“ მონაცემებით უნაღდო რეალიზაცია შეადგენს 646 861 ლარს, ფაქტობრივი მონაცემებით (ბანკი + ტერმინალი) უნაღდო ანგარიშსწორება შეადგენს 1 072 198 ლარს. აღნიშნული რადიკალური ცდომილება (განსხვავება 400 000 ლარზე მეტი) ცალსახად ადასტურებს, რომ „------“ გადახდის მეთოდების აღრიცხვა არ არის გამართული. თუ პროგრამა „ტყუის“ უნაღდო ანგარიშსწორების ნაწილში, ლოგიკურია და გონივრული, რომ ის მცდარია „ნაღდი ანგარიშსწორების“ ნაწილშიც. მაღალი ალბათობით, ის თანხები, რომლებიც „-----“ მონიშნულია როგორც „ნაღდი“ (ან არ აქვს მითითება) რეალურად წარმოადგენს ტერმინალით გადახდილ თანხებს. ასევე აცხადებს, რომ ელექტრონული ზედნადებების ანალიზი აუდიტორის პოზიციას არ ამყარებს, ზედნადებების ანალიზით დგინდება, რომ დაახლოებით 10 ზედნადებს აქვს შენიშვნაში მითითებული „ნაღდი“. ზედნადებების 50%-ს უწერია „უნაღდო/ტერმინალი“, ხოლო 50%-ს საერთოდ არ აქვს მითითება. აუდიტორმა კი იხელმძღვანელა არა ოფიციალური დოკუმენტებით (ზედნადებებით), არამედ დამხმარე პროგრამის („ფინა“) არაავთენტური ჩანაწერებით. აცხადებს, რომ აუდიტორმა დაბეგვრის ბაზის განსაზღვრისას გამოიყენა „------“ „ნაღდად“ მონიშნული თანხა (1 717 665 ლარი) და მას მექანიკურად დაუმატა ბანკში ჩარიცხული და ტერმინალით მიღებული თანხები. გამომდინარე იქიდან, რომ „ფინაში“ გადახდის მეთოდები არეულია, „ნაღდად“ აღრიცხული თანხების დიდი ნაწილი რეალურად წარმოადგენს ტერმინალით მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, აუდიტორმა ერთი და იგივე შემოსავალი დაბეგრა ორჯერ — ერთხელ როგორც „-----“ ნაღდი შემოსავალი და მეორედ, როგორც საბანკო ამონაწერი. ითხოვს წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, გადაანგარიშების განხორციელებას კომპანიის ბუღალტრული პროგრამა „----“ და ფაქტობრივი საბანკო ამონაწერების საფუძველზე.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე უფიქსირდება უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენს 517 726 ლარს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს აღნიშნულ არარეზიდენტთან უფიქსირდებოდა საწყისი დავალიანებაც, შემოდგომ 2022 წელს აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხული ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც პროდუქციის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. შემოწმებით, მეთოდური მითითების მოთხოვნების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს პირველი და მე-2 სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმეbა პროგრამა „ფინას“ შემოწმების მიერ საბუღალტრო პროგრამის კვალიფიკაციას და აღნიშნული პროგრამის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებით, სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობას წარმოადგენს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ტყავეულითა და სხვა სახის ქსოვილებით ვაჭრობა.

შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტერიაში აღრიცხული რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, დეკლარირებულ მონაცემებსა და ბუღალტერიაში აღრიცხულ გატარებებს შორის გამოვლენილი სხვაობა, დაექვემდებარა დაბეგვრას, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და

განსაზღვრული ჯარიმა. შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა. ასევე საწარმოს მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად,საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;160;275;101;154;